6 და 7 ოქტომბერს სოხუმის დრამატული თეატრის სცენაზე სპექტაკლის „უეცრად, გასულ ზაფხულს” პრემიერა შედგება. წარმოდგენა ტენესი უილიამსის ამავე სახელწოდების პიესის მიხედვით საქართველოში პირველად დაიდგა. სპექტაკლის რეჟისორია ჯეისონ ჰეილი, რომელიც სპეციალური მოწვევით ამერიკიდან ჩამოვიდა. რეჟისორი სოხუმის თეატრს გასულ წელსაც სტუმრობდა. მაშინ ჯეისონ ჰეილიმ ქართველ არტისტებთან სამსახიობო იმპროვიზაციის ვორკშოპი ჩაატარა.
ჯეისონ ჰეილი – რეჟისორი:
„ეს ჩემი მესამე ვიზიტია საქართველოში. პირველი ვიზიტის დროს, როცა ვორკშოპი ჩავატარე, გაჩნდა იდეა, რომ სოხუმის თეატრში სპექტაკლი დამედგა. მერე ვიფიქრეთ, რომ ეს ყოფილიყო ტენესი უილიამსი. შემდეგ კი უკვე ამ კონკრეტულ პიესაზე შევთანხმდით. საკმაოდ რთული პიესაა, მაგრამ ამავე დროს ძალიან პოეტური და ლირიკული. სხვათა შორის, არც ისე ხშირად იდგმება. შესაძლოა აშინებთ კიდეც მსახიობებსა და რეჟისორებს, რადგან განსაკუთრებით დიდი მონოლოგებია და ეს საკმაოდ დიდი გამოწვევაა. ჩვენ თითქმის 4 კვირა მხოლოდ სამაგიდო რეპეტიციები გვქონდა, სანამ სცენაზე დავდგებოდით.
ტენესი უილიამსი ყველამ იცის, მაგრამ ვფიქრობ, რომ ქართველი მაყურებლისთვის ეს სპექტაკლი მაინც უნიკალური გამოცდილება იქნება. ჯერ ერთი, რომ ეს პიესა აქამდე არც დადგმულა. მეორე, რაც სპექტაკლს გამოარჩევს არის ის, რომ სრულიად ტექსტზეა დაფუძნებული, მონოლოგებია, რაც მაყურებლის დიდ ყურადღებას მოითხოვს. აქ არ არის ბევრი მოქმედება, უფრო რეალისტურია.”
პიესა ფსიქოლოგიური დრამაა. მოქმედება 1930-იანი წლების ნიუ ორლეანში ვითარდება. მდიდარი ქვრივი ქალბატონი სახლში ექიმს პატიჟებს და მას თავისი ვაჟის, სებასტიანის შესახებ უყვება, რომელიც გასულ ზაფხულს უეცრად გაურკვეველ ვითარებაში გარდაიცვალა. ქალი ექიმს სთხოვს, ლობოტომია გაუკეთოს მის ნათესავ გოგონას, რომელიც სებასტიანის სიკვდილის ერთადერთი მოწმეა. გოგონა კი იმ სიმართლეს ჰყვება, რომლის მოსმენაც არავის სურს.
ანა ნიკოლაშვილი – მეორე რეჟისორი:
„ძალიან ფრთხილი მიდგომა დაგვჭირდა ტექსტთან და ძალიან დიდხანს ვიმუშავეთ თარგმანზე, რომ უფრო მისაღები ყოფილიყო როგორც მსახიობისთვის სამუშაოდ, ასევე მაყურებლისთვის აღსაქმელად. ამავე დროს მაქსიმალურად ვეცადეთ, რომ ტექსტის პოეტურობაც შეგვენარჩუნებინა. ტენესი უილიამსის თამაში საოცნებოა მსახიობისთვის, რადგან მას აქვს ღრმა ფსიქოლოგიური ნაწარმოებები ძალიან მრავალმხრივი პერსონაჟებით.
ამ კონკრეტულ სპექტაკლში გამოწვევა არის ისიც, რომ ამბის თხრობა ხდება გმირების მიერ გადმოცემული უხილავი ისტორიებით. ანუ ის მოვლენები და გარემოებები, რომლებიც მთავარია და ამბავს გვიყვება, ეს ყველაფერი სცენის მიღმა ხდება. ამიტომ აქ არის სცენები, როცა მსახიობს მთავარი მოვლენა სცენაზე შემოაქვს არა გათამაშებით, არამედ მოყოლით. აი, ასეთი განსხვავებული მიდგომა კიდევ უფრო საინტერესოს ხდის მთელ ამ პროცესს.”
ტექსტობრივ მხარეზე ორიენტირებული სპექტაკლი მინიმალურად არის დატვირთული მუსიკალური და ვიზუალური ეფექტებით. მთელი წარმოდგენის განმავლობაში მოქმედება ერთ ლოკაციაზე ვითარდება, რომლის დეკორაციაზეც მხატვარმა პიოტრ ვოზნესენსკიმ იმუშავა. სპექტაკლი გაფორმებულია სხვადასხვა საერთაშორისო მუსიკოსის ნაწარმოებებით. მათ შორისაა ცოტნე ზედგინიძის „იავნანაც”. მუსიკალურ მხარეზე ერთობლივად იზრუნეს ჯეისონ ჰეილიმ და დავით საყვარელიძემ.
დავით საყვარელიძე – სოხუმის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი:
„ჩვენ გვაქვს აღებული საერთაშორისო გეზი და ჩვენს თეატრში ვიწვევთ საერთაშორისო მასშტაბით აღიარებულ რეჟისორებს. ამჯერად გვეწვია ჯეისონ ჰეილი, რითაც ჩვენ დავიწყეთ ამერიკული მიმართულებით განვითარება. თვითონ პროექტიც მთლიანად დაფინანსებულია აშშ-ის საელჩოს მიერ. სოხუმის თეატრში პრემიერის შემდეგ კი, უკვე აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის თავმჯდომარის რუსლან აბაშიძის დამსახურებით, ჩვენ მივფრინავთ თურქეთში, სტამბოლის საერთაშორისო თეატრალურ ფესტივალზე, რომელიც ერთ-ერთი საუკეთესო და პრესტიჟული ფესტივალია. მომავალ წელს კი ამ სპექტაკლს ვითამაშებთ თავად ტენესი უილიამსის სახლში, პროვინსთაუნში, სადაც იგი ცხოვრობდა. იქ იმართება ტენესი უილიამსის საერთაშორისო ფესტივალი და მასში ჩვენი დასიც მიიღებს მონაწილეობას. 26 სექტემბერს ჩავფრინდებით და ასეთი გეგმა გვაქვს, რომ 27 სექტემბერს, სოხუმის დაცემის დღეს ვითამაშოთ ეს სპექტაკლი. ეს ჩვენთვის უდიდესი მოვლენაა.”
სპექტაკლის „უეცრად, გასულ ზაფხულს” ბილეთების შეძენა შესაძლებელია ბმულზე.