28 ოქტომბერს „რესპუბლიკას“ საკონცერტო სივრცეში ინგლისური ბენდი, არაერთი ჰიტისა და მილიონობით გაყიდული ჩანაწერის ავტორი – The Brand New Heavies ქართველი მსმენელის წინაშე წარდგა. მუსიკალურმა კოლექტივმა აუდიტორიას ენერგიული და დინამიკური მუსიკალური პერფორმანსი შესთავაზა.
The Brand New Heavies-ის ჟანრობრივი მიმართულება ეისიდ-ჯაზი და ფანკია. ჯგუფი მუსიკალურ სცენაზე 1985 წლიდან გამოჩნდა. ბენდი საიმონ ბართოლომიუმ და ენდრიუ ლივიმ ლონდონში ჩამოაყალიბეს. მუსიკოსები დაარსებიდან დღემდე The Brand New Heavies-ის მთავარი წევრები არიან და 2018 წლიდან ვოკალისტ ანჯელა რიჩისთან ერთად მოღვაწეობენ.
ჯგუფის ალბომები Heavy Rhyme Experience, Vol. 1 და Brother Sister შესულია Billboard-ის 200 ალბომის ჩარტში. ბენდის ჰიტები Hot 100-სა და R&B/Hip-Hop ჩარტებშიც მოხვდა. The Brand New Heavies სხვადასხვა დროს ნომინირებული იყო Brit Awards-სა და MTV-ის მუსიკალური ვიდეოების დაჯილდოებაზე.
კონცერტის საღამოს „Billboard საქართველო“ ბენდის თანადამფუძნებელ წევრს, საიმონ ბართოლომიუს ესაუბრა.
საიმონ ბართოლომიუ, The Brand New Heavies:
„ჩვენ მრავალფეროვანი აუდიტორია გვყავს. გვისმენენ როგორც ახალგაზრდები, ასევე უფროსი თაობის წარმომადგენლები. კონცერტის დროს ამ მრავალფეროვნების სცენიდან დანახვა ძალიან სასიამოვნოა. მუსიკის შექმნა პერსონალური პროცესია. ლაივი კი სრულიად განსხვავდება ამისგან, თუმცა არტისტისათვის ორივე სასიამოვნო მდგომარეობაა. კონცერტზე აუდიტორიას ეკონტაქტები და ბედნიერი ვარ, რომ დღეს ქართველ მსმენელს ვხვდებით.“
The Brand New Heavies-ის მრავალწლიანი მუსიკალური შემოქმედების განმავლობაში ინდუსტრია მნიშვნელოვნად შეიცვალა. როგორც საიმონ ბართოლომიუ აღნიშნავს, ადრე მუსიკალური სამყარო მეტად ხელშესახები და სიმბოლური მნიშვნელობებით დატვირთული სფერო იყო, რაც თანამედროვე ციფრულმა ეპოქამ შეცვალა.
საიმონ ბართოლომიუ, The Brand New Heavies:
„ადრე ჩანაწერები ფიზიკური დისკების და ფირფიტების სახით გამოდიოდა. ყოველი ახალი ალბომის გამოცემის შემდეგ, მუსიკოსები ტურნეებში მოგზაურობდნენ, რათა ახალი ჩანაწერები გაეყიდათ. ახლა ყველაფერი ციფრულ პლატფორმებზეა. მსმენელებს შეუძლიათ შენი ახალი ტრეკი გამოცემიდან რამდენიმე წამში მოისმინონ. შემოქმედებითმა პროცესმაც, არც თუ იშვიათ შემთხვევებში, რეალური ინსტრუმენტებიდან პროგრამებში გადაინაცვლა. ყველა მუსიკოსს ვურჩევდი, რომ მუსიკის შექმნისას ფიზიკური ინსტრუმენტები მეტად გამოიყენონ, ჩამოაყალიბონ ბენდები, დაუმეგობრდნენ კოლეგებს – ასე მათი მოღვაწეობა შრომატევადი, თუმცა ამავდროულად სახალისო და ცოცხალი პროცესი იქნება.“
The Brand New Heavies-მა „რესპუბლიკაში“ გამართულ კონცერტზე არაერთი ჰიტი შეასრულა, მათ შორის არის – Dream On Dreamer, Back To Love, Midnight At The Oasis, Sometimes და სხვები.
მოუსმინეთ The Brand New Heavies-ის სიმღერას – Midnight At The Oasis: