ცნობილი უკრაინული როკ-ჯგუფი Okean Elzy თბილისს უკრაინა-რუსეთის ომის დაწყების შემდეგ უკვე მესამედ ესტუმრა. პირველი კონცერტი ბენდს Tbilisi Open Air-ის ფარგლებში 2022 წელს უკრაინა-რუსეთის ომის დაწყების წელს ჰქონდა. წელს ბენდმა ორი კონცერტი 17-18 აგვისტოს, ბათუმში „სთეიჯ 17“ – ში გამართა. 2024 წელს Tbilisi Open Air თხუთმეტი წლის ხდება. ამ თარიღთან დაკავშირებით, TOA15-ს კამპანიის ფარგლებში, პირველი ღონისძიება სწორედ Okean Elzy-ის კონცერტია. ჯგუფი 3 ნოემბერს, Factory Tbilisi-ს სცენაზე ქართველი და უკრაინელი მსმენელის წინაშე წარდგა.
კონცერტის დაწყებამდე სვიატოსლავ ვაკარჩუკი თბილისში უკრაინულ სახლს ესტუმრა და უკრაინელ დიასპორას შეხვდა: „ჩემთვის ნამდვილი დღესასწაულია ამდენი თანამემამულის ნახვა აქ, თბილისში. დიდი მადლობა საქართველოში მცხოვრებ უკრაინელებს ყველაფრისთვის, რასაც აკეთებთ. მინდა განსაკუთრებული მადლობა ვუთხრა ქართველ ხალხს უკრაინის მხარდაჭერისთვის ომის დაწყების პირველივე დღიდან. ჩვენ ამ მხარდაჭერას მუდმივად ვგრძნობთ ყველაფერში: ქუჩაში, ადამიანების ღიმილში, ყოველდღიურ საქმეებში. დიდი მადლობა, საქართველო!“ – თქვა ვაკარჩუკმა სიტყვით გამოსვლისას.
Okean Elzy-ის სოლისტი სვიატოსლავ ვაკარჩუკი უკრაინული არმიის ლეიტენანტის წოდებასაც ატარებს და უკრაინაში ომის დაწყებიდან ჰუმანიტარულ მისიებში აქტიურად მონაწილეობს.
Factory Tbilisi-ში 3 ნოემბრის საღამო ჯგუფმა „მწვანე ოთახმა“ გახსნა, სადაც ბენდის ცნობილი ჰიტები და ქავერ სიმღერები შესრულდა.
აჩიკო გულედანი – Tbilisi Open Air/AlterVision-ის აღმასრულებელი დირექტორი.
„პირველად Okean ELzy თბილისში ფესტივალის ფარგლებში ჩამოვიდა, ვიმუშავეთ ერთად. ეს არამარტო მუსიკალური კუთხით არის მნიშვნელოვანი, არამედ იმ კონტექსტში რაც არის დღეს, რაც ხდება მსოფლიოში, ამ ომის გათვალისწინებით. ბათუმშიც იმყოფებოდა Okean ELzy და ახლა უკვე თბილისში. ძალიან დიდი ინტერესია როგორც ყოველთვის და განსაკუთრებული მნიშვნელობის ღონისძიებაა ჩვენთვის, იმიტომ, რომ კიდევ ერთხელ ვიძახი, ამას მხოლოდ მუსიკალური დატვირთვა არ აქვს, რადგან ეს ხალხი ეს ადამიანები ყოველთვის ცდილობენ დაეხმარონ საკუთარ ქვეყანას. გვიხარია, რომ ვთანამშრომლობთ და იმედი გვაქვს, რომ ძალიან მალე ყველაფერი გამარჯვებით დასრულდება.“
სვიატოსლავ ვაკარჩუკი – Okean Elzy-ის სოლისტი
„პირველ რიგში მინდა ვთქვა, რომ მე და ჩემი ბენდი Okean Elzy-ძალიან მოხარულები ვართ, რომ ვიმყოფებით აქ, თბილისში. შემიძლია ვთქვა, რომ ის ღრმა მხარდაჭერა ქართველი ხალის უკრაინის მიმართ ძალიან ბევრს ნიშნავს. დიდი მადლობა საქართველო – ეს პირველ რიგში, მეორე მხრივ, ყოველთვის ძალიან სასიამოვნოა, როცა საქართველოში ვუკრავ. ომის დაწყების შემდეგ, ეს უკვე, ჩვენი საქართველოში მესამე პერფორმანსი იქნება. პირველი გასულ წელს, ფესტივალის ფარგლებში იყო, შემდეგ ბათუმში და დღეს თბილისში. ბედნიერები ვართ, გვიყვარს აქ დაკვრა და ვიცით, რომ ქართველებსაც მოსწონთ ჩვენი სიმღერა. ყველაზე მნიშვნელოვანი ის არის, რომ ჩვენ ერთად ძალიან დიდ საქმეს ვაკეთებთ, რადგან ეს კონცერტი უკრაინის დახმარებას ეძღვნება. ეს არის ჩვენი მორალური მხარდაჭერაც. თანხა რაც კონცერტზე გროვდება უკრაინის დასახმარებლად და უკრაინის მებრძოლების დასახმარებლად გადაირიცხება. უკანასკნელი რამ რაც მინდა ვთქვა, არის ის, რომ არ აქვს მნიშვნელობა როგორი რთული სიტუაციაა უკრაინაში, დარწმუნებული იყავით, რომ ჩვენ ომს მოვიგებთ, დემოკრატია და თავისუფალი მსოფლიო გაიმარჯვებს.“
კონცერტს ქართველ მსმენელთან ერთად უამრავი უკრაინელი ესწრებოდა. Okean Elzy-ის სიმღერებს აუდიტორია ერთხმად მღეროდა, რაც ემოციურ მუხტს და განწყობას ქმნიდა. სვიატოსლავ ვაკარჩუკმა აუდიტორიას მიმართა:
„საოცარი როკ-კონცერტია, მადლობა თქვენი მხარდაჭერისთვის, ყველაზე მნიშვნელოვანი ის კი არ არის, რომ ამ საღამოს გვიჭერთ მხარს, არამედ ის, რომ ქართველი ხალხი ყოველთვის უკრაინის გვერდით დგას, მადლობა ამისთვის.“