მაიკლ ჯექსონის ბიოგრაფიული ფილმის მსოფლიო პრემიერის თარიღი ცნობილია. ფილმი Michael 2025 წლის 18 აპრილს გამოვა.
პროექტს ამერიკული კინომწარმოებელი კომპანია Lionsgate ახორციელებს. მაიკლ ჯექსონის როლს ფილმში თავად მომღერლის ძმისშვილი ჯაფარ ჯექსონი შეასრულებს.
ფილმის პროდიუსერია გრეჰემ კინგი, რომლის ანგარიშზეა ოსკაროსანი Bohemian Rhapsody. ფილმის პროდიუსერები იქნებიან ასევე მაიკლ ჯექსონის მემკვიდრეობის აღმასრულებლები ჯონ ბრანკა და ჯონ მაკლეინი.
Lionsgate-ის მიხედვით, ფილმი ჯექსონის ცხოვრების ყველა ასპექტს დაფარავს. თუმცა ამ ეტაპზე უცნობია, როგორ ან საერთოდ, შეეხება თუ არა ფილმი იმ სადავო თემებს, რომლებიც პოპის მეფის ცხოვრებაში იყო. მით უმეტეს, თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ ფილმი ჯექსონის მემკვიდრეობის წარმომადგენლებთან ერთად კეთდება, რომლებიც იცავდნენ მომღერალს ბავშვებზე სექსუალური ძალადობის ბრალდებების საპასუხოდ. ბრალდებები საჯარო განხილვის საგნად კიდევ ერთხელ აქცია HBO-ს 2019 წლის დოკუმენტურმა ფილმმა Leaving Neverland.
ფილმ Michael-ის აღწერაში ვკითხულობთ: „ფილმი მაყურებელს ანახებს საინტერესო და გულწრფელ პორტრეტს საოცარი, მაგრამ ამავე დროს რთული კაცის, რომელიც პოპის მეფე გახდა. ფილმი წარმოაჩენს მის ტრიუმფებსა და ტრაგედიებს – დაწყებული მისი ადამიანური მხარითა და პირადი ბრძოლებით, დასრულებული მისი უდავო კრეატიული გენიით, რისი მაგალითებიც მისი საკულტო წარმოდგენებია. ისე, როგორც არასდროს, მაყურებელი შიგნიდან დაინახავს ერთ-ერთ ყველაზე გავლენიან და ინოვატორ არტისტს, ვინც კი მსოფლიოს უნახავს.”