ჯონი მიტჩელი პირველად იმღერებს გრემის დაჯილდოებაზე, რომელიც 4 თებერვალს გაიმართება. Რაც არ უნდა გასაკვირი იყოს, მიტჩელი აქამდე არასდროს ყოფილა გრემის გამომსვლელი, მიუხედავად იმისა, რომ 50 წელზე მეტია, რაც აქტიურადაა დაკავშირებული დაჯილდოების ცერემონიასთან. ჯამში მოპოვებული ცხრა გრემის ჯილდოდან პირველი მიტჩელმა 1970 წელს მოიგო.
წელს კი ლეგენდარულ მუსიკოსს შანსი აქვს, მეათედ გახდეს გრემის მფლობელი საუკეთესო ფოლკ ალბომის კატეგორიაში ალბომისთვის Joni Mitchell at Newport [Live]. პირველი გრემი მან 54 წლის წინ ასევე ფოლკ კატეგორიაში მოიპოვა (საუკეთესო ფოლკ შესრულება).
მიტჩელი მეცხრე გამომსვლელია, რომელიც წლევანდელ გრემიზე დაანონსდა. ესენი არიან ოლივია როდრიგო, ბილი აილიში, დუა ლიპა, U2, ბილი ჯოელი, Burna Boy, ტრევის სკოტი, ლუკ კომბსი და ახლა უკვე ჯონი მიტჩელი. ცერემონიის სხვა მონაწილეების ვინაობა მომავალ დღეებში გახდება ცნობილი.
ამ გამომსვლელებიდან მიტჩელი მეოთხეა, რომელსაც წლის ალბომის ნომინაციაში აქვს მოპოვებული გრემი ბილი ჯოელის , U2-ს და ბილი აილიშის შემდეგ. თუმცა გასაკვირია, თუ რომელი ალბომისთვის ხვდა წილად მიტჩელს ეს ჯილდო. ეს არ არის მისი 1971 წლის Blue (რომელიც, ყველას გასაკვირად, არც კი ყოფილა წარდგენილი რომელიმე კატეგორიაში), ან 1974 წლის Court and Spark (რომელიც წარდგენილი იყო წლის ალბომის ნომინაციაში), არამედ ეს ალბომი იყო ჰერბი ჰენკოკის მიძღვნა ჯონი მიტჩელისადმი – River: The Joni Letters. მიტჩელმა გრემი მოიგო, როგორც ალბომის მოწვეულმა არტისტმა.
დაჯილდოების ცერემონიას უკვე ზედიზედ მეოთხე წელია, ტრევორ ნოა გაუძღვება. აღსანიშნავია, რომ იგი თავადაც არის გრემის ნომინანტი საუკეთესო კომედიური ალბომის ნომინაციაში ალბომისთვის I Wish You Would. Queen Latifah-ს შემდეგ ნოა პირველი გრემის წამყვანია, რომელიც იმავე წელს თავადვეა ნომინირებული.
გრემის 66-ე დაჯილდოება კვირას, 4 თებერვალს შედგება.