Manana – ქართველი მუსიკოსი, რომელმაც 12 გრემის მფლობელ პროდიუსერთან ითანამშრომლა

არტისტმა გრემის მფლობელ პროდიუსერთან, ჯეი ნიულენდთან თანამშრომლობით, სადებიუტო ალბომი – She Moves გამოსცა.

მანანა მამულაშვილი, სასცენო სახელით Manana, ქართველი მომღერალი და სიმღერების ავტორია, რომელიც ამჟამად ნიუ იორკში მოღვაწეობს. ახლახან მან 12 გრემის მფლობელ პროდიუსერთან, ჯეი ნიულენდთან თანამშრომლობით, სადებიუტო ალბომი, She Moves, გამოსცა. ჯეი ნიულენდთან თანამშრომლობა Manana-ს მუსიკალური კარიერისათვის მნიშვნელოვანი მოვლენაა, რამდენადაც ნიულენდმა სხვადასხვა დროს ისეთ შემსრულებლებთან იმუშავა, როგორებიც ეტა ჯეიმსი და ნორა ჯონსი არიან. 

Manana წლების წინ საქართველოდან ლონდონში წავიდა საცხოვრებლად. შემდეგ კი ნიუ იორკში გადავიდა, რათა მუსიკალურ შემოქმედებასთან დაკავშირებული მიზნებისათვის მიეღწია.  

„Billboard საქართველომ” მანანა მამულაშვილთან ინტერვიუ ჩაწერა, რომელშიც მუსიკოსმა თავისი შემოქმედების საწყის ეტაპზე, მის შემდგომ განვითარებასა და კარიერის განმსაზღვრელ მომენტებზე ისაუბრა.

Manana (მანანა მამულაშვილი):

„ბავშვობიდან დედაჩემის და მამაჩემის დისკებს ვუსმენდი. ჟანრობრივად მრავალფეროვან მუსიკას ვეცნობოდი  – ჯაზიდან დაწყებული, კლასიკური როკით და ბოსა ნოვათი გაგრძელებული. რა თქმა უნდა, ვუსმენდი ქართული მუსიკასაც. მახსოვს, დედაჩემმა პირველად რომ  წამიყვანა დისკების მაღაზიაში და The Beatles-ის კრებული მიყიდა. მაშინ თბილისში სტუდიური ალბომის ჩანაწერები გამოცემის ავთენტური ფორმით არ იყიდებოდა. ეს იყო დისკი, რომელიც ჯგუფის ჰიტებს აერთიანებდა. მახსოვს, პირველად რომ მოვუსმინე სიმღერას Yesterday, თითქოს რაღაც მისტიკურ ადგილას წამიყვანა. მოგვიანებით, ინგლისში ცხოვრების დროს, პირველად დავიწყე მუსიკის წერა და იმაზე ფიქრი, რომ შეიძლებოდა, მართლა მუსიკოსი გავმხდარიყავი. მივხვდი, რომ მუსიკა ყოველთვის ჩემი ნაწილი იყო და ამ ყველაფრის დავიწყება არ შეიძლებოდა. შემდეგ იყო ამერიკა, სადაც ქანთრის მუსიკოსებს ვუსმენდი და მათთან ვმუშაობდი. ამ პროცესში მუსიკალური ჟანრის ეს გავლენებიც თავისთავად გახდა იმის ნაწილი, რასაც ახლა ვაკეთებ.”

Manana

როგორც მანანა აღნიშნავს, ნებისმიერ სფეროში საკუთარი  თავის დამკვიდრება პიროვნულ ზრდასთან დაკავშირებული, ერთგვარად მტკივნეული პროცესია. იგივე ხდება, როცა საქმე მუსიკას ეხება. როგორც არტისტი ამბობს, საერთაშორისო მუსიკალურ ინდუსტრიაში თავის დასამკვიდრებლად შესაბამისი უნარები და გარემოებები არსებობს, რომლებსაც არტისტის მომავლის განსაზღვრა შეუძლია. 

Manana: 

„შესაძლებლობის გაჩენისთანავე მზად უნდა იყო იმისთვის, რომ შენი თავი საუკეთესოდ წარმოაჩინო. უნდა წერო, იმღერო და დაუკრა ყველგან, სადაც შესაძლებელია. დაუკავშირდე მუსიკოსებს, მათთან ითანამშრომლო. მნიშვნელოვანია, გაიცნო ინდუსტრიის სხვა წარმომადგენლებიც და მათ შენი თავი შესაბამისად წარუდგინო. საბოლოდ კი, ვფიქრობ, ყველაზე მნიშვნელოვანი საკუთარ თავსა და საქმეში რწმენაა.”

Manana-ს სადებიუტო ალბომი She Moves ჟანრობრივად მრავალფეროვანია. მასში 11 სინგლია შესული. აქედან 5 ორიგინალური სიმღერაა,  6  – ქავერი.


Manana:

„ალბომის მოსმენისას, 60-იანი და 70-იანი წლების პოპ მუსიკა გაგახსენდებათ. ალბომში შესულია პოლ მაკარტნის სიმღერის-  This Never Happened Before ქავერი. ასევე ალბომი მოიცავს ისეთი სიმღერის ჩემებურ ვერსიებს,  როგორებიც არის ბერტ ბაკარაქის ულამაზესი სიმღერა This Girl’s in Love With You და ქანთრის ჟანრის სიმღერა Passionate Kisses. ალბომი საკმაოდ ეკლექტიკური მიქსია და რაღაც ვინტაჟური, რეტრო შეგრძნების მატარებელია.”

ბუნებრივია, „Billboard საქართველო” პროდიუსერ ჯეი ნიულენდთან თანამშრომლობით დაინტერესდა. როგორც მანანა ჩვენთან საუბრისას იხსენებს, შეხვედრა ნიულენდის მენეჯერის მეშვეობით გახდა შესაძლებელი. 

„ჯეი დიდი მუსიკოსი და დიდი პროდიუსერია, რომელიც ინდუსტრიაში უდიდეს სახელებთან თანამშრომლობდა. ასეთ ადამიანთან არათუ მუშაობა, საუბარიც ვერ წარმომედგინა. როდესაც ჯეიმ ჩათვალა, რომ შესაძლებელი იყო, ალბომი ერთად ჩაგვეწერა, ეს ჩემი მუსიკალური და პროფესიული ცხოვრების ყველაზე მნიშვნელოვანი მომენტი იყო. როცა ასეთი გამოცდილების, მიღწევებისა და ცოდნის პროფესიონალი შენში ირწმუნებს, იძულებული ხდები, შენც ირწმუნო საკუთარი თავის და იმ პოტენციალის რეალიზება სცადო, რომელიც ამ ადამიანმა შენში დაინახა. ჩემი ცხოვრება იმ დღიდან სრულიად შეიცვალა. შეიცვალა მიდგომა მუსიკასთან, მომავალთან და საკუთარ თავთან. ასეთ ადამიანთან მუშაობა ჩემთვის დიდი წარმატება და ასევე უზარმაზარი პასუხისმგებლობაა.”

Manana

გარდა ალბომის ჩაწერისა, მანანას მუსიკალური კარიერა არაერთ მნიშვნელოვან მომენტს მოიცავს, რომლებმაც არტისტის შემოქმედებით ცხოვრებაზე დიდი გავლენა მოახდინა. მათ შორის არის კონცერტები ნიუ იორკში და თანამშრომლობა ჩარლი მაკკოისთან. 

„ჩემთვის სრულიად დაუჯერებელი მომენტი იყო, როდესაც ჰარმონიკაზე უდიდეს დამკვრელთან, ჩარლი მაკკოისთან ერთად ვიმუშავე. მას შემოქმედებითი თანამშრომლობა აკავშირებს ისეთ მუსიკოსებთან, როგორებიც არიან ელვის პრესლი, ბობ დილანი და The Beach Boys. ჩემს ალბომში არის სიმღერა You Called Up a Storm, სადაც სოლოს სწორედ ჩარლი მაკკოი უკრავს. ჩემთვის განსაკუთრებული მოვლენაა ისიც, რომ იმავე სტუდიაში ვმუშაობდი,  სადაც ჯონ ლენონი და იოკო ონო ალბომს წერდნენ.”

როგორც Manana ამბობს, ეს ყველაფერი მუსიკალურ ისტორიასთან აახლოებს და ეს სიახლოვე მისთვის უდიდესი შთაგონებაა. 

სამომავლო გეგმებზე საუბრისას Manana ამბობს, რომ ნიუ იორკში ალბომის მხარდამჭერ კონცერტების გამართვას აპირებს. 

„კონცერტების შესახებ დეტალებს მალე გამოვაქვეყნებ. ამ მომენტში მაქსიმალურად ვცდილობ, ჩემი ალბომი She Moves რაც შეიძლება მეტმა მსმენელმა გაიცნოს”-  აღნიშნავს მუსიკოსი. 

ალბომი ყველა სტრიმინგ პლატფორმაზეა ხელმისაწვდომი. გარდა ამისა, მანანა მალე ოფიციალურ მუსიკალურ ვიდეოს წარადგენს, რომელიც გადაღებულია სიმღერაზე – She Moves. 

Share
Tweet
Share
Share
Share

წინა სტატია

მადონა დიდი ბრიტანეთის ჩარტის რეკორდს ამყარებს

შემდეგი სტატია

გარდაიცვალა ვაჟა აზარაშვილი

შეიძლება დაგაინტერესოთ

ბიონსე და კელი როულენდი Death Becomes Her-ის ბროდვეის პრემიერას  Destiny’s Child-ის მესამე წევრის, მიშელ უილიამსის მხარდასაჭერად დაესწრნენ

„My Belle“, - წერს ბიონსე პოსტის აღწერაში, რომლებიც ასახავს Death Becomes Her-ში უილიამსის თამაშის ხილვით მიღებულ შთაბეჭდილებებს.
მეტი

მაკ მილერის გარდაცვალების შემდგომი ალბომის, Balloonerism-ის გამოცემის თარიღი ცნობილია

პროექტი რეპერის გარდაცვალების შემდგომ გამოსული პირველი ალბომის, Circles-ის ხუთი წლის თავზე გამოვა.
მეტი

2025 წლის კოაჩელას ფესტივალზე ტრევის სკოტი თავისი მუსიკალური შემოქმედების ახალ თავს წარადგენს

2017 წლის შემდეგ ეს იქნება პირველი შემთხვევა, როცა რეპერი ამ ფესტივალში მიიღებს მონაწილეობას.
მეტი