სოციალურ ქსელ TikTok-იდან უამრავი ცნობილო სიმღერა წაიშალა. მიზეზი Universal Music Group-ის გადაწყვეტილებაა. UMG-ის განმარტებით, სოციალური ქსელის პლატფორმა უარს ამბობს, რომ მის ბაზაში არსებული მუსიკისათვის ადეკვატური თანხა გადაიხადოს. აღსანიშნავია, რომ წაშლილ ტრეკებში TikTok-ის არაერთი ტრენდული სიმღერა მოხვდა. მათგან დაახლოებით 17 ტრეკი Billboard-ის სპეციალურ ჩარტში – TikTok Top 50-ში იყო შესული.
მომხმარებლები ვიდეოების მუსიკალური გაფორმებისას ვერ ისარგებლებენ ისეთი შემსრულებლების სიმღერებით, როგორებიც არიანა გრანდე და ნიკი მინაჟი არიან. მაგალითად, პლატფორმიდან წაიშალა გრანდეს უახლესი პოპულარული სიმღერა Yes, And?.
მიუხედავად სიმღერების წაშლისა, TikTok-ზე კვლავაც აქტიურია მათი გარემიქსებული ვერსიები. აღსანიშნავია, რომ სოციალურ ქსელში თავად მომხმარებლების ინტერპრეტაციით გადაკეთებული ტრეკები ხშირად მეტად პოპულარული იყო, ვიდრე ორიგინალური ნამუშევრები.
2019 წლიდან TikTok მუსიკალურ სივრცეში დომინანტი სოციალური ქსელია. ამ პლატფორმამ ინდუსტრიის მარკეტინგული და შემოქმედებითი სტრატეგია მნიშვნელოვნად შეცვალა. “ჩვენ სრულად მოგვიცვა TikTok-ის მრავალფეროვანმა სუბკულტურებმა“ – ჯერ კიდევ 2023 წლის დეკემბერში აღნიშნა დამოუკიდებელი ლეიბლის, APG-ის წარმომადგენელმა ალეკ ჰენდერსონმა. “ჩვენ ყოველკვირეულ შეხვედრებს ვმართავთ იმის გასააზრებლად, რასაც იქ ვხედავთ. TikTok-ის ვირუსულ სქემას ვაკვირდებით და დიდ ყურადღებას ვაქცევთ პლატფორმის მუშაოას თანამედროვე შემსრულებლებთან. ”
რამდენადაც TikTok-მა დიდი გავლენა მოიპოვა და მუსიკალური ინდუსტრია მასზე გახდა ორიენტირებული, მით უფრო მეტი გამოწვევა გაჩნდა. ამ პროცესებმა მუსიკალური მარკეტინგი უფრო მეტად გააძვირა და ამავდროულად ნაკლებად ეფექტიანად აქცია. გაჩნდა პრობლემები TikTok-ის მხრიდან მუსიკის ღირებულების შეფასებისას, რასაც ინდუსტრიაში დასაქმებული პროფესიონალები ხშირად აღნიშნავდნენ. პროდიუსერების და მუსიკალური მენეჯერების თქმით, ეს პირდაპირ აისახებოდა არტისტების ჰონორარებზე. ამ გამოწვევებზე ჯერ კიდევ 2022 წელს თავად UMG-ის ხელმძღვანელმა ლუსიან გრეინჯმაც ისაუბრა.
გასულ კვირას Universal Music Group-მა უკვე ოფიციალურად განაცხადა, რომ TikTok-თან მუსიკალური ლიცენზიის ხელშეკრულება 31 იანვარს იწურებოდა. “TikTok გვთავაზობს ჩვენი არტისტების სიმღერების ლიცენზიაში გადაიხადოს იმაზე ბევრად ნაკლები, ვიდრე სხვა სოციალური ქსელის აპლიკაციები იხდიან” – ნათქვამია UMG-ის ღია წერილში. კომპანიის განცხადებით TikTok ცდილობს, მუსიკალური ინდუსტრიისათვის არამომგებიანი ხელშეკრულების პირობებს მიაღწიოს, რაც სათანადოდ არ აფასებს მუსიკას, არტისტებს, სიმღერების ავტორებსა და თავად გულშემატკივრებს.
UMG-ის განცხადებას TikTok გამოეხმაურა და ცნობილი კომპანია “მცდარი ნარატივის” გავრცელებაში დაადანაშაულა. პლატფორმის განცხადებაში აღნიშნულია, რომ “ის [UMG] სიხარბეს თავისი არტისტებისა და სიმღერების ავტორების ინტერესებზე წინ აყენებს.”
თუ UMG-ისა და TikTok-ს შირის დაპირისპირება გაგრძელდება და კომპანიები შეთანხმებას ვერ მიაღწევენ, ეს სამომავლოდ მუსიკალურ უნდუსტრიაზე მასშტაბურად აისახება. აღანიშნავია, რომ Universal Music Group-ს კონტრაქტი აქვს არაერთ სიმღერების ავტორთან, რომლებიც თავის მხრივ დამოუკიდებელი ან სხვა კომპანიისთვის მომუშავე არტისტებისათვის წერენ სიმღერებს. UMG-ისა და TikTok-ის გაწყვეტილი თანამშრომლობა კი ამ არტისტების ჩანაწერებსაც ეხება და სოციალურ ქსელში მათი გავრცელების პრობლემას ქმნის.
მოკლე ვიდეოების მუსიკალურად გაფორმების მხრივ, TikTok-ს, ცხადია, კონკურენტები ჰყავს, მაგალითად, YouTube Shorts და Instagram Reels. მიუხედავად ამისა, ჯერჯერობით ვერც ერთი აპლიკაცია და პლატფორმა ისეთი პოპულარული ვერ გახდა, როგორიც TikTok-ია.