2024 წლის სუპერ ბოულის ფინალური შოუს დროს მაყურებელმა ტრადიციისამებრ მრავალი რეკლამა, თუ პრომოვიდეო იხილა და მათ შორის იყო ხმაურიანად დაანონსებული მხატვრული ფილმის, Wicked-ის ტრეილერი. ფილმში ერთ-ერთ მთავარ როლს არიანა გრანდე ასრულებს. აღსანიშნავია, რომ სუპერ ბოულის ფინალის დროს წარმოდგენილი ვიდეო, ფილმის პირველი ტრეილერია.
არიანა გრანდე კეთილი ჯადოქრის, გლინდას გმირს განასახიერებს, მისი მოწინააღმდეგე კი უარყოფითი პერსონაჟია, რომელსაც ელფაბა ჰქვია და მის როლშიც მაყურებელი სინთია ერივოს იხილავს. ტრეილერში ორი პერსონაჟის შეხვედრის სცენაა აღბეჭდილი. გავრცელებულ კადრებში ფილმის კიდევ ერთი საკვანძო გმირი, ოზის ჯადოქარი ჩნდება. მას განასახიერებს მსახიობი ჯეფ გოლდბლუმი. ფულმში ასევე ვიხილავთ ჯონათან ბეილს, რომელიც მაყურებლის დიდმა აუდიტორიამ სერიალ „ბრიჯერტონიდან“ გაიცნო. ტრეილერში ასევე ვხედავთ ოსკარის მფლობელ მსახიობ მიშელ იოს, რომელიც მიუზიკლის ანტაგონისტი გმირის, მადამ მორიბლის როლს ასრულებს.
Wicked ჯონ ემ ჩუს სარეჟისორო ნამუშევარია და ის ბროდვეის ამავე სახელწოდების ცნობილი მიუზიკლის მხატვრული ეკრანიზაციაა. მიუზიკლის სასცენო წარმოდგენა, თავის მხრივ, გრეგორი მაგუაირის რომანის ადაპტაციაა. დაანონსებული ფილმი გაერთიანებულ სამეფოში გადაიღეს. პროექტი ორ ნაწილად გამოვა. პირველი ნაწილის პრემიერა 2024 წელს, ნოემბერში, მადლიერების დღეს შედგება, მეორე ნაწილს კი მაყურებელი 2025 წელს იხილავს.
იხილეთ ტრეილერი: