19 თებერვალს West End-ის მიუზიკლ „ეშმაკი ატარებს პრადას” დადგმის შესახებ გავრცელდა ინფორმაცია, სადაც ცნობილი მოდის ჟურნალ Runway-ის მთავარი რედაქტორის, მირანდა პრისტლის როლს, ვანესა უილიამსი შეასრულებს.
ინსტაგრამზე გაზიარებულ ვიდეოში მომღერალი და მსახიობი ვანესა უილიამსი ნარინჯისფერი, ქუსლიანი ფეხსაცმელებით ოფისში შედის, ქურთუკს ისე აგდებს მაგიდაზე, როგორც ამას მირანდა პრისტლი აკეთებს, ჯდება სკამზე, ტრიალდება და მაყურებელს მიმართავს: „ნუ დაჯდები, წადი ბილეთები იყიდე ან რამე გააკეთე!”.
შოუ ამავე სახელწოდების ბესტსელერი რომანისა და 2006 წელს გადაღებული ფილმის შთაგონებით შეიქმნა, სადაც მირანდა პრისტლის როლს მერილ სტრიპი ასრულებს, მთავარ როლს კი ენ ჰეთეუეი. წარმოდგენა ოქტომბერში ლონდონის თეატრ Dominio-ში გაიმართება. ორიგინალურ პარტიტურას ხუთგზის გრემის მფლობელი ელტონ ჯონი შეასრულებს, ტექსტის ავტორი შაინა ტაუბია, ქორეოგრაფია კი “ტონის” ლაურეატ ჯერი მიტჩელს ეკუთვნის, რომელსაც Kinky Boots-ზე და Hairspray-ზე აქვს ნამუშევარი.
მერილ სტრიპის მიერ შექმნილი გმირის, მთავარი რედაქტორის, სახასიათო პორტრეტმა 2007 წელს მსახიობს საუკეთესო ქალის როლის შესრულებისთვის ოსკარი მოუტანა. თუმცა, უნდა ითქვას, რომ ვანესა უილიამსი როლს საკუთარი გამოცდილებით მოირგებს. Მისი ჰიტი Save the Best for Last, 1992 წელს ბილბორდის 100 საუკეთესო სიმღერაში ხუთი კვირის განმავლობაში იმყოფებოდა. 2006 – 2010 წლებში ვანესა უილიამსმა ABC-ის სატელევიზიო სერიალში Ugly Betty მაღალი მოდის ჟურნალის MODE-ის ხელმძღვანელის როლი განასახიერა, რა დროსაც მსახიობმა “ემის” სამი ნომინაცია მიიღო.
ნახეთ ვიდეო, სადაც ვანესა უილიამსი მირანდა პრისტლის როლს ასრულებს.