ნიკოლოზ წერედიანი და მისი მუსიკალური ინსტრუმენტებით გატაცება

„ყანჩელს როცა ვუსმენ, თავი გაზაფხულის ბაღში მგონია“…
ნიკოლოზ წერედიანი
ნიკოლოზ წერედიანი

სოხუმში, თეატრის კულისებში იზრდებოდა. მსახიობი მამის, ნუგზარ წერედიანისა და მისი კოლეგების გარემოცვაში მყოფს, უყვარდა როგორც სცენის მიღმა სამყარო – კულისები, ისე დარბაზში ყოფნა, სადაც მაშინდელი რეპერტუარის ყველა ტექსტი ზეპირად იცოდა. მისთვის სოხუმის თეატრის ულამაზესი შენობა, თავისი საოცარი მსახიობებით, ჯადოსნურ სამყაროს ქმნიდა. შესაბამისად, მსახიობის პროფესიისადმი ინტერესიც ჯერ კიდევ ბავშვობისას გაუჩნდა და ამ გზას გაჰყვა კიდეც. სოხუმის თეატრის სცენაზე მისი დებიუტი გოჩა კაპანაძის სპექტაკლ „ღალატში“ შედგა, სადაც უფლისწული ერეკლეს როლი განასახიერა. მას შემდეგ, ანუ 1999 წლიდან დღემდე, ნიკოლოზ წერედიანი სოხუმის დრამატული თეატრის მსახიობია. 

ნიკოლოზ წერედიანი

– არტისტობა ძალიან მიმზიდველია. მას ერთგვარი ეგოისტური თვისებაც აქვს: გინდა, რომ ადამიანებს განაცდევინო და იმის სურვილი გაუჩინო, რომ სწორ გზაზე დადგეს. ამ საქმეს, პროფესიული ნიშნით, საკუთარ თავზე ბევრი ფიქრი და ზრუნვა ახლავს თან, რაც იმას გულისხმობს, რომ სულ ფორმაში უნდა იყო, გარკვეული თამასა გეჭიროს, რადგან მაყურებელთან ემოციის გაზიარება გიწევს და ეს გაცვლის პროცესი ყოველთვის საინტერესოა. ჩვენს პროფესიაში საინტერესოა ისიც, რომ კარგ რეჟისორთან და შემოქმედებით გარემოში გიწევდეს მუშაობა, რადგან მაშინ ყოველთვის მიდის ნაწარმოების კვლევა, სიღრმისეული ძიება, მასალის ფსკერამდე ჩაღრმავება და კითხვებზე პასუხის გაცემა. სამწუხაროდ, ასეთი შემთხვევები ყოველთვის არ ხდება, მაგრამ, თუ ამის საშუალება გეძლევა, მოვლენებს სულ სხვა თვალით აღიქვამ და ყოველი მორიგი ასეთი ძიება სულიერად ძალიან გამდიდრებს.

– ჩემს ირგვლივ ყოველთვის ბევრი მუსიკოსი, ან მუსიკასთან დაახლოებული ადამიანი იყო. შვიდწლედში ვსწავლობდი, მაგრამ ვიოლინოზე დაკვრას მხოლოდ 4 წელი დავუთმე, თავი დავანებე, რასაც შემდეგ უკვე ძალიან ვნანობდი და მერე სულ კეთილი შურით მშურდა იმ ადამიანების, ვინც ვიოლონოზე კარგად უკრავდა. სახლში ყოველთვის გვქონდა ქართული საკრავები: ჩონგური, ფანდური, ჩანგი… საგვარეულო ჭუნირი, რომელიც ბაბუას ხელით არის გამოთლილი. ბებიაჩემის ძმა, განათლებით მუსიკოსი, აფხაზეთში ერთ-ერთი მუსიკალური სკოლის პედაგოგი გახლდათ, რომელიც ასევე თავად ამზადებდა საკრავებს. აფხაზეთის დაკარგვის შემდეგ, პეტერბურგში ცხოვრობდა, სადაც პეტერბურგის კონსერვატორიის მთავარი ოსტატი იყო. 

<strong>ნიკოლოზ წერედიანი</strong>

– ინსტრუმენტების მიმართ მეც ყოველთვის დიდი დიდი ინტერესი მქონდა. სულ ხარბი თვალებით ვუყურებდი, რადგან მინდოდა რაღაცაზე დაკვრა მესწავლა. პანდემიამდე შევიძინე გიტარები – აკუსტიკური და კლასიკური. ერთი ჩემი უფროსი შვილისთვის, დათასთვისაა, ხოლო მეორე – ჩემთვის. ცალ-ცალკე, იუთუბის მეშვეობით ვმეცადინეობთ. არ მეგონა, თუ დათა ასეთ ინტერესს გამოიჩენდა. დაკვრა კარგად გამოსდის და ნელ-ნელა ხელი მეც გამეწაფა. ძალიან მომწონს, როცა რამეს ვასრულებ. საერთოდ, ინსტრუმენტთან ურთიერთობა საოცრებაა. ეს ისეთი სამყაროა, რომელიც უფრო და უფრო გიტაცებს და, რაც მეტად ეცნობი, უფრო გითრევს. თან ინსტრუმენტი როცა შენია, მისი ენა და ჟღერადობა კარგად იცი. დროთა განმავლობაში შენი სხეულის განუყოფელი ნაწილი ხდება და ეს პროცესი შეიძლება ქალისა და კაცის სრულყოფილ ურთიერთობასაც კი შეადარო. 

– ჩვენ სულ გზაში ვიყავით – თბილისი-სოხუმი. მამა სიმღერებს გვასწავლიდა და მახსოვს, ბავშვობაში მანქანით მგზავრობისას სულ „ხმებში“ ვმღეროდით. შეიძლება ითქვას, ჩემი ბავშვობის პერიოდი ქართულ ფოლკლორთან ასოცირდება და უფრო მეტად კი ვიოლინოსთან, ხოლო სტუდენტობა – როკსა და ბლუზთან. თუმცა, მთელ ჩემ ცხოვრებას თან სდევს კლასიკა. ვერ დავიკვეხნი, რომ ძალიან კარგად ვიცი, მაგრამ ვთვლი, რომ ის მუსიკის ყველაზე სრულყოფილი ჟანრია. საერთოდ, ყველა ჟანრის მუსიკას ვუსმენ, მაგრამ ყველაზე დიდ სიამოვნებას მაინც ჯაზი და კლასიკა მანიჭებს. ძალიან მინდა გიტარაზე ჯაზი შევასრულო, მაგრამ ამ ეტაპზე ამას ვერ ვახერხებ, ჯერ ეს ჩემთვის დიდი ფუფუნებაა, თუმცა ნელ-ნელა ჯაზს, როკის შესრულებითა და კლასიკით „ვეპარები“. 

– ომი სანამ დაიწყებოდა, იმ ზაფხულს სოხუმში ვიყავი. ახალდაწყებული დაპირისპირების შესახებ შესახებ უფროსებისგან მესმოდა. სოხუმიდან რომ წამოვედი, რამდენიმე დღეში დაიწყო უბედურება.  ჩვენი სახლი სოხუმიდან 9 კილომეტრში, ლამაზ სოფელ მერხეულში იყო. ჩემი ბიძები ომში იბრძოდნენ და შურისძიების მიზნით ჩვენი სახლ-კარი დაწვეს. ქართული სასაფლაოც გადახნეს და გაანადგურეს. 1992 წლის შემდეგ იქით აღარ ვყოფილვარ…

– მელოდია, რომელიც გონებაში ყველაზე ხშირად მიტრიალებს? ალბათ, ეს არის ყანჩელი და მისი ცნობილი მელოდიები. სულ ისეთი ასოციაცია მაქვს, ყანჩელს როცა ვუსმენ, თავი გაზაფხულის ბაღში მგონია. ეს მუსიკოსი ბავშვობიდან მოგვყვება, შესისხლხორცებული გვაქვს და ის იმდენად ქართულია, რომ ჩვენ ძარღვებში გადის. მნიშვნელოვანია ისიც, როცა ვიღაც უცხოელს მოასმენინებ და მის სახეზე აღფრთოვანებას ხედავ, იმ დროს ყოველთვის ძალიან ბედნიერი და ამაყი ხარ!..

ლოკაცია: სოხუმის სახელმწიფო დრამატული თეატრი. მის: დ. უზნაძის ქ. N68.

Share
Tweet
Share
Share
Share

წინა სტატია

ჯანსუღ კახიძის სახელობის IX საერთაშორისო მუსიკალური ფესტივალი იწყება

შემდეგი სტატია

Starring Georgia-ს ფარგლებში Massive Attack-ის კონცერტი გაიმართება

შეიძლება დაგაინტერესოთ

„მე გადმოვცურავ ზღვას” – ბასა ჯანიკაშვილის პიესის პრეზენტაცია

პიესის მიხედვით დადგმული სპექტაკლის პრემიერა „ახალ თეატრში” 2022 წელს შედგა და უკვე ორი წელია, სრული ანშლაგით მიმდინარეობს.
მეტი

ლიამ გალაგერის თქმით, ის და ნოელი საერთო ინტერვიუების ჩაწერას არ აპირებენ, რადგან არ სურთ, პირადულ კითხვებს უპასუხონ

Oasis 2009 წელს დაიშალა. ცოტა ხნის წინ კი 2025 წლის ტურნეთი დაბრუნების შესახებ განაცხადა.
მეტი

პრინცი უილიამი და  ქეით მიდლტონი საუთპორტში ტეილორ სვიფტის თემატურ საცეკვაო კლასზე თავდასხმის შედეგად დაღუპულთა ოჯახის წევრებსა და დაზარალებულებს შეხვდნენ

სამეფო წყვილი ტრაგედიას სოციალურ მედიაშიც გამოეხმაურა.
მეტი

გრემის წლის კომპოზიტორის ნომინაცია აქამდე ქალს არ მოუგია – იქნება თუ არა წლევანდელი დაჯილდოება ამის პრეცედენტი?

ნახეთ იმ ქალების ჩამონათვალი, რომლებმაც სხვადასხვა დროს პირველად მოიგეს სხვა საკომპოზიტორო კატეგორიები.
მეტი