ნიკა გოგიაშვილის მუსიკალური ოდისეა ადრეულ ასაკში, გიტარის აკუსტიკური ჟღერადობით დაიწყო და თითქმის მთლიანად მუსიკალურ სამყაროში სწორედ გიტარის სიმების მეშვეობით გადაეშვა. რამდენიმე ხნის წინ კი ნიკამ ახალი მუსიკალური პროექტი wayward.atom წამოიწყო, რომლის ფარგლებშიც ალბომი True Bypass გამოსცა. ალბომის სახელწოდება „სუფთა გამტარის“ მნიშვნელობას ატარებს, სადაც თავად არტისტი მუსიკის გამტარის როლს ასრულებს. True Bypass-ში ოთხი ტრეკია გაერთიანებული: Douceur, Beat Dedication_1012 ADHD, Atack Dakvirveba და True Bypass.
ნიკა გოგიაშვილი – wayward.atom
„ალბომის სახელწოდება True Bypass ჩემთვის ითარგმნება, როგორც სუფთა გამტარი და ამ ალბომის შექმნის დროს ზუსტად ესე აღვიქვამდი ჩემს თავს, რომ ვიყავი და ვარ ამ მუსიკის გამტარი. არ ვიცი, საიდან მოდის და რატომ ჩემთან, მაგრამ ის ვიცი, რომ შექმნის პროცესში გამტარად ვხედავდი თავს. რაციონალური გონება და წარსულის მუსიკალური ინერციები და ხედვები გვერდზე გადავდე და ჩემთვის სულ ახლებური უცნაური და ამოუხსნელი ექსპერიმენტების კეთება დავიწყე, რაზეც მთლიანი ალბომი დგას. შემოქმედებით ტალღას მე ვერ ვაკონტროლებდი, თავისით მიდიოდა მუსიკა და ასეთ რამეს მივხვდი: თუ ამის კონტროლი არ შემიძლია, ერთადერთი, რაც შემიძლია, არის ის, რომ შემოვუშვა მუსიკა ზუსტად მაშინ, როცა მოდის და ისეთი, როგორიც არის. ალბომის კეთების დროს სულ ლაიტმოტივად მქონდა მამარდაშვილის ფრაზა „რა იცი, გარდა იმისა, რაც იცი“, იმიტომ, რომ ხშირად ვგრძნობდი, ამ მუსიკას ჩემი ძველებური ხედვები და აღქმები უკან ხევდა და არ აცდიდა სრულად სპონტანური და ექსპრესიული ყოფილიყო…“
ნიკა გოგიაშვილი ბენდ Saffron Soul-ის ერთ-ერთი შემქმნელია, სადაც დღესაც აქტიურად უკრავს. ჯგუფის წევრები არიან ლანა ლობილაძე, უჩა გუგუნავა, ნოე ჭელიძე და ნიკა გოგიაშვილი. მათი მუსიკა ემბიენთის, ტრიპ-ჰოპისა და ელექტრონული მუსიკის სინთეზია, რაც საერთო ჯამში ქართულ მუსიკალურ სივრცეში უნიკალურ იდენტობას ქმნის.
„Saffron Soul სულ თავიდან მე და ნოე ჭელიძემ დავიწყეთ, მუსიკალური თემების ჩანახატები გვქონდა, რისი შეკვრაც და დასრულებაც გვინდოდა, ამაში კი ძალიან დიდი როლი ლანა ლობილაძემ და უჩა გუგუნავამ ითამაშეს და ერთად უკვე მეოთხე წელია ვმუშაობთ ამ პროექტზე.“
„True Bypass-ზე მუშაობის პროცესი დაახლოებით ნახევარი წლის წინ დაიწყო, თავიდან არაფერი დაგეგმილი არ მქონდა, ინტუიციურად მივყვებოდი პროცესს და ნელ-ნელა რომ გამოიკვეთა ალბომის კონტურები, მერე დავფიქრდი უკვე საკუთარი პროექტის შექმნაზე, რადგან ძალიან დიდი კომფორტი ვიპოვე მარტო მუშაობაში. მე ისედაც მარტო მიყვარს დროის გატარება, უმეტესწილად, რადგან ასე უფრო კომფორტულად ვარ, როცა მარტო ხარ საკუთარ თავთან. მუსიკაშიც ასე გამოვიდა, რომ ყველაზე დიდი კომფორტია მარტო მუშობა ჩემთვის, ყველა ექსპერიმენტი და ყველა იდეა ჩემს ხელშია და რასაც მინდა, იმას ვაკეთებ, სამუშაო ტემპის ინტენსივობა და ყველაფერი ჩემს ხელშია და ეს ძალიან დიდ თავისუფლებას მაძლევს შემოქმედებაში…”
ალბომში შესული ოთხი ტრეკიდან კომპოზიცია Douceur-ს მუსიკალური ვიდეოვიზუალი ახლავს, რომლის ბასის პარტია მუსიკოს ნოე ჭელიძის დაწერილია:
„მინდა, მადლობა გადავუხადო ეკა დარსაველიძეს რომელმაც ნული ბიუჯეტით და ცარიელი ენთუზიაზმით ტრეკ douceur-ზე მუსიკალური ვიდეო გადაიღო… ლუკა სებისკვერაძეს, რომელმაც მიქსინგი და მასტერინგი გაუკეთა ტრეკებს და მთელ Atoms Collide- ს გაერთიანებას.“
სამომავლო გეგმებს რაც შეეხება ნიკა ახალი პროექტით Newcomers-ზე აპირებს გასვლას, შემოდგომაზე კი რომელიმე თეატრში ლაივ სესიას გეგმავს სადაც ალბომში შესულ კომპოზიციებს წარადგენს.
„უახლოეს გეგმაში რაც მაქვს არის ის, რომ გამოვიდე Newcomers-ზე, დიდი სურვილი მაქვს Open Air-ზე გავუზიარო ხალხს ეს მუსიკა… და შემოდგომაზე რომელიმე თეატრში მაქვს სურვილი ლაივი გავაკეთო, რატომღაც ძალიან მინდა მსმენელი იჯდეს და ისე უსმენდნენ ამ მუსიკას.“
მოისმინეთ ნიკა გოგიაშვილის (wayward.atom) სადებიუტო სოლო ალბომი – True Bypass