თბილისის საფორტეპიანო ფესტივალი იწყება

28 მაისიდან 6 ივნისის ჩათვლით ფესტივალი ქართველი და უცხოელი შემსრულებლების კონცერტებს უმასპინძლებს.

28 მაისიდან 6 ივნისის ჩათვლით თბილისის პიანო ფესტი 2024 გაიმართება. ფესტივალი, ტრადიციულად, ქართველ მუსიკოსებთან ერთად მსოფლიოში აღიარებულ შემსრულებლებს უმასპინძლებს. მსმენელის წინაშე წარდგებიან  დავით ალადაშვილი და საქართველოს სინფონიეტა; დუდანა მაზმანიშვილი, კრისტიან იარვი და ეროვნული სიმფონიური ორკესტრი; ნიკოლოზ ნამორაძე; თამთა  მაღრაძე; მარკ-ანდრე ჰამელინი; ციპრიენ კაცარისი და მელისა არნო; ჯერომ როუზი; ედით პენია. კონცერტები სხვადასხვა სივრცეში გაიმართება. 

გარდა კონცერტებისა, თბილისის საფორტეპიანო ფესტივალი წელსაც მოიცავს მასტერკლასებს, რომლებსაც ფესტივალის სოლისტები ახალგაზრდა მუსიკოსებს ჩაუტარებენ. 

დუდანა მაზმანიშვილი – პიანისტი, თბილისი პიანო ფესტის დამფუძნებელი:

„წელს თბილისი პიანო თავის საიუბილეო, მეხუთე წელს აღნიშნავს. მოგეხსენებათ, წელს ასევე გერშვინის საიუბილეო წელია და ჩვენი ფესტივალის ფარგლებშიც ორი საღამო სწორედ მის მუსიკას მიეძღვნება. ეს იქნება 29 მაისს კონსერვატორიის დიდ დარბაზში ლეგენდარული პიანისტის ციპრიენ კაცარისის კონცერტი, რომელიც გარდა გერშვინის საფორტეპიანო კონცერტისა, მომღერალ მელისა არნოსთან ერთად გერშვინის ცნობილ სიმღერებსაც შეასრულებს. სიმფონიური მუსიკის მეორე კონცერტი კი 2 ივნისს ღია ცის ქვეშ, ორბელიანის მოედანზე გაიმართება და აქ უკვე შესრულდება გერშვინის ე.წ. „ცისფერი რაფსოდია” ანუ „რაფსოდია ბლუზის სტილში”. ეროვნულ სიმფონიურ ორკესტრს უხელმძღვანელებს ცნობილი დირიჟორი კრისტიან იარვი.

წელს სიახლეც გვაქვს – დავამატეთ საბავშვო კონცერტი – კლასიკური მუსიკა ბავშვებისთვის. ჩვენს უმცროს მეგობრებს კი დავით ალადაშვილი და საქართველოს სინფონიეტა უმასპინძლებენ. 

განსაკუთრებული პატივია ჩვენთვის, რომ ფესტივალს ესტუმრება მსოფლიო დონის პიანისტი მარკ-ანდრე ჰამელინი, რომელიც ცნობილია თავისი უდიდესი რეპერტუარით. ასევე ვუმასპინძლებთ ედით პენიას მადრიდიდან და ამერიკელ პიანისტს, ნიუ-იორკის საფორტეპიანო ფესტივალის დამფუძნებელსა და ბუზონის კონკურსის გამარჯვებულ ჯერომ როუზს. 

გარდა ამისა, განვაგრძობთ ტრადიციას, რომლითაც ფესტივალზე საზღვარგარეთ მოღვაწე წარმატებული ქართველი პიანისტები ჩამოგვყავს. წელს გვესტუმრება უცხოეთში საკმაოდ ცნობილი პიანისტი ნიკოლოზ ნამორაძე, რომელსაც დიდ კონცერტებზე უკვე ჟიურის წევრადაც კი იწვევენ. ნიკოლოზი ჩვენი ფესტივალის ფარგლებში შარშან უკვე წარდგა მსმენელის წინაშე. ასევე ჩამოდის ახალგაზრდა პიანისტი, კონკურსების ლაურეატი თამთა მაღრაძე. მოკლედ, ვფიქრობ, რომ მართლაც დაუვიწყარი საღამოები ელის ჩვენს მსმენელს და დიდი იმედი მაქვს, რომ ეს ტრადიცია მომავალშიც გაგრძელდება.”

კონცერტებზე დასასწრები ბილეთები შეგიძლიათ შეიძინოთ ბმულზე.

Share
Tweet
Share
Share
Share

წინა სტატია

მიხაილ ბარენბოიმი სოხუმის თეატრის სცენაზე დაუკრავს

შემდეგი სტატია

ტომ ჰენკსმა თავის შვილს სთხოვა, დრეიკის და კენდრიკ ლამარის დაპირისპირების ისტორია აეხსნა

შეიძლება დაგაინტერესოთ

რეჟისორი დევიდ ლინჩი 78 წლის ასაკში გარდაიცვალა

ლინჩის პროექტები სხვადასხვა დროს Billboard-ის ჩარტებშიც მოხვდა. მან ასევე იმუშავა მუსიკალურ ვიდეოებზე. მათ შორის არის ვიდეოები Nine Inch Nails-ის 2013 წლის ჰიტზე Came Back Haunted და Moby-ს 2009 წლის სიმღერაზე Shot in the Back of the Head.
მეტი

ბობ დილანი ტიკტოკს შეუერთდა

ფანების ყურადღება აპლიკაციაში მუსიკოსის დაგვიანებულმა გამოჩენამ მიიქცია - რამდენიმე დღით ადრე აშშ-ში ტიკტოკის მოსალოდნელ აკრძალვამდე.
მეტი

ლოს-ანჯელესის ხანძრის გამო “ბილბორდი” გრემის დაჯილდოებასთან დაკავშირებულ ყველა ღონისძიებას აუქმებს

„ამ დროისთვის ჩვენი ძირითადი მიზანი ჩვენს ხელთ არსებული რესურსების განაწილებაა, რათა მხარი დავუჭიროთ იმ ქალაქის აღდგენის გრძელვადიან პროცესს, რომელსაც სახლს ვუწოდებთ,“ - განაცხადა კომპანიამ 14 იანვარს გაკეთებულ განცხადებაში.
მეტი