რეპერი ASAP Rocky მოდის სახლ Bottega Veneta-ს ახალ კამპანიაში გამოჩნდა. კამპანია ბრენდმა სპეციალურად მამის საერთაშორისო დღეს მიუძღვნა. შავ-თეთრ ფოტოებსა და ვიდეოში ჰიპ-ჰოპ არტისტი თავის და რიანას საერთო შვილებთან ერთად არის გადაღებული. კადრებში ჩანს, თუ როგორ ეთამაშება ASAP Rocky თავის ვაჟებს, რომელთაგან ერთი 2 წლისაა, მეორე კი – 10 თვის.
ASAP Rocky-მ ფოტოები საკუთარ ინსტაგრამზეც გამოაქვეყნა. მან თავის ოჯახს, Bottega Veneta-ს და კამპანიაში მონაწილე კიდევ ერთ არტისტს, მერი ქეი ვიმსს მადლობა გადაუხადა. „სასიამოვნო იყო, მემუშავა ჩემს შვილებთან, ჩემს ოჯახთან, მეთიუ ბლეიზთან, Bottega Veneta-სთან და მერი ქეი ვიმსთან ერთად,” – წერს ASAP Rocky.
როგორც რეპერმა აღნიშნა, ეს ფოტოები იმ სიყვარულს ასახავს, რაც მას შვილებთან აკავშირებს. „ვამაყობ, რომ ვარ ის ადამიანი, რომელსაც ისინი მამას დაუძახებენ. ყველა ამაყ მამას გილოცავთ მამის დღეს,” – ვკითხულობთ ASAP Rocky-ის პოსტში.
რეპერს ინსტაგრამის კომენტარების ველში რიანაც გამოეხმაურა და მამის საერთაშორისო დღე მიულოცა.
35 წლის ASAP Rocky იტალიური მოდის სახლის ამბასადორის სტატუსს ფლობს. რეპერი Bottega Veneta-ს სამოსით საჯაროდ ხშირად ჩნდება და პაპარაცების ობიექტივშიც ხვდება.
ნახეთ ინსტაგრამზე გამოქვეყნებული პოსტი, რომელიც ASAP Rocky-მ მამის საერთაშორისო დღეს მიუძღვნა: