Eras Tour-ის ლონდონური კონცერტების პირველ ღამეს ტეილორ სვიფტი სამეფო ოჯახს შეხვდა. მომღერალი პრინც უილიამთან და მის შვილებთან, პრინც ჯორჯთან და პრინცესა შარლოტთან ერთად უემბლის სტადიონის კულისებში გადაღებულ ფოტოებს აქვეყნებს, სადაც მათთან ერთად სვიფტის ბოიფრენდი ტრევის კელსიც პოზირებს. ქეით მიდლტონი, რომელიც ამჟამად ქიმიოთერაპიის კურსს გადის და წყვილის უმცროსი ვაჟი ლუი ფოტოებში არ ჩანან.
კიდევ ერთი ფოტო გააზიარა თავად უელსის პრინცისა და პრინცესის ოფიციალურმა ინსტაგრამ გვერდმაც. ფოტოზე სვიფტი სამეფო ოჯახის წევრებთან ერთად სელფის იღებს.
პრინცი უილიამი კამერებმა კონცერტის დროსაც დააფიქსირეს, როცა ის Shake It Off-ზე ცეკვავდა.
ეს არ არის მომღერლისა და ინგლისის მომავალი მეფის პირველი შეხვედრა. 2013 წელს კენსინგტონის სასახლეში გამართული საქველმოქმედო კონცერტის დროს უილიამი ბონ ჯოვისა და სვიფტს სცენაზე შეუერთდა.
Eras Tour-ის ფარგლებში სვიფტი უემბლის სტადიონზე 21-23 ივნისს სამ კონცერტს გამართავს. ლონდონამდე პოპვარსკვლავს კონცერტი კარდიფში ჰქონდა. ეს სვიფტის პირველი გამოსვლა იყო უელსში, რომლის შემდეგაც მან ინსტაგრამზე პოსტი გამოაქვეყნა: „ეს მართლაც უკონტროლო იყო, ამის საუკეთესო მნიშვნელობით – მოხტუნავე და მოცეკვავე ადამიანთა ზღვის ყურება… ეს არასდროს დამავიწყდება.”
სვიფტმა, რომელმაც Eras Tour 2023 წლის მარტში დაიწყო, ცოტა ხნის წინ ფანებს გაუზიარა, რომ ხანგრძლივი ტურნე უკვე დასასრულს უახლოვდება. 13 ივნისს ლივერპულში გამართულ კონცერტზე მან აუდიტორიას მიმართა: „მეასე კონცერტი უკვე იმას ნიშნავს, რომ პირველად ვაანალიზებ და ვაღიარებ, რომ ეს ტური დეკემბერში დასრულდება.“
ნახეთ ტეილორ სვიფტისა და სამეფო ოჯახის ფოტოები: