„კოპა ამერიკაზე“ შაკირას დებიუტი ფინალური მატჩის ტაიმებს შორის შედგა. არგენტინისა და კოლუმბიის თამაშის შესვენების დროს კოლუმბიელმა ვარსკვლავმა ქარიშხალი დაატრიალა.
სცენაზე შაკირამ გამოსვლა სიმღერა Hips Don’t Lie-თ დაიწყო
ეკრანზე კი სამგანზომილებიანი გამოსახულებით მგლები და ძვირფასი ქვები მოჩანდა, რაც შაკირას ახალ ეპოქას გამოხატავს.
კოლუმბიელი მომღერალი ბევრ ცნობილ სპორტულ ღონისძიებაში იღებდა მონაწილეობას, მათ შორის იყო მსოფლიო თასი, დევისის თასი, NBA All-Star და Super Bowl, თუმცა საერთაშორისო საფეხბურთო ტურნირ „კოპა ამერიკაზე“ ის წელს პირველად წარდგა.
„შაკირა არაჩვეულებრივი სამხრეთამერიკელი ვარსკვლავია, რომელმაც მსოფლიო გააოცა. მის სიმღერებს მღერიან და ცეკვავენ პლანეტის ყველა კუთხეში, რაც მის შემოქმედებას გლობალურ ფენომენად აქცევს. შაკირამ საზღვრები გადაკვეთა და მილიონობით ადამიანზე საოცარი შთაბეჭდილება მოახდინა. დარწმუნებული ვარ, მისი „კოპა ამერიკა 2024“-ზე გამოსვლა, ერთიანობისა და სიძლიერის გზავნილი იქნება.“ – განაცხადა CONMEBOL-ის პრეზიდენტმა ალეხანდრო დომინგესმა.
შაკირას გამოსვლამდე სცენაზე Karol G გამოვიდა და კოლუმბიის ეროვნული ჰიმნი შეასრულა, ხოლო აბელ პინტოსმა არგენტინის ეროვნული ჰიმნი იმღერა. მატჩზე მუსიკალურ ვარსკვლავებს შორის ასევე იმყოფებოდნენ მალუმა და ფეიდი.