პარიზის ოლიმპიური თამაშების გახსნის გრანდიოზულ ცერემონიაზე ერთ-ერთი დასამახსოვრებელი მომენტი ფრანგი პიანისტის, ალექსანდრ კანტოროვის გამოსვლა იყო. პიანისტმა კოკისპირულ წვიმაში მორის რაველის ცნობილი საფორტეპიანო ნაწარმოები „წყლის თამაშები” (Jeux d’eau) შეასრულა.
ამ დღეს ალექსანდრ კანტოროვმა თავი მსოფლიოს მასშტაბით ასობით მილიონ ადამიანს გააცნო. თუმცა ქართველი მუსიკის მოყვარულები მას წინანდლის ფესტივალიდან უკვე იცნობენ.
კანტოროვი პირველად საქართველოს 2020 წელს სწორედ კლასიკური მუსიკის ფესტივალის ფარგლებში ეწვია. წელს კი პიანისტი წინანდლის ფესტივალის სცენაზე უკვე მეორედ წარდგება.
„პოეტური შარმის მქონე ვირტუოზი” – როგორც მას ბრიტანული მუსიკალური ჟურნალი Gramophone მოიხსენიებს, არაერთი პრესტიჟული ჯილდოს მფლობელია. 22 წლის ასაკში ის გახდა პირველი ფრანგი პიანისტი, რომელმაც ჩაიკოვსკის სახელობის კონკურსზე ოქროს მედალი და გრან-პრი მოიპოვა. 2023 წელს კი გახდა ერთ-ერთი ყველაზე პრესტიჟული საერთაშორისო საფორტეპიანო ჯილდოს, Gilmore Artist Award-ის მფლობელი. კანტოროვი ისტორიაში პირველი ფრანგი და ამავდროულად ყველაზე ახალგაზრდა პიანისტია, რომელმაც ეს ჯილდო მიიღო. კრიტიკოსები მას ლისტის რეინკარნაციასაც უწოდებენ.
კანტაროვი უკრავს მსოფლიოში ცნობილ ორკესტრებთან ისეთ საკონცერტო დარბაზებში, როგორებიცაა კარნეგი-ჰოლი, ამსტერდამის კონცერტგებაუ, ვენის კონცერტჰაუსი, პარიზის ფილარმონია, ბრიუსელის ბოზარი, ტოკიოს ოპერა და ა.შ. ამ სცენებს შორისაა წინანდლის ფესტივალიც, სადაც ფრანგი პიანისტი წელს უკვე მეორედ წარდგება.
ფესტივალის ფარგლებში კანტოროვი 6 და 7 სექტემბერს ორ კონცერტს გამართავს. 6 სექტემბერს პიანისტი, ვასილი პეტრენკოს დირიჟორობით, პან-კავკასიურ ორკესტრთან ერთად დაუკრავს. შესრულდება ჩაიკოვსკისა და რახმანინოვის ნაწარმოებები. 7 სექტემბერს კი ალექსანდრ კანტოროვი ქართველი მსმენელის წინაშე უკვე სოლო კონცერტით წარდგება.
წინანდლის კლასიკური მუსიკის ფესტივალი 2024 31 აგვისტოდან 8 სექტემბრამდე, ტრადიციულად, წინანდლის მამულში გაიმართება.