ქართველი არტისტის, ანუშკა ჩხეიძის მუსიკალური პერფორმანსის ჩანაწერი მაყურებელმა ავტორიტეტული ფრანგულ-გერმანული სატელევიზიო არხის, ARTE CONCERT-ის ეთერში იხილა. გამოსვლა ჩაწერილია ფესტივალ Europavox-ზე, რომელიც წელს საფრანგეთში, კლერმონდ-ფერანდში ჩატარდა.
Europavox-თან და ARTE CONCERT-თან თანამშრომლობის შესახებ Billboard Georgia ანუშკა ჩხეიძეს ესაუბრა.
ანუშკა ჩხეიძე:
„Europavox არის მუსიკალური პლატფორმა, რომელიც სხვადასხვა ქვეყანაში ტარდება. მე კლერმონდ-ფერანდში გამართული ფესტივალის მონაწილე ვიყავი. ფესტივალის გამართვამდე ერთი თვით ადრე გაირკვა, რომ ლაივების გადაღებით ARTE CONCERT იყო დაინტერესებული. გადაწყდა, რომ რამდენიმე მუსიკალურ აქტს გადაიღებდნენ. ის ფაქტი, რომ ARTE CONCERT ჩემს მუსიკალურ პერფორმანსს გადაიღებდა, ძალიან სასიხარულო იყო. როცა კონცერტი დასრულდა, გადამღები ჯგუფი ჩემთან მოვიდა და მითხრა, რომ ყველაფერმა კარგად ჩაიარა. ამის მოსმენა განსაკუთრებით სასიამოვნო იყო.”
როგორც ანუშკა ჩხეიძე ამბობს, Europavox-ზე დაკვრა მისთვის, როგორც არტისტისთვის, საინტერესო და გამორჩეული გამოცდილება იყო. ეს კი უპირველეს ყოვლისა აუდიტორიამ განსაზღვრა.
„Europavox-ზე ერთ-ერთი საუკეთესო აუდიტორია დამხვდა. იმდენად სასიამოვნო დინამიკა შეიქმნა, რომ ნერვიულობა მომეხსნა,” – ამბობს მუსიკოსი.
რაც შეეხება ანუშკა ჩხეიძის სამომავლო გეგმებს, უახლოესი ორი თვის განმავლობაში არტისტი ევროპის რამდენიმე ქალაქში დაუკრავს. Haldern Pop Festival, Pop Kultur Festival, Draaimolen – ეს იმ ფესტივალების ჩამონათვალია, რომლებზეც ქართველი არტისტი გამოვა.