პირს ჰემინგსენი, რომელსაც Beatles-ის 1965 წლის 17 აგვისტოს ტორონტოს Maple Leaf Gardens-ში გამართული კონცერტის უნიკალური, მაღალი ხარისხის ჩანაწერები აქვს, მათ გაყიდვას აპირებს. თითქმის 60 წლის წინ, ბიტლომანიის პიკში ჩაწერილი ორი აუდიოკასეტა სულ შვიდ ადამიანს აქვს მოსმენილი.
ახლა მთავარი კითხვაა, თუ ვინ შეიძენს მათ, რა იქნება ღირებულება და გამოვა თუ არა ჩანაწერები ოდესმე საჯაროდ.
„აქამდე არასდროს გამომიტანია გასაყიდად,” – ამბობს პირს ჰემინგსენი, ტორონტოში მცხოვრები Beatles-ის ისტორიკოსი და ავტორი წიგნისა The Beatles in Canada. „ეს საუკეთესო ჩანაწერია იმ კონცერტებს შორის, რაც კი Beatles-ს კანადაში ჰქონია, მათ გარდა, რაც თავად ჯგუფის მიერ იყო პროფესიონალურად ჩაწერილი.”
ჰემინგსენის თქმით, კასეტები მოიცავს ბენდის შუადღის სესიას, გამხსნელ აქტებს, შემდგომი ღონისძიებების გამოცხადებებს და პრესკონფერენციას ჯგუფის მენეჯერთან, საზოგადოებასთან ურთიერთობის წარმომადგენელთან და ბიბისის წამყვანთან.
Beatles-ის სესია დაახლოებით ნახევარსაათიანია და 12 სიმღერისგან შედგება. გამხსნელი აქტების ჩათვლით, კასეტები 39 კომპოზიციას მოიცავს.
ჰემინსგენმა ჩანაწერების გასაყიდი ბარათი ექსკლუზიურად „ბილბორდს” აჩვენა. მასში წერია, რომ „კასეტები პირველად ხდება ხელმისაწვდომი იმ ადამიანებისთვის, ვინც აცნობიერებს მის უნიკალურობასა ისტორიულ მნიშვნელობას.” ერთ-ერთმა შემფასებელმა „ბილბორდთან” საუბარში კასეტების ღირებულება 60 000-დან 80 000 დოლარამდე განსაზღვრა. აუქციონის შემთხვევაში კი, მისი თქმით, შესაძლოა 100 000 დოლარსაც გასცდეს. თუმცა ერთადერთი პოტენციური მყიდველი, რომელსაც ამ ჩანაწერების საჯაროდ გამოცემის უფლება ექნება, მათზე საავტორო უფლებების მფლობელი Apple Corps-ია, რომლისგანაც ჯერჯერობით შეთავაზება არ წამოსულა.
ჰემინსგენის თქმით, აუდიოკასეტები ჩაწერილია „ტორონტო არგონავტსის” ყოფილი ფეხბურთელის, დონ მაკენზის მიერ, რომელიც კანადის საფეხბურთო ლიგის შემდეგ 40 წელი მუშაობდა Maple Leaf Gardens-ის ხელმძღვანელად. მაკენზი 2001 წელს გარდაიცვალა.
წლების განმავლობაში ნაწარმოები კვლევისას 2016 წლის წიგნისთვის The Beatles In Canada: The Origins of Beatlemania, ჰემინგსენმა აღმოაჩინა, რომ არსებობდა მაკენზის მიერ Beatles-ის 1964 წლის 7 სექტემბრის კონცერტის სამოყვარულოდ გადაღებული შავ-თეთრი უხმო ვიდეოჩანაწერი. მან ფილმი 2010 წელს მაკენზის ვაჟისგან იყიდა, რომელმაც ფილმს ორი აუდიოკასეტა მოაყოლა.
„არ ველოდი იმას, რაც ამ კასეტებზე დამხვდა. ჩემთვის ჯერ კიდევ რთულია ამის დაჯერება,” – ამბობს ჰემინგსენი.
ჰემინგსენი არ ასახელებს თანხას, რომელიც მაკენზის ვაჟს გადაუხადა, თუმცა, ამბობს, რომ ძვირი არ ყოფილა, რადგან მათ არ იცოდნენ, თუ რა იყო კასეტებზე. „ჩემთვის ერთგვარი რისკი იყო მათი ყიდვა, რადგან დიდი დრო დამჭირდა სათანადო მოწყობილობის საპოვნელად, რომლითაც ჩანაწერს მოვისმენდი.”
როგორც ჰემინგსენი ამბობს, მას ჩანაწერების ასლები არ გაუკეთებია და მეგობრებისთვისაც კი არ უჩვენებია. კასეტები მხოლოდ რამდენიმე ადამიანს აქვს მოსმენილი. Მისი თქმით, როცა კასეტებს ხმის ჩამწერი სტუდიის მოწყობილობით მოუსმინა, ისეთი გრძნობა ჰქონდა, თითქოს, სცენაზე ჯგუფთან ერთად იდგა.
ჰემინგსენს სურვილი აქვს, გაყიდვის შემდეგ კასეტის ასლი დაიტოვოს, თუმცა ამბობს, რომ ყველაფერი მოლაპარაკებაზეა დამოკიდებული. „თუ ვინმე დაჟინებით მოითხოვს, დავთმობ,” – აღნიშნავს ის.
Beatles-ს კანადაში სულ 9 კონცერტი ჰქონდა, მათ შორის ექვსი Maple Leaf Gardens-ში. ჰემინგსენი ასევე ფლობს ტორონტოს სხვა, 1966 წლის კონცერტის კიდევ ერთ უნიკალურ ჩანაწერს, რომელიც 2008 წელს „იბეიზე” იყიდა და 2017 წელს ტორონტოს უნივერსიტეტს აჩუქა. Ჩანაწერი 22 000 დოლარად არის შეფასებული.
„ბილბორდთან” საუბარში Omega Auctions-ის მენეჯერი დენ მუსკატელი-ჰემპსონი ამბობს: „კონცერტის ჩანაწერები ძალიან იშვიათია და შესაბამისად, მეტი ღირებულების მქონე, ვიდრე ინტერვიუები. მაგრამ აქ მთავარი ისაა, თუ როგორ შეგიძლია მათი გამოყენება. ყიდვის შემთხვევაში, საუკეთესო ჩანაწერს მიიღებ შენთვის. თუმცა თუ ოდესმე ეცდები, რომ ის კომერციულად გამოიყენო, „ეფლი” და პოლ მაკარტნი მომავალ საუკუნემდე გიჩივლებენ. ასე რომ, ეს ფაქტი მის კომერციულ ღირებულებას ზღუდავს.”
ჰემპსონი ჰემინგსენს ფინანსურად კასეტების აუქციონზე გაყიდვას ურჩევს. თუმცა, როგორც ჩანს, ჰემინგსენს მათი Apple Corps-ისთვის მიყიდვა ურჩევნია, რომელიც ჩანაწერს საჯაროდ გამოსცემს, რათა ყველას ჰქონდეს მისი მოსმენის საშუალება. ის იმედოვნებს, რომ ეს მომავალ წელს, ტორონტოს კონცერტის 60 წლის იუბილემდე მოხდება.
„ასეთ რაღაცას მხოლოდ შენთვის ვერ შეინახავ,” – ამბობს ჰემინგსენი. „გინდა, რომ ის მსოფლიოს გაუზიარო. მეორე მხრივ კი, არსებობს კომერციული ღირებულება და ერთადერთი მხარე, ვისაც მისი გამოცემა შეუძლია, „ეფლია”. ვიღაცას შეუძლია იყიდოს ჩემგან კასეტა და თავისთვის ისიამოვნოს, მაგრამ ისინი ვერასდროს გამოსცემენ მას საჯაროდ. ეს დოკუმენტაცია წერილობით მაქვს მიღებული „ეფლისგან” და ამასთან დაკავშირებით ვერაფერს ვიზამ.”