15 ოქტომბერს Diddy-მ სოციალურ მედიაში დუმილი დაარღვია და ინსტაგრამზე ქალიშვილს, ლავ შონ კომბსს, დაბადების დღე მიულოცა.
ლავ კომბსს 15 ოქტომბერს 2 წელი შეუსრულდა. რეპერმა ინსტაგრამზე ქალიშვილის რამდენიმე ფოტო შემდეგი ტექსტით გამოაქვეყნა:
„გილოცავ დაბადების დღეს… გილოცავ დაბადების დღეს, ჩემო საყვარელო, ჩემო პატარავ, მამას უყვარხარ…” წერს რეპერი პოსტში.
ინსტაგრამ პოსტს კომენტარები გამორთული აქვს და ჯერ კიდევ გაურკვეველია, როგორ განთავსდა პოსტი, როცა Diddy ამჟამად პატიმრობაში იმყოფება.
ბილბორდი კომენტარისთვის შონ კომბსის წარმომადგენელს დაუკავშირდა.
შონ კომბსი ნიუ იორკში 16 სექტემბერს დააკავეს, მას შემდეგ, რაც ნაფიც მსაჯულთა სასამართლომ სექსუალური ძალადობის კუთხით ბრალი წაუყენა. Diddy-ს ადვოკატ მარკ აგნიფილოს თქმით, რეპერი თავს უდანაშაულოდ მიიჩნევს.
გასულ კვირას Diddy-ს იურიდიულმა გუნდმა სასამართლოს მიმართა და მოითხოვა გამოძიება იმის შესახებ, გაჟონა თუ არა ფედერალური ხელისუფლებიდან საქმის მტკიცებულებებმა მედიაში, მათ შორის 2016 წელს სათვალთვალო კამერებით გადაღებულმა ვიდეომ, სადაც შონ კომბსი ლოს-ანჯელესის სასტუმროში ფიზიკურად უსწორდება თავის იმდროინდელ პარტნიორს.
შონ კომბსს არაერთხელ უთხრეს უარი გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლებაზე. რეპერი გისოსებს მიღმა სასამართლო პროცესის დაწყებამდე, 2025 წლის მაისამდე დარჩება.