DuckTape-ის ინტერვიუ ბილბორდ საქართველოსთან

„კარგი მუსიკა შეგრძნებით მამახსოვრდება და არა ბგერით. ასე ვწერთ ხოლმე მუსიკას. მირჩევნია, რაღაცები არ ჟღერდეს კარგად, მაგრამ ემოციურად მეხებოდეს.”
DuckTape - ფოტო: გიო მაჭავარიანი
DuckTape
ფოტო: გიო მაჭავარიანი

თვითგამოხატვის, პიროვნული იდენტობისა და საკუთარი ავთენტურობის გამომხატველი პლატფორმა ყოველთვის იყო, არის და იქნება მუსიკა – მუსიკა, რომელიც ჩარჩოებს ამსხვრევს, თავისუფლების, გულწრფელი ემოციებისა და ექსპრესიული შინაარსის გამომხატველია. სწორედ ასეთი ბენდია DuckTape

DuckTape ქართული ინდი-როკ, ალტერნატიული გრანჟ ბენდია, რომელიც 2012 წელს ჩამოყალიბდა. ბენდი მუსიკალური ჟანრების ეკლექტური შერევითა და პანკ-მუსიკისთვის დამახასიათებელი ენერგიული შესრულებით გამოირჩევა. DuckTape ქართულ ალტერნატიულ მუსიკალურ სივრცეში ერთ-ერთ მნიშვნელოვან ადგილს იკავებს.

ბენდი მრავალწლიანი მოღვაწეობის განმავლობაში არაერთხელ გამოსულა სხვადასხვა სცენასა თუ მუსიკალურ ფესტივალზე, მათ შორის 2015 წელს Tbilisi Open Air-ის მთავარ სცენაზე და 2023 წელს ფესტივალის ზინგერ სთეიჯზე. ცოტა ხნის წინ DuckTape პირველი გასვლითი ტურნეთი გერმანიაში იმყოფებოდა. 

ჯგუფის ამჟამინდელ შემადგენლობაში არიან: გიორგი ხვიტია – გიტარა/ვოკალი, ლუკა გორგოძე – გიტარა/ვოკალი, გიორგი ყაზარაშვილი – დრამი, ბოლო კონცერტზე კი ბენდს რუსტერში ბას გიტარაზე საინდრო ფაილოძე შეუერთდა.

DuckTape
ფოტო: გიო მაჭავარიანი

ნახეთ ბილბორდ საქართველოს ინტერვიუ DuckTape-თან

DuckTape – ბენდის შექმნის ისტორია: 

ლუკა გორგოძე: 

„DuckTape შეიქმნა 2012 წლის ზაფხულში. პირველად სამნი ვიყავით: მე, ჩვენი ყოფილი ბასისტი გივიკო და ბატონი მიხეილ ჭკადუა, რომელიც დრამზე გვყავდა. ზუსტად ოთხ თვეში, პირველივე კონცერტზე დავიმატეთ გიორგი მეორე გიტარაზე, რამაც ძალიან შეკრა მაშინდელი ჩვენი, ასე ვთქვათ, მუსიკალური განათლება, რომელიც, შეიძლება ითქვას, იმ პერიოდში რეალურად არც გვქონია. ასე მოვედით 2024 წლამდე, რაც ჯამში 13 წელს შეადგენს.”

ნოემბრის თვეში DuckTape ახალი EP-ის გამოცემას გეგმავს, რომელშიც ხუთი ტრეკი შევა. EP-ში შესული სინგლები Echoes Of Waterloo Bridge და 16 ბენდმა მუსიკალურ პლატფორმებზე უკვე გამოაქვეყნა.

გიორგი ხვიტია:

„რაც შეეხება ჩვენს ბოლო რელიზებს, 16-იც და Echoes Of Waterloo Bridge-იც, ზუსტად მინდა ვთქვა, რომ 5 წუთში დაიწერა. სტუდიაში დავსხედით, აწერის ღილაკს დავაჭირეთ და ეგრევე დავამთავრეთ. ორივე ტრეკი ესე ჩაიწერა. რა თქმა უნდა, იდეები გონებაში სულ არის, ინსტრუმენტთან და ტექსტთან გონებაში სულ მუშაობ, მაგრამ ეგეც ანომალიასავით არის, ზუსტად იმავეს წერს ლუკა, რასაც მე. ყველგან ამას ვიძახი, რომ ძირითადად რა ტრეკებიც არის კარგი, სმენადი,  Spotify-ს ნახვების მიხედვით რომ შევაფასოთ, ყველა იწერება ეგრევე. 

სიმარტივე შეიძლება ბექგრაუნდში არც ისე მარტივი იყოს. მინიმალიზმი და სიმარტივე შეიძლება იყოს როგორც ერთი და იგივე რამე, ასევე ძალიან განსხვავებული.”

DuckTape-ის მუსიკა ინტროსპექტიულ ტექსტებსა და ენერგიულ რიტმებს მოიცავს, რაც უნიკალურ ატმოსფეროს ქმნის. ბენდის წევრების თქმით, ეს ხშირად მათი ემოციური მდგომარეობით არის განპირობებული. 

გიორგი: 

„საბოლოო ჯამში, ის, რომ მე და ლუკა ანომალიურად ვსინთეზდებით ერთმანეთში, არის არა მხოლოდ იმის ბრალი,  რომ დიდი ხანია ერთად ვაკეთებთ მუსიკას, არამედ იმისიც, რომ ჩვენი ადამიანური მდგომარეობები ხანდახან ძალიან იკვეთება ერთმანეთთან. ეს ბოლო რელიზი რაც არის, მე და ლუკას შიდა ემოციური მდგომარეობები ძალიან ჰგავდა ერთმანეთისას. მეც რაღაც კონკრეტულ სიტუაციას გავდიოდი ცხოვრებაში, რომელიც ადამიანურ ემოციებს ეხებოდა და ლუკაც სადღაც დამეწია ამაში.  საბოლოო ჯამში კი ეს ყველაფერი შემოქმედებით პროცესში აისახება, უცებ ხვდები: მე ეს მაქვს, შენ ეს გაქვს, მეც მტკივა, შენც გტკივა, იღებ გიტარას, აჭერ რექორდს, იწყებ ჩაწერას და ამთავრებ. სიმარტივეში უფრო გულწრფელია რაღაცები.“

ლუკა:

„ყოველთვის მაქვს ის მომენტი, თუ რამდენად გაიგებს ადამიანი იმ მესიჯს, რა მესიჯსაც ვაგზავნით. ასეთი 2000-იანების და 90-იანების ემო მუსიკის ინფლუენსია ჩემთვის ეს ბოლო ორი ტრეკი, ოღონდ რეალურად რაც ნამდვილი ემოა, და არა ის, რაც ხალხთან ასოცირდება, როგორიც არის  მუსიკალურად American Football და Sunny Day Real Estate.

რეალურად რაც გვაქვს ჩაწერილი, პირველი Ep-იც, Based On a True Story, ჩემთვის ძალიან კონცეპტუალური EP-ია, იმიტომ, რომ ყველა ტრეკში ყველა ტექსტი ერთმანეთზეა გადაბმული და სხვა ემოციებთან არის დაკავშირებული.“

მუსიკა და შთაგონება: 

გიორგი:

„ყველაფერი არის ინსპირაცია. დაწყებული ადამიანური ურთიერთობებით, დამთავრებული სოციალური მდგომარეობებით, ჩვენი სიმღერები ძირითადად არ არის ხოლმე ძალიან კონკრეტული. შეიძლება მასიური საკითხი იყოს, რომელიც შემდეგ ჩაშლილია ტექსტუალურადაც და მელოდიურადაც, ლუკას შემთხვევაშიც და ჩემ შემთხვევაშიც ასე იწერება, რომ კონკრეტული ინსპირაცია ხშირ შემთხვევაში არის, მაგრამ ზუსტად იგივე რაოდენობით ხშირ შემთხვევაში არ არის. ზოგადი რაღაცებია, ქრონოლოგიური ცხოვრების ეტაპებია, რასაც გადიოდი შენ და შენს ირგვლივ რასაც გადიოდნენ სხვები და შენ ამჩნევდი.“

ლუკა: „ალბათ DuckTape-ის ტრეკებს რომ გადაუარო, ყველაზე ხშირ შემთხვევაში ყველა ტრეკი რაღაც ემოციასთან არის დაკავშირებული და რაღაც კონკრეტულ საკითხს ეხება.”

DuckTape
ფოტო: გიო მაჭავარიანი

მუსიკალური კარიერის განმავლობაში  DuckTape-ს არაერთი კონცერტი გაუმართავს, თუმცა ალბათ ყველაზე მეტად აღნიშვნას Tbilisi Open Air-ის მთავარ სცენაზე გამოსვლა იმსახურებს, სადაც ქართველი არტისტები სცენას საერთაშორისოდ ცნობილ ბენდებთან იზიარებდნენ.

გიორგი:

„2023-ში დავუკარით  Tbilisi Open Air-ის ზინგერ სთეიჯზე და 2015 წელს ფესტივალის მთავარ სცენაზე დავუკარით. ჩემთვის ეს იყო „მატჩ პოინტი”, როდესაც ისეთ ვიღაცებთან ერთად წერიხარ აფიშაზე, ვისაც ყოველდღე უსმენ. მნიშვნელოვან ლაივებზე თუ ვლაპარაკობთ, ყველა კონცერტს აქვს თავისი მნიშვნელობა, არცერთი ჩვენი კონცერტისთვის არ გვქონია სხვანაირი მიდგომა. მაგალითად, ახლახან ქუთაისში გვქონდა ლაივი, ძალიან კარგი კონცერტი იყო, ანდერგრაუნდ კონცერტებიც ძალიან გვიყვარს, სადაც ზუსტად იცი, ვინ მოდის, ზუსტად იცი, რა რაოდენობაა ხალხის, უფრო უშუალო ატმოსფეროა. სხვადასხვა სპეციფიკა აქვს ამ სცენებზე დაკვრას, მაგრამ იდეურად ყველა მნიშვნელოვანია.

ბენდში მუსიკას გიორგი ხვიტია და ლუკა გორგოძე წერენ. მიუხედავად იმისა, რომ ისინი ერთ მთლიან მუსიკას ქმნიან, ხშირ შემთხვევაში სხვადასხვა მუსიკალური ჟანრის მსმენელებიც არიან. ალბათ სწორედ ეს ქმნის DuckTape-ის ეკლექტური მუსიკის სინთეზს. DuckTape-ის მუსიკის მთავარი თემები პიროვნული კონფლიქტი, მტკივნეული გრძნობები, მარტოობა, თვითიდენტობის ძიება, სევდა და მარცხია, სადაც ხშირად პიროვნული გამოცდილებები და შეხედულებებია წინ წამოწეული.“ 

გიორგი:

„მე და ლუკა ძირითადად მაინც ერთ მუსიკას ვუსმენთ, მაგრამ ქვემოთ რომ იშლება ეს ჟანრები, ძალიან იყოფა. მე, მაგალითად, შემიძლია ჯაზს ვუსმინო, ლუკა კი ჯაზს ვერ უსმენს. მას შეუძლია უსმინოს American Football-ს, მაგრამ მე, მაგალითად, მირჩევნია Alice in Chain-ს მოვუსმინო, თუმცა ამ დროს Daftone-ს ორივე ვუსმენთ. ეს ემოციური მდგომარეობა რომ იკვეთება, იმის აკუმულირებაა, რომ მილიონ რაღაცას ვუსმენთ ერთად და პარალელურად ცალ-ცალკეც. გინდა არ გინდა ეს გრჩება გონებაში. 

კარგი მუსიკა შეგრძნებით  მამახსოვრდება და არა ბგერით. ასე ვწერთ ხოლმე მუსიკას. მირჩევნია, რაღაცები არ ჟღერდეს კარგად, მაგრამ ემოციურად მეხებოდეს, ვხვდებოდე, რომ რაღაც მომენტში რა ემოციაც შემიქმნა მუსიკამ, ვინც მოუსმენს, იმასაც რაღაც ემოციას აღუძრავს…“

DuckTape-ის ახალი, რიგით მეხუთე ალბომის გამოსვლა ნოემბრის ბოლოს იგეგმება, მანამდე კი მოუსმინეთ Ep-ში შესულ ტრეკს Echoes Of Waterloo Bridge:

Share
Tweet
Share
Share
Share

წინა სტატია

არიანა გრანდე Wicked-ის სამსახიობო შემადგენლობის ჩამონათვალში თავისი სრული სახელით წარდგა

შემდეგი სტატია

კაილი მინოუგს 90-იანი წლების თავისუფლება ენატრება

შეიძლება დაგაინტერესოთ

50 Cent გამოეხმაურა Lil Baby-ს აღიარებას, რომ მან აზარტულ თამაშებში 8 მილიონი დოლარი ერთ დღეში წააგო

50 Cent-მა Lil Baby-ს ინტერვიუს ფრაგმენტი Instagram-ზე გამოაქვეყნა, თუმცა მოგვიანებით ვიდეო წაიშალა.
მეტი

არიანა გრანდემ მანჩესტერის საავადმყოფოებში მყოფ ბავშვებს საშობაო საჩუქრები გადასცა

საქველმოქმედო ორგანიზაციის განცხადებით, მომღერლის მიერ გაგზავნილი საჩუქრები გადაეცა ჩვილებს, ბავშვებსა და მოზარდებს, რომლებიც მკურნალობას გადიან და ამიტომ დროებით ცხოვრობენ საავადმყოფოებში.
მეტი

ხატია ბუნიათიშვილმა საფრანგეთის საზოგადოებრივი ტელევიზიის ეთერში ჯანსუღ კახიძის „ალილო” შეასრულა

ხატია ბუნიათიშვილმა შოუს მსვლელობისას საქართველოში მიმდინარე მოვლენებზეც ისაუბრა.
მეტი
Wham! - Last Christmas Courtesy Photo

Wham!-ის წევრ ენდრიუ რიჯლის თქმით, ცნობილი სიმღერის, Last Christmas-ის მრავალი ქავერი მისი გენიალურობის დასტურია

Pop Shop Podcast-ში ენდრიუ რიჯლიმ მუდმივად აქტუალურ ჰიტზე, Last Christmas-ზე ისაუბრა, რომელიც შესრულებულია საბრინა კარპენტერის, ჩაპელ როიანის, არიანა გრანდეს, ტეილორ სვიფტის და სხვა მრავალი ცნობილი მომღერლის მიერ.
მეტი

Jazz club 1984 მუსიკალურ საღამოებს 27 დეკემბრიდან აღადგენს

„27 დეკემბრიდან აღვადგენთ მუსიკალურ საღამოებს, რომლებიც ფინანსურად ხელს გაუმართავს მიმდინარე პროცესების შედეგად უსახსროდ დარჩენილ მუსიკოსებს.“
მეტი