მაშინ, როდესაც ხშირად მუსიკაში ავთენტურობა ეფექტებით იკარგება, ბაკურ ბურდულისთვის დამახასიათებელი ხმა და მუსიკა ყოველთვის შეგიძლია გამოარჩიო. რამდენიმე დღის წინ მუსიკოსმა სიმღერა „სადღაც ყოველთვის“ Youtube პლატფორმაზე გარკვეული პაუზის შემდეგ პირველად გამოაქვეყნა.
სიმღერის ავტორი თავად ბაკურ ბურდულია, რომელიც თავადვე უკრავს გიტარაზე, ბას გიტარა და არანჟირება ნიკა კოჩაროვს ეკუთვნის, სოლო გიტარებზე კი ანრი გოგიტაური და გურამ მაჭავარიანი უკრავენ. დრამზე სანდრო სულაქველიძეა, ფორტეპიანო – Gura Gurs, ბექვოკალი – BarbaraBell. სიმღერის მიქსინგი და მასტერინგი მუსიკოსმა გიორგი ერგემლიძემ შეასრულა.
„ეს სიმღერა ადრე არის დაწერილი. მას მერე, რაც გამოუშვი სიმღერა „ფეთქავს“, გარკვეული პერიოდი პაუზა მქონდა. კონცერტებს ხშირად აღარ ვატარებდი, მაგრამ მუსიკას ყოველთვის ვწერდი და ამ მიმართულებით არ ვჩერდებოდი. ცხოვრება ხან ისეა, ხან ასე, ძალიან რთულია ყველაფერში სტაბილური იყო, ჩემთვის ყოველ შემთხვევაში იმ პერიოდში ასე იყო. მაგრამ, მიუხედავად ყველაფრისა, მუსიკას სულ ვწერდი. ერთხელ ისე მოხდა, რომ ჩემი ათამდე ძველი სიმღერა მეგობრებს მოვასმენინე, გიტარაზე დავუკარი. თავად ყველა მოგწონს, ამიტომ სხვისი აზრი ამ შემთხვევაში მნიშვნელოვანია. ამ სიმღერაზე ჩემმა მეგობრებმა ყველაზე მეტად გაამახვილეს ყურადღება, ძალიან მოეწონათ და მითხრეს, რომ ეს სიმღერა აუცილებლად უნდა ჩაიწეროსო. ნიკა კოჩაროვი ამის ერთ-ერთი მთავარი ინიციატორი იყო, სტუდია ჰქონდა და დახმარება შემომთავაზა“.
როგორც ბაკურ ბურდული ამბობს, უახლოეს მომავალში სიმღერის მუსიკალური კლიპისა და ალბომის გამოსვლაც იგეგმება.
„სამომავლოდ აუცილებლად ვგეგმავ ამ სიმღერაზე კლიპის გადაღებასაც. პირდაპირ ალბომის გამოშვებისთვის უკვე ისეთი დროა, რომ მსმენელი ვეღარც ასწრებს წესიერად მოსმენას, ამიტომ გადავწყვიტე მთელი ალბომი სინგლების სახით გამოვუშვა და ბოლოს უკვე ერთიანად გამოვა ალბომის სახით. ყოველ ერთ თვეში ან ორ თვეში ერთხელ ახალი სიმღერის გამოშვებას ვგეგმავთ.
დღეს უკვე იმდენად არის აჩქარებული ყველაფერი, რომ ათსიმღერიან ალბომს ცოტა თუ მოუსმენს. უფრო EP-ის სახით გამოვა ალბათ ჩემი მომავალი ნამუშევარი. ამჟამად ჩაწერებზე ვმუშაობთ, ეს სიმღერა ახალ ალბომში შევა და სავარაუდოდ მომავალ ალბომს შეიძლება ამ სიმღერის სახელიც დაერქვას.“
მოისმინეთ ბაკურ ბურდულის სიმღერა „სადღაც ყოველთვის”