ვინაიდან 21-ე საუკუნის პირველი მეოთხედი დასასრულს უახლოვდება, „ბილბორდი” მომდევნო თვეების განმავლობაში გამოცემის გუნდის მიერ შედგენილ, ბოლო 25 წლის უდიდესი პოპვარსკვლავების რეიტინგს შემოგთავაზებთ.
წარმოგიდგენთ სიის მეოთხე ნომერს – დრეიკი
ის, ფაქტობრივად, არაფრიდან გამოჩნდა და ჰიპ-ჰოპი პოპმუსიკის ცენტრში მოაქცია ისე, როგორც არასდროს.
2018 წლისთვის ჰიპ-ჰოპის დომინაცია პოპულარულ მუსიკაში უკვე ოფიციალურად იყო აღიარებული. როცა სტრიმინგს უკვე ჩანაცვლებული ჰქონდა რადიო, როგორც მუსიკის მოხმარების დომინანტური ფორმა, რეპი მუსიკალურ ლანდშაფტს უპრეცედენტო დონეზე ფარავდა – წლის ბოლოს გასტრიმული სიმღერების 75 ტიტულიდან ორი მესამედი სწორედ ჰიპ-ჰოპ არტისტებს ეკუთვნოდა. Billboard Hot 100-ის ლიდერ პოზიციაზე დომინირებდნენ ქარდი ბი, ტრევის სკოტი, პოსტ მელოუნი, Childish Gambino და XXXTENTACION. ეს იყო ჟანრის ყველაზე ტრიუმფალური მეინსტრიმი. მის წინა ხაზზე კი იდგა ბიჭი, რომელიც იმ დროის წამყვანი ჰიტმეიკერი და არტისტი იყო და რომლის წარმატების დეკადამაც ეს ყველაფერი შესაძლებელი გახადა: ობრი დრეიკ გრეჰემი.
ჩარტების სტატისტიკით, დრეიკის მიღწევები 21-ე საუკუნის ყველა სხვა არტისტს ჩამოიტოვებს. ამ პერიოდის არც ერთ მუსიკოსს არ გაუმეორებია მისი რეკორდული კომბინაცია Billboard Hot 100-ის 13 ლიდერი სინგლითა და Billboard 200-ის 13 ლიდერი ალბომით. ერთადერთი, ვისაც ამ შედეგის დატრაბახება შეუძლია, Beatles-ია, რომლის ტატუც დრეიკმა მარცხენა ხელზე 2019 წელს მას შემდეგ გაიკეთა, რაც მათ „ბილბორდის” ერთ-ერთ ნიშნულში გადაუსწრო. სხვა არც ერთი პერიოდის არც ერთი არტისტი ახლოსაც კი არ მისულა დრეიკის კარიერის რეკორდთან – 338 შესვლა Hot 100-ში.
თუმცა რამდენადაც შთამბეჭდავია მისი ჩარტების სტატისტიკა, დრეიკის გავლენა ეპოქაზე ამ სტატისტიკასაც კი სცდება. იმ წუთიდან, როცა ის პირველად იქცა მეინსტრიმად 2009 წელს, დრეიკმა ჰიპ-ჰოპ ვარსკვლავობის პარამეტრები გააფართოვა, როგორც ჟღერადობის, ასევე ჟანრის უდიდესი ჰიტების კონტენტის მხრივ. განსხვავებით მისი წინამორბედებისგან, დრეიკი არასდროს „გამხდარა” პოპი, ის ყოველთვის პოპი იყო, თანაც ისე, რომ ეს მისი არტისტული იდენტობის ბირთვს წარმოადგენდა და ამას ხელიც კი არ შეუშლია მისი, როგორც რეპერის პროფესიონალიზმისთვის. ამ მულტიჟანრულ გზაზე მას ბევრი არტისტი გაჰყვა და 2010 წლისთვის რადიოების მთელი პროგრამა სავსე იყო სიმღერებით, რომლებიც ისე ჟღერდა, როგორც თავად არტისტმა ერთხელ მათ უწოდა: Drake featuring Drake.
და მიუხედავად იმისა, რომ ის არასდროს ყოფილა ისეთი ყურადღების ცენტრში, როგორც, მაგალითად, კანიე უესტი ან ლედი გაგა (რეალურად მას არ გაუმეორებია მათი გრემის ან VMA-ს შედეგები), დრეიკმა იპოვა სხვა, უფრო 21-ე საუკუნის გზა, რითაც სამუდამოდ დაამკვიდრა თავისი კულტურული გავლენა. ის მიხვდა, თუ როგორ გამოეყენებინა ინტერნეტი და სოციალური მედია საკუთარი სარგებლისთვის იმაზე უკეთ, ვიდრე ეს მისი ეპოქის ნებისმიერმა სხვა ვარსკვლავმა შეძლო. მის მიერ ტვიტერსა და ინსტაგრამზე მიღწეულმა გავრცელების არეალმა კი ისეთ დონეს მიაღწია, რასთან შედარებითაც ყველაზე დიდი დაჯილდოების სცენებიც კი მცირე ჩანდა.
კარიერის პირველ დეკადაში დრეიკის, როგორც კულტურის დამპყრობლის დიდებულება აშკარა იყო და ეს გამოიხატებოდა არა მხოლოდ ჩარტების ლიდერი ჰიტებითა და ყველგან მყოფი მეინსტრიმით, არამედ იმ პერიოდის ყველაზე საყვარელი ალბომებითა და ეპოქის ერთ-ერთი საუკეთესო ვიდეოგრაფიითაც. იმ პერიოდში დრეიკს დომინირებას ვერავინ შეეცილებოდა.
ისე ჩანდა, რომ მისი მეფობა უსასრულოდ გაგრძელდებოდა, თუმცა 2024 წელს დრეიკს უკან დახევა მოუხდა. პირველ რიგში, ნაკლებად აღიარებული ალბომებითა და სინგლებით, რომლებმაც, მართალია, კომერციულ წარმატებას მიაღწიეს, თუმცა ამავდროულად მისი ერთ დროს ტყვიაგაუმტარი სტატუსი მოწყვლადი გახადეს. შემდეგ კი მისსავე მსგავსად ძლევამოსილმა მეტოქემ დრეიკის ყველა სისუსტე სააშკარაოზე გამოიტანა და 15 წლის შემდეგ დაამტკიცა, რომ რეპი ახალი ლიდერისთვის უკვე მზად იყო. თუმცა ის განვლილი 15 წელი ამტკიცებს, რომ შესაძლოა, დრეიკის ამჟამინდელი სტატუსი კითხვის ნიშნის ქვეშაა, მაგრამ მისი ყველა დროის სტატისტიკა – არა. მისი მემკვიდრეობა ძლიერადაა ამოტვიფრული და ვერასდროს წაიშლება.
თუმცა ეს ყველაფერი ჰორიზონტზეც არ ჩანდა 2000-იანი წლების შუაში, როცა დრეიკი ცნობილი იყო (ძირითადად კანადის აუდიტორიისთვის), როგორც მსახიობი, რომელიც ჯიმი ბრუკსის როლს ასრულებდა ახალგაზრდულ სერიალში Degrassi: The Next Generation. გადაღებების მერე, ღამით, ის მუსიკას წერდა, შემდეგ კი გვიან გადასაღებ მოედანზე ბრუნდებოდა და იქ იძინებდა, რათა მეორე დღეს გადაღებაზე არ დაეგვიანა. ჩანაწერები დაუმუშავებელი იყო, მაგრამ ისინი მაინც წარმოაჩენდა დრეიკის უნიკალურ ხმასა და სტილს, რომელიც იმ დროს უკვე იყო სიმღერისა და რეპის ნაზავი.
მალე დრეიკმა ყურადღება მიიპყრო ადამიანის, რომელმაც მომავალში მისი კარიერა მთლიანად შეცვალა. ეს იყო ლილ უეინი, რომელმაც დრეიკი ტურნეში მიიწვია და მასთან თანამშრომლობა დაიწყო სიმღერებზე, რომლებიც შემდეგ შევიდა 2009 წლის საკვანძო მიქსტეიპში So Far Gone. სიმღერები Lust for Life, Houstatlantavegas და November 18th არაფრით ჰგავდა იმას, რაც ფანებს მანამდე ჰქონდათ მოსმენილი. და განსხვავებით სხვა მიქსტეიპებისგან, რომლებიც 2000-იან წლებში გამოდიოდა, So Far Gone ჰიტ სინგლებსაც შეიცავდა. მათ შორის ყველაზე დიდი ჰიტი Best I Ever Had გახდა, რომელმაც Billboard Hot 100-ში მეორე ადგილი დაიკავა და დრეიკი ვარსკვლავად აქცია.
2009 წლის ბოლოს დრეიკი უკვე ყველგან იყო. ის აკურთხა ჰიპ-ჰოპ სამყაროს იმ დროის სამმა ყველაზე დიდმა ფიგურამ – ლილ უეინმა, კანიე უესტმა და ემინემმა, რომლებმაც მონაწილეობა მიიღეს დრეიკის სიმღერაში Forever, რომელიც ლებრონ ჯეიმსზე შექმნილი დოკუმენტური ფილმის, More Than a Game-ის საუნდტრეკია. უეინმა დრეიკს ოფიციალური კონტრაქტი გაუფორმა და საკუთარი ლეიბლის მთავარ იარაღადაც აქცია.
ის ფაქტი, რომ დრეიკს გვერდით ლილ უეინი ჰყავდა, მისი წარმატების უმნიშვნელოვანესი ფაქტორი გახდა. 2000-იანი წლების ბოლოს უეინი (დაბადებული, როგორც დუეინ კარტერი) ამერიკის ყველაზე დიდი რეპერი და უკვე აღიარებული ლეგენდა იყო. შესაბამისად, ჰიპ-ჰოპის ყველაზე ძლევამოსილ კაცთან კონტრაქტის გაფორმებით, საზოგადოებრივი აზრის შემქმნელებს სხვა არჩევანი აღარ ჰქონდათ, გარდა იმისა, რომ უეინის ახალი პროტეჟესთვის შანსი მიეცათ. იმ წუთიდან კი, რაც დრეიკმა ამ კარში ფეხი შედგა, მისმა ენერგიამ, ნიჭმა და დიდი რაოდენობის ჰიტებმა დაამტკიცეს, რომ მას შენობის სრულად ასაღებად დიდი ხანი არ დასჭირდებოდა.
2010 წლისთვის დრეიკი ყველგან იყო, თანაც ისეთ დონეზე, რომ აღარავის ახსოვდა ფაქტი, რომ მას ოფიციალური სადებიუტო ალბომიც კი არ ჰქონდა გამოცემული. იმ წლის ივნისში Thank Me Later გამოვიდა, რომელშიც ისეთი დიდი რეპერებიც მონაწილეობდნენ, როგორებიც იყვნენ Young Jeezy, ლილ უეინი და ჯეი ზიც კი. ჰიტებმა Over, Miss Me, Find Your Love დრეიკის ამბის თხრობის სტილი ნათელი გახადა და მყარად დაამკვიდრა. თუმცა ალბომმა განსხვავებული უკუკავშირი დაიმსახურა ფანებისა და კრიტიკოსებისგან და მიუხედავად იმისა, რომ პირველ კვირაში გაყიდვებმა 441 000 ერთეული შეადგინა, რაც იმ წლის ყველაზე კარგი შედეგი და საკმარისი მაჩვენებელი იყო ჩარტის პირველი ადგილისთვის, ეს მონაცემი მაინც დაბალი იყო იმ მოლოდინისთვის, რაზეც არსებული განწყობები მიუთითებდა.
შემდეგი დეკადა დრეიკმა უფრო მეტი ჰიტით დაიწყო. მან ჩაწერა სიმღერები ორ წამყვან ქალ არტისტთან – რიანასა და ნიკი მინაჟთან. მეგავარსკვლავებთან რეპერის აშკარა ქიმიამ დრეიკს ადგილი პირდაპირ პოპის ცენტრში დაუმკვიდრა.
2011 წელს მისმა მეორე ალბომმა Take Care წინამორბედს ყველა ასპექტში აჯობა, როგორც კომერციულად, ასევე კრიტიკულად და წლის საუკეთესო შეფასებებიც დაიმსახურა. ალბომში მონაწილეობდნენ რიანა, ნიკი მინაჟი, უეინი, თუმცა ყველაზე აღსანიშნავი ახალბედა მუსიკოსები იყვნენ: The Weeknd და კენდრიკ ლამარი.
დრეიკი თავის დიდებას ინარჩუნებდა და თანდათან კიდევ უფრო და უფრო დიდი ხდებოდა. „ისეთივე ცნობილი ვარ, როგორიც ჩემი მენტორი,” – მღერის 2013 წელს გამოცემული მესამე ალბომის, Nothing Was the Same-ის გამხსნელ სინგლში Tuscan Leather. ალბომს კიდევ უფრო ძლიერი დებიუტი ჰქონდა, ვიდრე Take Care-ს. მან ასევე დადებითი შეფასებები დაიმსახურა, რითაც დამტკიცდა, რომ საზოგადოება ახლა დრეიკის გვერდით იყო, მიუხედავად იმისა, თუ რამდენად კომერციულად წარმატებული იყო მისი პროექტები.
2010-იანების შუაში დრეიკს უკვე მყარად ჰქონდა მონიშნული ადგილი პოპკულტურაში. ის პოპინდუსტრიის გარდაუვალი ნაწილი იყო, როგორც საჯარო გამოჩენებით (2014 წელს მან წაიყვანა Saturday Night Live და ESPY), ასევე იმით, თუ როგორ ხდებოდა მისი ტექსტები სოციალური მედიის დიალექტის ნაწილი. ფრაზები, როგორებიცაა, მაგალითად YOLO, no new friends და motherf–kers never loved us, იმდენად საზოგადო გახდა, რომ მათ, ვინც დრეიკის ფანი არ არის, შესაძლოა არც კი იცოდნენ, რომ აღნიშნული ფრაზები სწორედ მისგან იღებს სათავეს.
ამ ყველაფერმა დრეიკი 2015 წლამდე მიიყვანა, რომელიც მისი კარიერის ყველაზე დრამატული ეპიზოდი იყო. წელი მაღალ ნოტზე დაიწყო ალბომით If You’re Reading This It’s Too Late – მკაფიოდ არაკომერციული, ანდერგრაუნდზე გათვლილი პროექტით, რომელსაც არ ჰქონია გამოკვეთილი სინგლები, მაგრამ მაინც მოახერხა ფანებისა და კრიტიკოსების მოხიბვლა, ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი შეფასებები დაიმსახურა და დრეიკის ჩარტის მეოთხე ლიდერი ალბომი გახდა. თუმცა იმავე ზაფხულს მუსიკოსი საზოგადოების სამიზნე გახდა, როცა მისი ურთიერთობა რეპერ მიკ მილთან დაიძაბა. მიკი აშკარად განაწყენებული იყო იმაზე, რომ დრეიკმა პოპულარიზება არ გაუკეთა მის ალბომს, რომელშიც თავადაც მონაწილეობდა. ამის გამო კი სოციალურ მედიაში მილმა დრეიკი დაადანაშაულა, რომ ის თავის რეპს თავად არ წერდა.
ბრალდებებისა და დამბრალებლის კომბინაცია შესაძლოა მომაკვდინებელი აღმოჩენილიყო დრეიკისთვის, რომლის უპირველესი სისუსტეც, როგორც ანდერგრაუნდ რეპში წასული სატელევიზიო ფენომენისა, ყოველთვის იყო სანდოობის ნაკლებობა. მიკი კი იმ დროს უფრო ტრადიციული ჰიპ-ჰოპ ბიოგრაფიის, ქუჩების მხრიდან პატივისცემისა და აღმავალი კომერციული წარმატების მქონე რეპერი იყო და სწორედ მისი ალბომი Dreams გახდა Billboard 200-ის ლიდერიც. ადრეული ინდიკატორები იმასაც ამჟღავნებდა, რომ დრეიკი ამ ბრძოლისთვის მზად არ იყო და მისი მუსიკალური პასუხი Charged Up, რომელიც მიკის ბრალდებებიდან ერთ კვირაზე ნაკლებ დროში გამოვიდა, მოუმზადებელი ჩანდა. „შემიძლია გითხრათ, რომ არც ესაა მისი დაწერილი!” – გამოეხმაურა მილი ტვიტერზე.
თუმცა დრეიკი მილის პასუხის პასუხს აღარ დაელოდა და კიდევ ერთი საპასუხო რაუნდი თავადვე წამოიწყო – ამჯერად ბევრად უფრო დამაჯერებელი Back to Back. მაშინ, როდესაც 90-იან და 2000-იან წლებში სიმღერებს შორის პაუზა თვეების განმავლობაში გრძელდებოდა, ახლა დრეიკმა ტემპი უჩვეულოდ ააჩქარა, რათა მიკისთვის უსიამოვნო სიურპრიზები მოემზადებინა და კონკურენტი ლეთარგიულ პოზიციაში წარმოეჩინა. „მე კიდევ ერთი შევქმენი, შენ კიდევ ჯერ წინაზეც არ გიპასუხია,” – მიმართავს მას დრეიკი ისე, თითქოს მის ორ პასუხს შორის არსებული 4-დღიანი პაუზა მთლიანი საალბომო ციკლი ყოფილიყო. თუმცა ამან იმუშავა, სიმღერა ჰიტად იქცა და Billboard Hot 100-ში 21-ე ადგილით შევიდა. მიკის პასუხი Wanna Know კი უკვე დაგვიანებული აღმოჩნდა, რადგან რამდენიმე დღით ადრე დრეიკმა OVO ფესტზე უკვე გამარჯვება გამოაცხადა, სადაც მიკის დამარცხების აღმნიშვნელი ტვიტერის მიმების ფონზე Back to Back შეასრულა. დრეიკმა იცოდა, რომ 2015 წელს სოციალური მედიის ბრძოლაში მოგება მთლიანი ომის მოგებას ნიშნავდა.
რამდენიმე დღეში კი დრეიკმა კიდევ ერთი ჰიტი Hotline Bling გამოსცა, რომელმაც მთელი ინტერნეტი მოიცვა. უფრო ზუსტად კი მისმა ვიდეოკლიპმა, რომელშიც დრეიკი ისეთი მოძრაობებით ცეკვავს, რომლებიც მთელი წლის მიმებად იქცა ისე, რომ მათ საპრეზიდენტო კანდიდატებიც კი იმეორებდნენ. სიმღერა Billboard Hot 100-ის მეორე ადგილზე გავიდა.
2015 დრეიკისთვის საკვანძო წელი იყო, როცა მან იმდენად დაჯაბნა ყველა რეპერი, რომ ერთადერთი კომერციული კონკურენტი, ვინც კი მას დარჩა, ტეილორ სვიფტი და ადელი იყვნენ. ორივე მათგანს ჰქონდა ის ორი რამ, რაც დრეიკს ჯერ კიდევ აკლდა: ჩარტის ლიდერი სიმღერა და პირველივე კვირას მილიონი გაყიდვა. ორივე მაჩვენებელს დრეიკმა 2016 წლის ალბომით Views მიაღწია, რომლის გაყიდვებმაც პირველ კვირას 1.04 მილიონი შეადგინა, ხოლო მისი მთავარი სინგლი One Dance 10 კვირის განმავლობაში Hot 100-ის ლიდერი იყო.
წარმატებით დაიწყო 2018 წელიც. იანვარში მან გამოსცა Scary Hours, რომლის სინგლიც God’s Plan ჩარტში 11 კვირის განმავლობაში ლიდერობდა და მის კიდევ ერთ სავიზიტო ჰიტად იქცა. დრეიკი კი მარტივად გახდა სტრიმინგ ეპოქის ყველაზე წარმატებული არტისტი, ხოლო მისმა დასამახსოვრებელმა ვიდეოკლიპებმა Plan და What მისი მულტიპლატფორმული პოპულარობა გარანტირებული გახადა.
2018 წელს დრეიკმა ჯამში 29 კვირა გაატარა Hot 100-ის ლიდერის პოზიციაზე, რითაც გადაუსწრო ერთი წლის მონაცემების წინა რეკორდსმენს – აშერს. მან ეს დეკადა წამყვან პოზიციაზე ჩახურა და 2019 წელს ჩარტის კიდევ ერთი ლიდერი ალბომი Care Package გამოსცა. დრეიკი ინარჩუნებდა გარანტირებულ ტენდენციას, ყოველი მისი ახალი ალბომი და სინგლი პირველ ადგილზე გასულიყო. ხანგრძლივი სიცოცხლისუნარიანობა მისი ჰიტებისთვის ჩვეული მოვლენა გახდა. თითოეული სიმღერა Scorpion-ის ტრიოდან 8 კვირა ლიდერობდა Hot 100-ში და ეს ვრცელდებოდა ალბომებზეც.
დრეიკი კვლავაც დომინირებდა კულტურის სფეროს 2021 წელს, როცა Certified Lover Boy გამოსცა. თუმცა, მიუხედავად ამისა, ალბომის ეიფორია მხოლოდ ერთი კვირა გაგრძელდა – შთამბეჭდავი 613 000 გაყიდვითა და ჩარტის ლიდერი სინგლით Way 2 Sexy. თუმცა მას გაუჭირდა ისეთი სტაბილური ჰიტის შექმნა, როგორიც Scorpion-ის კლასიკები იყო.
2022 წლის პირველ ნახევარში დრეიკი საკმაოდ ნაყოფიერი იყო. 21 Savage-თან ერთად მან გამოსცა ალბომი Her Loss. შემდეგ იყო 2023 წლის For All the Dogs და მისი Scary Hours Edition. ყველა ამ ნამუშევარმა მოიპოვა ლიდერის პოზიცია და კიდევ უფრო მეტი ჰიტი შემატა დრეიკის Hot 100-ის უკვე რეკორდულ სტატისტიკას. თუმცა ისე ჩანდა, რომ ვერც ერთმა მათგანმა ვერ შეძლო ფანების სრულად დაკმაყოფილება. მიუხედავად ამისა, დრეიკი მაინც განაგრძობდა ისეთ შედეგებზე გასვლას, რომლისთვისაც აქამდე რეპში არავის მიუღწევია. და როცა საქმე ახალი სუპერვარსკვლავის დამკვიდრებაზე მიდგებოდა, ჯერ კიდევ ბუნდოვანი იყო, თუ როდის გამოჩნდებოდა ვინმე ისეთი, ვინც მისი გვირგვინის რეალური მეტოქე გახდებოდა.
2024 წელს პრეტენდენტი საბოლოოდ გამოჩნდა. მართალია, კენდრიკ ლამარი მთელი ეს პერიოდი სულ არსებობდა (დაწყებული 2011 წლიდან, როცა ის პირველად გამოჩნდა დრეიკის ალბომში Take Care და შემდეგ წელს დრეიკმა ის ტურნეშიც წაიყვანა), მაგრამ, მიუხედავად იმისა, რომ რეპერის ურთიერთობა დრეიკთან მალევე გაცივდა და რაღაც ეტაპზე ანტაგონისტურიც კი გახდა, ლამარს რეალურად არასდროს გამოუწვევია დრეიკი რინგზე. 2024 წელს კი კენდერიკმა, Future-სა და მეტრო ბუმინთან ერთად, Like That გამოსცა. სიმღერა Hot 100-ის ლიდერი გახდა, მთელი მსოფლიო კი სუნთქვაშეკრული ელოდა დრეიკის პასუხს.
დრეიკმა უპასუხა – ჯერ სიმღერით Push Ups, შემდეგ კი Taylor Made Freestyle-ით, რომელშიც ხელოვნური ინტელექტის დახმარებით თუფაქი და სნუპ დოგი მონაწილეობდნენ. ერთი კვირის შემდეგ ლამარმა თავდასხმა განაახლა კომპოზიციებით Euphoria და 6:16 in LA, რომლებსაც დრეიკმა იმავე დღეს უპასუხა Family Matters-ით. ლამარი კი სულ რაღაც ერთი საათის შემდეგ ახალი შეტევით დაბრუნდა – Meet the Grahams.
მაშინ, როცა ჰიპ-ჰოპის ფანები დაძაბული უყურებდნენ საოცრად სწრაფ შეტევებსა და მოგერიებებს, თითოეულ რაუნდში ორივე არტისტი შთამბეჭდავად ამჟღავნებდა საკუთარ უნარებს – ლამარი, როგორც უზადო ვერბალური ტაქტიკოსი, ხოლო დრეიკი თავისი სრულიად განახლებული ენერგიის ჟღერადობით.
მალე სპარინგი წელს ქვემოთ ჩამოვიდა: ლამარმა დრეიკი არასრულწლოვან გოგონებთან ურთიერთობაში დაადანაშაულა, დრეიკმა კი ლამარი – საცოლის მიმართ ფიზიკურ შეურაცხყოფაში. მტკიცებულება არც ერთს წარმოუდგენია, ორივე რეპერის ფანები კი ამტკიცებდნენ, რომ ბრძოლას მათი ფავორიტი იგებდა.
თუმცა ეს ყველაფერი ხდებოდა იქამდე, სანამ ლამარი Not Like Us-ს გამოაქვეყნებდა. რამდენიმე დღის შემდეგ Meet the Grahams-ის გამოშვებიდან, რომელზეც დრეიკს ჯერ კიდევ არ ჰქონდა პასუხი გაცემული, Not Like Us ლამარის ყველაზე ბასრი შეტევა გახდა, რომელშიც კენდრიკი მეტოქეს ახსენებს, თუ როგორ იყენებდა ატლანტაში დაფუძნებულ რეპერებს თავის სასარგებლოდ. „შენ არ ხარ კოლეგა. შენ კოლონიზატორი ხარ,” – რეპავს კენდრიკი. მაგრამ ის, რამაც Not Like Us ყველაზე ბასრი გახადა, იყო მისი ღირებულება, როგორც ცალკეული ნამუშევრისა. არ იყო აუცილებელი, ლამარის მხარეს ყოფილიყავი, ისიც კი არ იყო საჭირო, საერთოდ გცოდნოდა, რომ ეს სიმღერა მათი კონფლიქტის ნაწილი იყო – ის ნებისმიერ კონტექსტში საოცრად ჟღერდა.
დრეიკმა კიდევ ერთხელ უპასუხა სიმღერით, რომელიც ძალაგამოცლილად ჟღერდა – The Heart Part VI, მაგრამ ზიანი უკვე მიყენებული იყო. კენდრიკს ქვეყნის კიდევ ერთი უდიდესი ჰიტი ჰქონდა: Not Like Us, რომელიც იყო ჩარტებში, რადიოებში, სტრიმზე, ქუჩებში, კლუბებში და ყველა სპორტულ არენასა თუ სტადიონზე. მაშინ, როცა უკვე გასაგები იყო, რომ ეს ბრძოლა დრეიკმა წააგო (ლამარი მისი თაობის ყველაზე დიდ რეპერად მიიჩნეოდა, ხოლო არავის შეუძლია დარჩეს ტახტზე 15 წლის განმავლობაში ისე, რომ ხალხს მისი ჩამოგდება არ მოუნდეს), ის, თუ როგორ დაეცა დრეიკი, გულწრფელად შოკისმომგვრელი იყო. არავის წარმოუჩენია ჰიტ სინგლების ძალა, შეეცვალათ უარყოფითი ნარატივი ისე დამაჯერებლად და ხშირად, როგორც ამას დრეიკი ახერხებდა. თუმცა ამჯერად კენდრიკმა დაუმარცხებელი პოპსიმღერა გამოსცა, დრეიკი კი თავის ბუნდოვან ჟღერადობაში ჩაიკარგა. კონფლიქტის ასეთი დასასრული თანამედროვე პოპისტორიაში სიუჟეტის მიმართულების ერთ-ერთ ყველაზე მოულოდნელ ცვლილებად რჩება.
დრეიკის ომის შემდგომ რელიზებს, მართალია შედარებით ნაკლები, თუმცა გარკვეული წარმატება მაინც ხვდა წილად, თუმცა ამ ეტაპზე ის მაინც ვერ ახერხებს საუბრის თემის შეცვლას. მის მიმართ არსებული კრიტიკა და დამაზიანებელი ხუმრობები უკვე ძალიან შორს არის წასული. ამ დროს კი ის იყო ღირსეული მეტოქე ლამართან კონფლიქტში, რითაც დაეხმარა ჰიპ-ჰოპს, დაებრუნებინა ძალიან საჭირო რამდენიმეთვიანი მეინსტრიმი იმ წელში, რომელიც უფრო მეტად პოპვარსკვლავების დომინირებით გამოირჩეოდა. თუმცა ახლა დრეიკს მოუწევს, გაარკვიოს, თუ როგორ გაიკვლიოს გზა პოპისა და ჰიპ-ჰოპის არსებულ სურათში, რომელშიც თავად უპირობო ლიდერი აღარ არის, განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც Not Like Us მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული სიმღერაა, კენდრიკ ლამარი კი გამარჯვების წრეზე რჩება, რომელიც მას საბოლოოდ, 2025 წლის თებერვალში, მსოფლიოს ყველაზე დიდ სცენამდე, Super Bowl-ის შოუმდე მიიყვანს.
თუმცა მიუხედავად იმისა, რომ დრეიკი ვეღარ ინარჩუნებს პოპის ცენტრალური ფიგურის სტატუსს ისე, როგორც ეს 2010-იანების პიკში იყო, ეს პიკი მაინც რჩება აბსოლუტურ ლეგენდად და ლამარს სრულიად სამართლიანად შეუძლია, თავის თავს კულტურის მამოძრავებელი ძალა უწოდოს. 2009 წლიდან 2018 წლამდე დრეიკმა სამუდამოდ შეცვალა ორივე – ჰიპ-ჰოპის ჟღერადობა და საზღვრები და პოპულარული მუსიკის ზოგადი მიმართულება. და ეს არ ყოფილა სხვა არტისტების დეკადების მსგავსი, რომლებიც, როგორც წესი, ჩანაწერებს შორის რამდენიმეწლიან პაუზებს მოიცავს. დრეიკმა ათ წელიწადში მოახერხა და მსმენელს ოცი წლის შესაბამისი ტურნეები, ალბომები და ჰიტები აჩუქა, რითაც ის მუდმივად აოცებდა გულშემატკივარს. მან დრეიკის ფანობა სახალისო გახადა. მან ჰიპ-ჰოპისა და პოპის ფანობაც სახალისოდ აქცია.
და შესაძლოა ის ახლა კარიერის ყველაზე რთულ ეტაპს გადის, მაგრამ ფსონის დრეიკის წინააღმდეგ დადება ისტორიულად არაგონივრული ნაბიჯია. მიუხედავად საზოგადოების სურვილისა, უყუროს თავისი გმირების დაცემას, ასევე ყველას უყვარს დაბრუნების კარგი ისტორია. და მიუხედავად იმისა, რომ წინა დეკადის ლიდერი კიდევ ერთხელ იქცა აუტსაიდერად, ეს ის სტატუსია, რომელზეც დრეიკმა კარიერის დასაწყისში ერთხელ უკვე გაიმარჯვა. შესაძლოა გონივრული არაა იმაზე ფიქრი, რომ პოპისტორიაში ერთადერთი არტისტი, 300-ზე მეტი Hot 100-ის ჰიტით, თავისი დიდების პიკში დაბრუნდება, თუმცა უდავოდ აღმაფრთოვანებელია ის ფაქტი, რომ დრეიკს კიდევ აქვს გაუმჯობესების პერსპექტივა, რაც ნიშნავს იმას, რომ შესაძლოა მისი დაბრუნება სულ მალე ვიხილოთ.