2024 წლის უდიდესი პოპვარსკვლავები: წლის დაბრუნება – ჰოზიერი

მას შემდეგ, რაც დეკადით ადრე სენსაციური ჰიტი გამოსცა, ირლანდიელი ავტორ-შემსრულებელი რეალურად არც არსად წასულა. პირიქით, ის განვითარებას განაგრძობდა და 2024 წელს მყარად დაბრუნდა მეინსტრიმის ცენტრში.
ჰოზიერი
Barry McCall

სანამ „ბილბორდი” წლის უდიდესი ვარსკვლავების ათეულის გამოქვეყნებას დაიწყებს, გამოვავლენთ გამოცემის საპატიო ნომინანტებს. ამჯერად წარმოგიდგენთ არტისტს წლის ყველაზე შთამბეჭდავი დაბრუნებით: ირლანდიელი ავტორ-შემსრულებელი ჰოზიერი.

ჰოზიერმა მსოფლიო ცნობადობა 2014 წელს მოიპოვა სიმღერით Take Me to Church – ღრმა როკბალადით რომანტიკულ ურთიერთობაზე, რომელიც რელიგიური დისკრიმინაციის პირისპირ აღმოცენდა. სიმღერა მაშინ Hot 100-ის მეორე ადგილის მფლობელი გახდა. ერთი დეკადის შემდეგ კი, 2024 წელს, ჰოზიერს შეეძლო საკმაოდ დამსახურებული გამარჯვების წრე შეეკრა მას შემდეგ, რაც 2023 წელს ჩარტის ლიდერი ალბომი გამოსცა და დატვირთული ტურნე ჩაატარა. თუმცა, ნაცვლად ამისა, მან 2024 წელი იმ კომერციული წარმატების დაზღვევას მოახმარა, რომელიც მან თავისი ფანკლუბის გაზრდისთვის მთელი დეკადის მუშაობის შედეგად დაიმსახურა.

წლის კულმინაციურ ეტაპზე ჰოზიერსა და მის ფანებთან ყველაფერი კარგად იყო. ალბომმა Unreal Unearth დიდი წარმატება მოიპოვა და სამი ჟანრობრივი ჩარტის – ფოლკის, როკისა და ალტერნატივის ლიდერი გახდა. ალბომი Billboard 200-ში მესამე ადგილზე გავიდა, მისი სინგლი Eat Your Young კი დეკადის შემდეგ პირველად მოხვდა Hot 100-ში. თუმცა არსებობდა ერთი პრობლემა – გრემი. მართალია, ჰოზიერი არასდროს ყოფილა ხმის ჩამწერი აკადემიის ფავორიტი (მას ერთადერთხელ მისცეს ნომინაცია წლის სიმღერის კატეგორიაში 2015 წელს Take Me to Church-სთვის), თუმცა, უზარმაზარი კომერციული წარმატებისა და კრიტიკოსთა აღიარების მიუხედავად, Unreal Unearth-ისა და მისი სინგლების სრული უარყოფა მაინც საკმაოდ მტკივნეული აღმოჩნდა.  

თუმცა ჰოზიერი გზას განაგრძობდა. მას შემდეგ, რაც 2023 წლის უმეტესი ნაწილი აშშ-სა და ევროპის ტურნეში გაატარა, ჩრდილოეთ ამერიკაში მან კიდევ 50-ზე მეტი შოუ დაამატა და აქტიურად გამოდიოდა მუსიკალურ ფესტივალებზეც. მისი მომხიბლავი სასცენო შოუები მის ერთგულ ფანებს ახსენებდა, თუ რატომ შეუყვარდათ ის პირველად, ახალი ფანების ლეგიონები კი მის მძლავრ სამეფოდ გადაიქცა. და რადგანაც ტურნე რამდენიმე კონტინენტს მოიცავდა, ვიდეოები მისი შოუებიდან დაეხმარა ჰოზიერს, შეეძინა „ტიკტოკის” ფანკლუბიც, რომელმაც მუსიკოსისგან გულთამპყრობლის ხატი შექმნა. 

2023 წლის ბოლოს ჰოზიერმა და ნოა კაჰანმა ამ უკანასკნელის Northern Attitude-ის დუეტი ჩაწერეს, რამაც ირლანდიელ მუსიკოსს Church-ის შემდეგ Hot 100-ში პირველად მოუტანა ადგილი ტოპ 40-ში და სცენა მოუმზადა 2024 წლის კომერციული დაბრუნებისთვის. ამ დონის მასშტაბური ფანკლუბი კი მას უკვე Too Sweet-ის გავრცელებასა და გაყიდვაში დაეხმარა – სიმღერის, რომელმაც ფესვები გაუდგა ჰოზიერის მეინსტრიმ კომერციულ აღზევებას. 

Too Sweet თავდაპირველად Hot 100-ის მეხუთე ადგილზე მოხვდა (6 აპრილის მონაცემებით), რაც ჰოზიერის პირველი ტოპ ათეული იყო, ისევ და ისევ Church-ის შემდეგ. თუმცა სამი კვირის შემდეგ (27 აპრილის მონაცემებით), 35.6 მილიონი აშშ-ის სტრიმის წყალობით, პოპ-როკ-სიმღერამ პირველ ადგილს მიაღწია და ჰოზიერის პირველი ჩარტის ლიდერი სინგლი გახდა. მიუხედავად იმისა, რომ სიმღერამ პირველ ადგილზე მხოლოდ ერთი კვირა დაყო, ამ კვირის განმავლობაში მისი კონკურენტები იყვნენ ბიონსე და არიანა გრანდე, ასევე ჩეპელ როუნის, საბრინა კარპენტერისა და Shaboozey-ს ერთობლივი სიმღერა A Bar Song. რაც ყველაზე აღსანიშნავია Too Sweet-ის შემთხვევაში, ესაა ის, თუ რამდენად მცირედი ძალისხმევა დასჭირდა სიმღერას მომხმარებლამდე მისასვლელად. ერთადერთი, რაც ჰოზიერს რეალურად სჭირდებოდა, კარგი სიმღერა და „ტიკტოკის” პოსტი იყო.

Too Sweet-ის წარმატებიდან რამდენიმე თვის შემდეგ ჰოზიერი ფესტივალ Lollapalooza-ს პირველი ღამის ჰედლაინერი გახდა. მისი გამოსვლისას, როცა პირველად შეასრულა Nobody’s Soldier, პირდაპირობით გამორჩეულმა არტისტმა მოწოდება გააკეთა „მშვიდობისთვისა და უსაფრთხოებისთვის ახლო აღმოსავლეთში, რაც, რა თქმა უნდა, ნიშნავს პალესტინის განთავისუფლებას ოკუპაციისა და ძალადობისგან.”

ფესტივალიდან ორ კვირაში ალბომი Unaired გამოვიდა, რომლის მთავარი სინგლიც სწორედ Nobody’s Soldier იყო. მართალია, სიმღერა Hot 100-ში ვერ მოხვდა, თუმცა ის  გახდა ჰოზიერის მიყოლებით მეხუთე ლიდერი სინგლი Adult Alternative Airplay-ში (AAA), რითაც ირლანდიელი მუსიკოსი გახდა პირველი სოლო შემსრულებელი ერთ წელიწადში სამი AAA-ს ლიდერი სიმღერით. ჰოზიერი მხოლოდ ერთი სიმღერით ჩამორჩება AAA-ს ყველა დროის რეკორდსმენ U2-ს, რომელსაც  მიყოლებით ექვსი ლიდერი სინგლი აქვს. 

წლის ბოლოს ჰოზიერმა თავისი ორი EP გააერთიანა და გამოსცა ალბომი Unreal Unearth: Unending. წარმატებულ 2024 წელს კი მუსიკოსი 21 დეკემბერს Saturday Night Live-ში გამოსვლით დაასრულებს. 2014 წლის შემდეგ ეს შოუშიმისი პირველი გამოჩენა იქნება.

ხშირი არ არის, როცა უდავო კომერციული აღზევება კულტურული მნიშვნელობის აღორძინების პარალელურად ხდება, თუმცა ჰოზიერმა წელს ეს მოახერხა. სინგლით Too Sweet მან საკუთარი თავი 2024 წლის ცენტრში მოაქცია და დღის წესრიგში დააბრუნა საუბრები დაჯილდოებების შესახებ. ჰოზიერმა 10 წლის განმავლობაში პირველად, MTV Video Music Awards-ის ორი ნომინაცია მიიღო, თუმცა გრემი ჯერ მაინც მიუწვდომელი რჩება – ირლანდიელი მუსიკოსი 2025 წლის ნომინაციებში არ დაასახელეს. თუმცა, მიუხედავად ამისა, თამამად შეიძლება ითქვას, რომ 2024 წელს ჰოზიერმა თავი ჭეშმარიტ სუპერვარსკვლავად დაიმკვიდრა. და არ აქვს მნიშვნელობა, უბრალოდ სცენაზე ხუმრობს თუ პოლიტიკურ განცხადებას აკეთებს, ადამიანები მის თითოეულ სიტყვას ეჭიდებიან. 

ცოტა თუ იწინასწარმეტყველებდა, რომ Take Me to Church-ის გამოსვლიდან ერთი დეკადის შემდეგ ჰოზიერი ჩარტის ლიდერ სიმღერას გამოსცემდა, თუმცა იმავენაირად, არც იმ დროს ელოდა ბევრი, რომ Church ისეთივე მასობრივი გახდებოდა, როგორიც ის ერთი დეკადის წინ გახდა. ასე რომ, თუ არსებობს თანამედროვე კაშკაშა მაგალითი მეინსტრიმ მუსიკოსისა, რომელიც განუწყვეტლივ ემსახურება და კვებავს თავის ფანკლუბს, შემდეგ კი დამსახურებულად იმკის ამ ძალისხმევის შედეგებს, ეს დანამდვილებით ჰოზიერია.

Share
Tweet
Share
Share
Share

წინა სტატია

„მჯერა” – Sophie Villy-ს მუსიკალური მანიფესტი საქართველოში მიმდინარე პროტესტის მხარდასაჭერად

შემდეგი სტატია

Billboard არაბეთის პირველი მუსიკალური დაჯილდოება

შეიძლება დაგაინტერესოთ

რეჟისორი დევიდ ლინჩი 78 წლის ასაკში გარდაიცვალა

ლინჩის პროექტები სხვადასხვა დროს Billboard-ის ჩარტებშიც მოხვდა. მან ასევე იმუშავა მუსიკალურ ვიდეოებზე. მათ შორის არის ვიდეოები Nine Inch Nails-ის 2013 წლის ჰიტზე Came Back Haunted და Moby-ს 2009 წლის სიმღერაზე Shot in the Back of the Head.
მეტი

ბობ დილანი ტიკტოკს შეუერთდა

ფანების ყურადღება აპლიკაციაში მუსიკოსის დაგვიანებულმა გამოჩენამ მიიქცია - რამდენიმე დღით ადრე აშშ-ში ტიკტოკის მოსალოდნელ აკრძალვამდე.
მეტი

ლოს-ანჯელესის ხანძრის გამო “ბილბორდი” გრემის დაჯილდოებასთან დაკავშირებულ ყველა ღონისძიებას აუქმებს

„ამ დროისთვის ჩვენი ძირითადი მიზანი ჩვენს ხელთ არსებული რესურსების განაწილებაა, რათა მხარი დავუჭიროთ იმ ქალაქის აღდგენის გრძელვადიან პროცესს, რომელსაც სახლს ვუწოდებთ,“ - განაცხადა კომპანიამ 14 იანვარს გაკეთებულ განცხადებაში.
მეტი

ლოს-ანჯელესის ხანძრის მიუხედავად, გრემის დაჯილდოება დაგეგმილ დროს, 2 თებერვალს ჩატარდება

წლევანდელი შოუ ახალ მიზანსაც ისახავს: ხანძრების დასაძლევად დამატებითი თანხები შეგროვდება.
მეტი

ლოს-ანჯელესის ხანძრის გამო The Weeknd-მა ალბომის გამოცემა  გადადო და Rose Bowl-ში დაგეგმილი კონცერტი გააუქმა

ხმაურიანად დაანონსებული Hurry Up Tomorrow არტისტის ალბომების ტრილოგიის მესამე ნაწილია და ის 2024 წლის 24 იანვარს უნდა გამოსულიყო.
მეტი