Black Sabbath შესაძლოა კიდევ ერთხელ გაერთიანდეს. მძიმე მეტალის პიონერი ბენდი ოფიციალურად 2017 წელს დაიშალა, მას შემდეგ, რაც შესაბამისი სახელწოდების ტურნე – The End Tour დაასრულეს. თუმცა ბენდის შემადგენლობა იმ დროს – ვოკალისტი ოზბორნი, გიტარისტი ტონი აიომი, ბასისტი გიზერ ბატლერი და დრამერი ტომი კლაფეტოსი – არ მოიცავდა თანადამფუძნებელ დრამერ ბილ უორდს.
თავდაპირველად უორდმა უარი განაცხადა 2012 წლის ტურნეში მონაწილეობაზე და თქვა, რომ ბენდს დატოვებდა, თუ არ წარუდგენდნენ „სათანადო კონტრაქტს, რომელიც ასახავს ღირსებასა და პატივისცემას ჩემი, როგორც ბენდის თავდაპირველი წევრის მიმართ.” ხოლო ბენდის გადაწყვეტილება, ტურნე მის გარეშე გაეგრძელებინათ, მომავალში ოზბორნის სინანულის საგნად იქცა. მისი თქმით, ამ გადაწყვეტილების შედეგად, „Black Sabbath-ის ლეგენდის წრე დაუსრულებელი დარჩა.”
„სიამოვნებით გავაკეთებდი კონცერტს ბილთან ერთად,” – ამბობდა ოზბორნი ამ წლის მაისში. „იცით, რა იქნებოდა მაგარი? სადმე კლუბში რომ მივსულიყავით წინასწარი გაფრთხილების გარეშე, ექსპრომტად ავმდგარიყავით და ეს გაგვეკეთებინა. ჩვენ ხომ ყველაფერი კლუბში დავიწყეთ.”
ახლა კი საუბარში ბატლერიც ჩაერთო და აღნიშნა, რომ ოზბორნის სურვილი Black Sabbath-ის ფინალური შოუს გამართვისა, ძალიან დიდია.
„ოზი მელაპარაკებოდა იმის შესახებ, თუ როდის გამართავს გამოსამშვიდობებელ კონცერტს, რომლის გაკეთებაც კვლავ სურს. ძალიან უნდა, რომ ისევ გამოვიდეს სცენაზე და დაუკრას. მან შემოგვთავაზა, რომ თავის ფინალურ კონცერტზე ჩვენ ოთხივე ვიყოთ სცენაზე და ერთად 3-4 სიმღერა შევასრულოთ. და მორჩა, დასრულდება.”
უცნობია, მიიღებს თუ არა უორდი მონაწილეობას ამ შესაძლო გაერთიანებაში. ასევე უცნობია ისიც, თუ როდის შედგება ოზბორნის გამოსამშვიდობებელი კონცერტები.
ოზბორნი სცენაზე 2022 წლიდან აღარ გამოსულა – მას შემდეგ, რაც, ჯანმრთელობის გაუარესების გამო, კონცერტების გაუქმება მოუწია. წელს მისმა მეუღლემ დაადასტურა, რომ მუსიკოსი კიდევ ორი კონცერტის ჩატარებას გეგმავს, რათა მსმენელს დაემშვიდობოს. ამ ეტაპზე სხვა დეტალები უცნობია.