36 წლის რეპერმა A$AP Rocky-მ ტრევის სკოტის მაგალითი აიღო და მუსიკალურ ფესტივალზე შთამბეჭდავად წარდგა მსმენელის წინაშე. 15 მარტს ის მუსიკალური ფესტივალის სცენაზე პირდაპირ ვერტმფრენიდან დაეშვა, რომელიც ჰოლივუდ პარკში შეკრებილი უზარმაზარი აუდიტორიის თავზე მოფრინავდა.
შავი ვერტმფრენის კაბინაში მჯდომმა როკიმ შეასრულა ჯერ ოფიციალურად გამოუცემელი ტრეკი, სავარაუდო სახელით – All Black (Stole Ya Flow). ეს სიმღერა მან პირველად 2023 წელს, Rolling Loud Miami-ზე წარადგინა.
სცენაზე დაშვების შემდეგ, ჰიპ-ჰოპ ვარსკვლავმა პერფორმანსი დაიწყო. არტისტმა შეასრულა ჰიტები: A$AP Forever, RIOT (Rowdy Pipe’n) და Tailor Swif. ამასთან, მან კიდევ ერთი ახალი, აქამდე გამოუცემელი სიმღერა – Your Honor წარადგინა. სცენაზე როკიმ Skepta-ც მოიწვია, რათა 2018 წლის ტრეკი Praise the Lord (Da Shine) ერთობლივად შეესრულებინათ. არტისტმა შოუ დახურა სინგლით – Lord Pretty Flacko Jodye 2.
A$AP Rocky-ს გამოსვლას რიანა მაყურებლების რიგებიდან გულშემატკივრობდა. ეს იყო A$AP-ის პირველი ცოცხალი შესრულება მას შემდეგ, რაც რეპერი ლოს-ანჯელესის სასამართლომ ორ ბრალდებაში საბოლოოდ გაამართლა. ფანების მიერ გადაღებულ ვიდეოში მისი სასამართლო პროცესის ამსახველი მოკლე ფრაგმენტიც მოხვდა.
Rolling Loud California-ს სცენაზე ასევე გამოვიდნენ YG, Sexyy Red, Peso Pluma და BossMan Dlow. ფესტივალი 16 მარტსაც გაგრძელდა. ამ საფესტივალო დღეს მსმენელმა სცენაზე Playboi Carti, Ken Carson, Destroy Lonely, Quavo და სხვა არტისტები იხილა.
თებერვალში A$AP-მა ჟურნალ GQ-სთან საუბრისას დაანონსებული ალბომის, Don’t Be Dumb-ის შესახებ განახლებული ინფორმაცია გააზიარა. თუმცა ალბომის ოფიციალური გამოშვების თარიღი ჯერ კიდევ არ გამოცხადებულა. „ახლა მიქსინგისა და მასტერინგის ეტაპზე ვარ,“ – უთხრა როკიმ გამოცემას. „მაგრამ მგონია, ხალხს ამ ალბომის შესახებ სიახლეების მოსმენა უკვე მოსწყინდა.”
იხილეთ A$AP Rocky-ის გამოსვლა Rolling Loud California 2025-ზე: