2-6 აპრილს საქართველო საერთაშორისო თეატრალურ ფესტივალ SITFY-ს უმასპინძლებს, რომლის ფარგლებშიც თბილისს 15 ქვეყნის თეატრალური დასი ეწვევა. ფესტივალს საკონკურსო ხასიათი აქვს. მონაწილე ქვეყნები წარმოადგენენ ორკაციან სპექტაკლებს (დუოდრამა), რომელთაც საერთაშორისო ჟიური შეაფასებს.
„SITFY საქართველო – საერთაშორისო თეატრალური ფესტივალი (აბრეშუმის გზა)” 2 აპრილს თუმანიშვილის თეატრში გაიხსნება. ფესტივალის დახურვა კი 6 აპრილს სოხუმის თეატრში შედგება, სადაც კონკურსის გამარჯვებულებიც დაჯილდოვდებიან.
ფესტივალის მონაწილე ქვეყნებს შორის არიან: საუდის არაბეთი, რუმინეთი, კატარი, ომანი, თურქეთი, იაპონია, უნგრეთი, საქართველო და სხვები. თითოეული დასი ერთსაათიან სპექტაკლს წარმოადგენს, რომელიც მხოლოდ ერთხელ შესრულდება.
ღონისძიების ორგანიზატორები არიან: შარმ ელ-შეიხის საერთაშორისო თეატრალური ფესტივალი ახალგაზრდებისთვის (SITFY) და იუნესკოს თეატრის საერთაშორისო ინსტიტუტის საქართველოს ეროვნული ცენტრი (ITI Georgia).
„SITFY” საქართველო თბილისის მერიის, ეგვიპტის კულტურის მინისტრისა და სამხრეთ სინაის გუბერნატორის პატრონაჟით, ასევე ეგვიპტის ტურიზმისა და კულტურული მემკვიდრეობის სამინისტროს მხარდაჭერით ხორციელდება.
ბილეთების შეძენა შეგიძლიათ ბმულზე.