საუკეთესო რეპალბომისთვის გრემის მოგებისა და Anxiety-ს Billboard Hot 100-ის ტოპ ათეულში მოხვედრის შემდეგ Doechii ამჯერად Billboard Women in Music 2025-ზე გამოჩნდა, როგორც წლის ქალის ტიტულის მფლობელი. რეპერი სცენაზე მისმა ორმა მუსიკალურმა პარტნიორმა, ჯეიდა ლავმა და დიჯეი მის მილანმა წარადგინეს.
„არ მჯერა, რომ სულ რაღაც ორი წლის წინ ამ სცენაზე ვიდექი და „ბილბორდის” ამომავალი ვარსკვლავის ჯილდოს ვიღებდი. ისეთი მონდომებით ვასრულებდი და ვცეკვავდი,” – გაიხსენა რეპერმა 2023 წლის Billboard Women in Music-ზე გამოსვლა. „და, აი, ახლა ისევ აქ ვარ.”
მას შემდეგ კი, რაც ოჯახს, ღმერთსა და თავისი გუნდის ქალ წარმომადგენლებს მადლობა გადაუხადა, Doechii-მ აღნიშნა, რომ წლის ქალის წოდების მიღება მისთვის ერთგვარი წრის შემკვრელი მომენტია.
რეპერმა Billboard Women in Music-ის მნიშვნელობაზეც ისაუბრა. „ღონისძიება, რომელსაც 2007 წელს ჩაეყარა საფუძველი, იმიტომ დაარსდა, რომ ქალები მუსიკალურ ბიზნესში დაიღალნენ იმით, რომ ვერ იღებდნენ დამსახურებულ კრედიტებსა და ადგილებს მაგიდებთან. ეს ღონისძიება აუცილებლობიდან გამომდინარე შეიქმნა. სიტყვა „აუცილებლობა” მნიშვნელოვანია. ჩემი მიქსტეიპი Alligator Bites Never Heal იყო სივრცე, რომელიც სწორედ აუცილებლობიდან გამომდინარე შევქმენი. ეს იყო სივრცე, რომელშიც დამინახავდნენ და ჩემს ხმას გაიგონებდნენ და სივრცე, რომლითაც სხვა ადამიანებს დავუკავშირდებოდი.”
მუსიკოსმა აღნიშნა, რომ თითქმის ორი დეკადის შემდეგ, რაც Billboard Women in Music არსებობს, „ინკლუზიურობის ნაკლებობა და სექსიზმი ჯერ კიდევ რჩება ინდუსტრიის გამოწვევებად. ეს კი პრობლემაა. ამიტომაც ვარ მადლიერი, რომ Billboard Women in Music არსებობს. ჩვენ ვართ შემქმნელები, ჩვენ ვართ აღმასრულებლები და ვართ ინოვატორები, რომლებიც ზუსტად ისეთივე ცენტრალურ ფიგურებს წარმოვადგენთ ამ ინდუსტრიაში, როგორსაც კაცები.”