„პოპის პრინცი” – ჯასტინ ტიმბერლეიკი

მეგავარსკვლავი 23 ივლისს კონცერტს თბილისში, „დინამო არენაზე” Starring Georgia-ს ფარგლებში გამართავს.
ჯასტინ ტიმბერლეიკი
Vincent Desailly/Getty Images

30 წელიწადზე მეტია, რაც ჯასტინ ტიმბერლეიკი მისი თაობის ერთი-ერთი ყველაზე კაშკაშა პოპვარსკვლავია, რომელმაც თავი დაიმკვიდრა, როგორც კიდევ უფრო დიდი ფენომენი, ვიდრე უბრალოდ ვარსკვლავია: ჯასტინ ტიმბერლეიკი – ეს თვითმყოფადი იმპერიაა. მისი მუსიკა აერთიანებს პოპს, ფანკს, R&B-სა და ჰიპ-ჰოპს. მისი შემოქმედება კი არ არის შემოფარგლული მხოლოდ მუსიკით. ის სამი მიმართულების, ე.წ. Triple threat არტისტია: სიმღერა, ცეკვა და მსახიობობა. 

ტიმბერლეიკი პირველად ეკრანზე 90-იან წლებში The New Mickey Mouse Club-ში გამოჩნდა. მასთან ერთად შოუში მონაწილეობდნენ ბრიტნი სპირსი, კრისტინა აგილერა, რაიან გოსლინგი და ჯეისი შაზე. თუმცა ვარსკვლავური პოპულარობა ტიმბერლეიკმა მოგვიანებით, ჯგუფ *NSYNC-ის სოლისტის ამპლუაში მოიპოვა. ჯგუფის მენეჯერმა ლუ პერლმენმა *NSYNC მას შემდეგ დააარსა, რაც 1994 წელს The New Mickey Mouse Club გაუქმდა. პერლმენმა შოუდან ჯგუფში ტიმბერლეიკი და შაზე წაიყვანა და ათასწლეულის მიჯნაზე ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ბოიბენდი შექმნა. 2000 წელს გამოცემული ალბომი No String Attached პირველივე კვირის განმავლობაში 2.4 მილიონ ეგზემპლარად გაიყიდა. ეს იყო რეკორდი, რომელიც 15 წლის განმავლობაში ვერავინ გაიმეორა.

*NSYNC 1999 წელს
L. Busacca/Getty Images

თუმცა, ამგვარი წარმატების მიუხედავად, *NSYNC-ის პოპულარობის ზენიტში ჯასტინ ტიმბერლეიკმა ჯგუფიდან წამოსვლა და სოლო კარიერის დაწყება გადაწყვიტა. 2002 წელს მისი პირველი სოლო ალბომი Justified გამოვიდა. მასში შესული სინგლები Cry Me a River და Rock Your Body გამოსვლისთანავე გაჰიტდა და ჯასტინს მყარად დაუმკვიდრა სოლო შემსრულებლის ადგილი პოპინდუსტრიაში. ორივე სიმღერა Billboard Hot 100-ის ტოპ ათეულში მოხვდა, თავად ალბომმა კი Billboard 200-ის მეორე ადგილი დაიკავა. სადებიუტო ალბომმა ტიმბერლეიკს კარიერის პირველი ორი გრემიც მოუტანა. 

Cry Me a River-ის ვიდეოკლიპის გამოსვლას მოჰყვა ხმები, რომ სიმღერა ბრიტნი სპირსს ეძღვნებოდა, რომელთანაც ტიმბერლეიკს მრავალწლიანი რომანი აკავშირებდა და რომელსაც სწორედ იმ პერიოდში დაშორდა. თავდაპირველად მომღერალმა ინფორმაცია უარყო, თუმცა 2018 წლის მემუარებში მან გაამხილა, რომ სიმღერის დაწერა სწორედ პირადი ურთიერთობების დანგრევით გამოწვეულმა ემოციებმა უბიძგა.

„დამცირებული და გაბრაზებული ვიყავი. Cry Me a River 2 საათში დავწერე. არ ვგეგმავდი მის შექმნას, მაგრამ გრძნობები იმდენად ძლიერი იყო, რომ აუცილებლად უნდა გადმომეცა. ამიტომ ეს გრძნობები ისეთ ფორმატში გადმოვთარგმნე, რომელსაც ადამიანები მოუსმენდნენ.”

მომდევნო წელს ტიმბერლეიკი ჯენეტ ჯექსონთან ერთად Super Bowl Halftime Show-ზე წარდგა და პირველ დიდ სკანდალშიც გაეხვა. შოუს მსვლელობისას მან ჯექსონის კოსტიუმი გახია, რის შედეგადაც მომღერალს შიშველი მკერდი გამოუჩნდა. ეს ინციდენტი 21-ე საუკუნის პოპკულტურის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი მომენტია, რომელსაც 2021 წელს New York Times-მა დოკუმენტური ფილმიც კი მიუძღვნა. 

ინციდეტის მიუხედავად, ტიმბერლეიკმა სწრაფად მოახერხა იმიჯის აღდგენა და ამავე წელს პირველი ორი გრემის მფლობელიც გახდა ალბომისთვის Justified და სიმღერისთვის Cry Me a River. 

სადებიუტო წარმატება მომღერალმა 2006 წელს გაამყარა ალბომით  FutureSex/LoveSounds, რომელმაც წარმოშვა ტიმბერლეიკის დღემდე ყველაზე დიდი ჰიტი SexyBack. ალბომი ჩარტის ლიდერი გახდა, SexyBack კი შვიდი კვირის განმავლობაში იკავებდა Hot 100-ის პირველ პოზიციას. სხვადასხვა დროს ჩარტის ლიდერობა ხვდა წილად ალბომის სხვა სიმღერებსაც: Its My Love და What Goes Around…Comes Around.

წარმატებული დასაწყისის შემდეგ ტიმბერლეიკი მუსიკას ჩამოშორდა, თუმცა ის მაინც გამოჩნდა 2006-2008 წლების პოპინდუსტრიის სამ მთავარ ჰიტში: Timbaland-ის Give It to Me, 50 Cent-ის Ayo Technology და მადონას 4 Minutes, რომლის თანაავტორი თავადაც იყო. 

ამ პერიოდში ტიმბერლეიკის შემოქმედების მთავარ ფოკუსში მსახიობობა მოექცა. 2007 წელს მან გაახმოვანა ანიმაციური ფილმი „შრეკი 3”, 2008 წელს შეასრულა მთავარი როლი მაიკ მაიერსის ფილმში The Love Guru, ორი წლის შემდეგ კი ყველაზე დიდი სამსახიობო წარმატება მოუტანა შონ პარკერის როლმა დევიდ ფინჩერის „სოციალურ ქსელში”, რომელიც სამი ოსკარის მფლობელი გახდა. ტიმბერლეიკი ასევე თამაშობს ცნობილ ფილმში Friends with Benefits, სადაც მას პარტნიორობას მილა კუნისი უწევს. 

ჯასტინ ტიმბერლეიკი
Amy Sussman/Getty Images

ჯასტინის მომდევნო მუსიკალური პროექტი ისევ კოლაბორაცია იყო. ის სცენას 2013 წელს დაუბრუნდა ჯეი-ზისთან ერთად შესრულებული ჰიტით Suit & Tie. დუეტმა ერთობლივი ნამუშევარი გრემის დაჯილდოებაზე იმღერა. ცერემონიაზე ტიმბერლეიკმა ასევე შეასრულა Pusher Love Girl. ორივე კომპოზიციამ მომღერალს გრემის ჯილდო მოუტანა. 

ამავე წელს ტიმბერლეიკმა ფანების ნანატრი მესამე ალბომი გამოსცა – The 20/20 Experience. წინამორბედის მსგავსად, ჩანაწერმა გამოშვების პირველსავე კვირაში Billboard 200-ის ლიდერობა მოიპოვა. 

2014 წელს ტიმბერლეიკი Hot 100-ის ტოპ ათეულს დაუბრუნდა მაიკლ ჯექსონის სიმღერით Love Never Felt So Good – მომღერლის გარდაცვალების შემდეგ გამოსული ალბომიდან Xscape. ორი წლის შემდეგ კი გამოსცა ჩარტების კიდევ ერთი ლიდერი ჰიტი Can’t Stop the Feeling! – სიმღერა ანიმაციური ფილმიდან Trolls. მუსიკოსი თავადვე ახმოვანებს ცნობილი ანიმაციური ფილმის პერსონაჟს – ბრენჩს. Can’t Stop the Feeling! ჩარტის ლიდერი გახდა და ტიმბერლეიკს მეათე გრემი და ოსკარის ნომინაცია მოუტანა. 

შემდეგ იყო Billboard 200-ის ლიდერი ალბომი Man of the Woods და ტიმბერლეიკის რიგით მესამე გამოსვლა Super Bowl-ზე. შოუს დაანონსებამ საზოგადოებაში 2004 წლის ინციდენტი გააღვიძა და მომღერალი კიდევ ერთხელ გახდა გაკიცხვის საგანი. სოციალურ ქსელში გავრცელდა ჰეშთეგი #JusticeForJanet (სამართლიანობა ჯენეტისთვის) ჯექსონის ფანებისგან, რომლებიც ფიქრობდნენ, რომ 2004 წლის Super Bowl-ის ინციდენტის ყველა ნეგატიურმა შედეგმა სწორედ ჯენეტზე გადაიარა მაშინ, როცა ჯასტინი წარმატებით განაგრძობდა კარიერულ წინსვლას. ცხოვრებისა და კარიერის ორ დიდ სკანდალზე (ბრიტნი სპირსთან დაშორება და ჯენეტ ჯექსონის ინციდენტი) ტიმბერლეიკმა 2021 წელს საჯარო ბოდიში მოიხადა. 

შედარებით პასიური პერიოდის შემდეგ ჯასტინი სცენაზე 2020 წელს დაბრუნდა მორიგი სიმღერებით Trolls-ის ახალი ფილმიდან. მათ შორის ყველაზე წარმატებული იყო დუეტი SZA-სთან – The Other Side.

2023 წელს კი ტიმბერლეიკი *NSYNC-ის წევრებს შეუერთდა. ჯგუფმა გამოსცა სიმღერა Better Place ასევე Trolls-ის შემდეგი ფილმისთვის. ეს 20 წლის შემდეგ ჯგუფის პირველი ერთობლივი ჩანაწერი იყო. ამავე წელს ჯასტინმა ითანამშრომლა Timbaland-სა და ნელი ფურტადოსთან სინგლზე Keep Going Up.

2024 წელს მომღერალი კვლავ სოლო პროექტით დაბრუნდა. გამოსცა სინგლი Selfish და რიგით მეხუთე ალბომი Everything I Thought It Was დააანონსა, რომელიც ექვსი წლის შემდეგ მისი პირველი ჩანაწერი იყო. ალბომის გამოცემიდან მალევე ტიმბერლეიკი მსოფლიო ტურნეში გაემგზავრა, რომელიც 2024 წლის აპრილში ვანკუვერში დაიწყო და 2025 წლის ივლისში ბაქოში დასრულდება. სწორედ ამ ტურნეს ბოლოსწინა გაჩერება იქნება თბილისი, სადაც 23 ივლისს მეგავარსკვლავი კონცერტს „დინამო არენაზე” გამართავს. 

თანამედროვე პოპმუსიკის ფორმირებასა და მის ჩამოყალიბებაში ისეთად, როგორიც ის დღესაა, დიდი გავლენა სწორედ ჯასტინ ტიმბერლეიკის ფენომენმა იქონია. ამიტომაცაა, რომ პოპის სამეფო ოჯახში, სადაც მეფის სტატუსს მაიკლ ჯექსონი ატარებს, ტიმბერლეიკს პოპის პრინცის წოდება ერგო. „ჯასტინ ტიმბერლეიკი არ არის უბრალოდ „სამმაგი არტისტი” (triple threat) – ის კულტურული ძალაა, რომელიც გვაჩვენებს, თუ რა შეუძლია პოპს, როცა მას სწორად აკეთებენ,” – Billboard.

Share
Tweet
Share
Share
Share

წინა სტატია

ტინა ნოულსი იხსენებს პერიოდს, როცა ბიონსეს პირველ ორსულობასთან დაკავშირებით ცრუ ჭორები გავრცელდა

შემდეგი სტატია

შაკილ ო’ნილი Inside the NBA-ს პირდაპირ ეთერში საპირფარეშოში გაიქცა

შეიძლება დაგაინტერესოთ

დონალდ ტრამპი ბრიუს სპრინგსტინს „ხისთავიანს” უწოდებს, მას შემდეგ, რაც მუსიკოსმა პრეზიდენტის ადმინისტრაცია გააკრიტიკა

პრეზიდენტმა ასევე დაწერა, რომ სპრინგსტინი „არ არის ნიჭიერი ადამიანი”.
მეტი

ნახეთ Tems-ის პირველი Billboard-ის ყდის გადაღებების კადრს მიღმა მასალა Pinterest-ზე

Pinterest-ის კოლექცია ფანებს საშუალებას აძლევს, იხილონ ნიგერიელი ვარსკვლავის ახალი ფოტოსესიის გადაღებების პროცესი.
მეტი