სლაი სტოუნი 82 წლის ასაკში გარდაიცვალა

ცნობილი ამერიკული ბენდი Sly and the Family Stone ერთ-ერთი პიონერი იყო ფანკ მუსიკის სფეროში, სლაი კი ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი მუსიკოსი ბოლო 60 წლის განმავლობაში.
Sly and the Family Stone - 1973 წელი, 16 ივლისი. ფოტო: მიქაელ პუტლენდი / /Getty Images
Sly and the Family Stone – 1973 წელი, 16 ივლისი. ფოტო: მიქაელ პუტლენდი / /Getty Images

ფანკისა და ფსიქოდელიური როკის პიონერი სლაი სტოუნი 1960-1980-იან წლებში ლეგენდარულ ჯგუფს – Sly and the Family Stone-ს ხელმძღვანელობდა. ოჯახის განცხადებით, მუსიკოსი 9 ივნისს 82 წლის ასაკში გარდაიცვალა. 

მულტი ინსტრუმენტალისტი, მომღერალი, სიმღერების ავტორი და პროდიუსერი სლაი სტოუნი ისეთი ცნობილი ჰიტების ავტორია, როგორიცაა: Dance To The Music, Everyday People, Family Affair და I Want to Take You Higher.

ბენდის მიერ 1971 წელს გამოცემული  ალბომი There’s A Riot Goin’ On ყველა დროის ერთ-ერთ საუკეთესო და ყველაზე გავლენიან ალბომად ითვლება, 1969 წლის ალბომი Stand! კი ფართოდ განიხილება, როგორც ნამდვილი შედევრი.

ოჯახის წევრების თქმით,  სლაი სტოუნი წლების განმავლობაში ფილტვის ქრონიკულ დაავადებას და ჯანმრთელობის სხვა პრობლემებს ებრძოდა. 

1990-იან წლებში არტისტი საზოგადოებრივი ცხოვრებიდან პრაქტიკულად გაქრა. ნარკოტიკულ საშუალებებზე დამოკიდებულებამ იგი მუსიკალურ კარიერას ჩამოაშორა, 1993 წელს სლაი სტოუნი და ბენდი როკ-ენ-როლის დიდების დარბაზში შეიყვანეს, მოგვიანებით, 2006 წელს სლაი გრემის დაჯილდოების ცერემონიაზე გამოჩნდა, სადაც ბენდის პატივსაცემად გამართულ ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა. ეს იყო მისი პირველი საჯარო გამოსვლა 20 წლიანი შემოქმედებითი პაუზის შემდეგ.

სლაი სტოუნი  2025 წლის დოკუმენტური ფილმის Sly Lives!-ის მთავარი ფიგურაა, რომელიც Questlove-ის რეჟისორობით შეიქმნა. ორი წლის წინ კი არტისტმა მემუარები გამოსცა.

1968 წელს ბენდი სიმღერით “Dance To The Music” ჩარტებში მერვე ადგილზე მოხვდა,  რის შემდეგაც  Sly and the Family Stone-მა ჰიტ სიმღერების წარმატებული სერია დაიწყო, ჯამში ბენდის 17 სიმღერაა შესული Billboard Hot 100-ში, მათ შორის ხუთი ტოპ ათეულში, ხოლო სამი პირველ ადგილზე პოზიციონირებდა:  Everyday People – 1968-1969 წლებში ჩარტს ოთხი კვირის განმავლობაში ლიდერობდა, Thank You (Falettinme Be Mice Elf Agin) -მა 1970 წელს ორი კვირა დაჰყო პირველ ადგილზე და Family Affair-მა  1971 წელს სამი კვირის განმავლობაში შეინარჩუნა მთავარი პოზიცია.

Billboard 200-ში  ბენდის ცხრა ალბომი მოხვდა, მათ შორის 1971 წელს There’s A Riot Goin’ On ორი კვირის განმავლობაში იყო პირველ ადგილზე.

ჯგუფმა Sly and the Family Stone სადებიუტო ალბომი A Whole New Thing 1967 წელს გამოუშვა და 1982 წლამდე კიდევ ათი სტუდიური ალბომი ჩაწერა, მათ შორის 1970 წელს გამოსული ლეგენდარული კომპილაციური ნამუშევარი – Greatest Hits.

Sly and the Family Stone 1960-იანი წლების შუა პერიოდში ჩამოყალიბდა, რომლის კლასიკურ შემადგენლობაში იყვნენ:  ვოკალი და გიტარა  –  ფრედი სტოუნი, ვოკალი, კლავიში – როუზ სტოუნი, ბასი – ლარი გრეჰემი, დასარტყამი ინსტრუმენტი – გრეგ ერიკო, ტრომბონი – სინთია რობინსონი და საქსოფონი ჯერი მარტინი. ეს იყო რევოლუციური ბენდი არა მხოლოდ მუსიკალურად, არამედ გამორჩეული იმითაც, რომ ეს იყო ამერიკაში პირველი თვალსაჩინო მაგალითი რასობრივად და გენდერულად მრავალფეროვანი ბენდისა. 

მიუხედავად იმისა, რომ 1975 წელს ჯგუფი ფაქტობრივად დაიშალა,  სტოუნმა 1980-იანი წლების დასაწყისამდე მუსიკის გამოცემა დამოუკიდებლად განაგრძო.

ამერიკული როკის და განსაკუთრებით ფსიქოდელიური როკის ისტორიაში სტოუნის შემოქმედებამ ღრმა კვალი დატოვა.  ჯორჯ კლინტონის Parliament-Funkadelic-ის მსგავსად, მან ფანკის ჟღერადობა ჩამოაყალიბა, გიტარაზე დაფუძნებული და სოციალურ საკითხებზე ორიენტირებული მუსიკა კი 1970-იანების ამერიკის მუსიკალურ სცენაზე დომინანტი გახდა.

სლაი სტოუნი – ჯეიმს ბრაუნთან, პრინცთან და კლინტონთან ერთად ფანკ მუსიკის ისტორიაში ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან ფიგურად ითვლება. მისი მუსიკა უდიდესი გავლენით გამოირჩევა და ხშირად გამოიყენებოდა ჰიპ-ჰოპის ადრეულ პერიოდში.

სილვესტერ სტიუარტი, სასცენო სახელით სლაი სტოუნი 1943 წლის მარტში დალასში დაიბადა და ბეი არეაში გაიზარდა. 1950-იან წლებში და-ძმებმა ვოკალურ ჯგუფებში დაიწყეს გამოსვლა. 1960-იან წლებში კი სლაი სტოუნი  სან-ფრანცისკოს რადიოსადგურში KSOL DJ გახდა და მუსიკის პროდიუსერობა დაიწყო.

1966 წელს სლაიმ და მისმა ძმამ ფრედიმ შექმნეს ბენდი – Sly and the Family Stone, რომელმაც მუსიკის ისტორიაში უკვდავი ადგილი დაიმკვიდრა. ისინი ცნობილნი იყვნენ ენერგიული, ცოცხალი შესრულებით, რომელიც  ჯგუფის მიერ Epic Records-ის ლეიბლზე ახლახან გამოცემულ ლაივ ალბომშია შესული. 

იხილეთ სლაი სტოუნის ოჯახის განცხადება:

„უდიდესი გულისტკივილით გაცნობებთ, რომ გარდაიცვალა ჩვენი ძვირფასი მამა –  სლაი სტოუნი, ბენდ Sly and the Family Stone-ის დამაარსებელი. სლაი ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში ებრძოდა  ფილტვის ქრონიკულ დაავადებას  და ჯანმრთელობის სხვა პრობლემებს. იგი მისი სამი შვილის, უახლოესი მეგობრისა და  ოჯახის წევრების გარემოცვაში გარდაიცვალა.

მიუხედავად დიდი ტკივილისა, ნუგეშად მისი გამორჩეული მუსიკალური მემკვიდრეობა გვრჩება, რომელიც საუკუნო გავლენისა და მომავალი თაობებისთვის შთაგონების წყაროდ დარჩება.

სლაი  სტოუნი უდიდესი ფიგურა იყო, ნოვატორი და ნამდვილი პიონერი, რომელმაც პოპულარული მუსიკის, ფანკისა და როკის მიმართულება შეცვალა.  მისი სიმღერები მსოფლიოს მუსიკალურ კულტურაში წარუშლელ კვალს დატოვებს, ხოლო მისი გავლენა დღესაც წარუშლელია.

სლაი სტოუნმა სულ ცოტა ხნის წინ თავისი ცხოვრების შესახებ სცენარი დაწერა, ეს არის პროექტი, რომელიც მალე მსოფლიოს მის ისტორიას გაუზიარებს.  

მადლობას ვუხდით ყველას ამ რთულ პერიოდში თანაგრძნობისთვის,  მშვიდობას გისურვებთ ყველას.  

მადლობა მხარდაჭერისთვის.”

Share
Tweet
Share
Share
Share

წინა სტატია

კენდრიკ ლამარის GNX-მა 2025 წლის BET Awards-ზე წლის ალბომის ნომინაციაში გაიმარჯვა

შემდეგი სტატია

ნახეთ 2025 წლის BRIT Awards-ის გამარჯვებულთა სრული სია

შეიძლება დაგაინტერესოთ

Lizzo-ს თქმით, მან ოზემპიკის გამოყენება სცადა და გაამხილა დიეტა, რომელიც წონის კლებაში რეალურად დაეხმარა

,,ვფიქრობ, ძალიან, ძალიან ბევრი ვიშრომე და მიზანმიმართულად ვგეგმავდი ყველაფერს”. - განაცხადა ვარსკვლავმა.
მეტი

საქველმოქმედო პროექტ „ომის დღიურების“  ფარგლებში ვაშინგტონში გამართული პრემიერა  Sophie Villy-მ აკაპელას შესრულებით გახსნა

„მქონდა პატივი, გამეხსნა დადგმა ვაშინგტონის ერთ-ერთი უძველესი თეატრის, Atlas Performing Art Center-ის სცენაზე და უძველესი, ცნობილი უკრაინული ფოლკლორული ნაწარმოები - „ჯარისკაცის სიმღერა" მუსიკალური აკომპანემენტის გარეშე შემესრულებინა.“
მეტი