ხელოვანი მირანდა ვახტანგიშვილი საკუთარი ნამუშევრების მედიატორია, რომლის მეშვეობითაც მისი შემოქმედება მნახველამდე აღწევს. მისი ნამუშევრები ჯადოსნურ ამბებს მოგვითხრობენ, სადაც თითოეულს თავისი განწყობა, რიტმი და ხასიათი აქვს.
ცოტა ხნის წინ მირანდას გამოფენა, „ჯადოსნური ხე“, Art Conference Tbilisi-ში საინტერესო კონცეფციით მოეწყო. სერიულ ნამუშევრებში თითოეულ გამოსახულებას თავისი მელოდია ახლავს, რომლის შექმნაზეც ავტორმა მუსიკოს ლევან მიქელაძესთან ერთად იმუშავა:
„ჯადოსნური ხე ჩემი შემოქმედების სერიებიდან ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესია. წლებია, ჩემს გონებაშია. ახლა უკვე ხელშესახებიც გახდა და ვფიქრობ, სრულყოფილიც, რადგან ის არსი და იდეა, რაც აქვს, თავისთავადია, თავისი გამოხატულებით, ფორმით და ენერგიით.“
მისივე თქმით, პროექტზე მუშაობისას მისი მთავარი მიზანი იყო, სერია მრავალფეროვანი ფორმებითა და შესაძლებლობებით მნახველამდე მიეტანა:
„მინდოდა, ეს სერია ყველასთან ყოფილიყო რეზონანსში. აქედან გაჩნდა იდეა, ხატვის დროს ჩაწერილი ხმიანობით შემექმნა მელოდია, რაც კიდევ უფრო დააახლოვებდა მნახველს და ის მსმენელიც იქნებოდა. ამ უძვირფასეს ხმოვანებაზე მუსიკოს ლევან მიქელაძესთან ერთად ვიმუშავე.“
მირანდა ვახტანგიშვილის შემოქმედება თავისუფალი არჩევანის, რწმენის, ადამიანური ძალისა და სისუსტეების თემებს იკვლევს. როგორც თავად აღნიშნავს, მის ნამუშევრებში მუდმივად დუალობის საკითხები იკვეთება: სიკეთე და ბოროტება, განვითარება და რეგრესი.
„გულით მჯერა, ამ სერიას გარკვეული იდუმალი ძალა აქვს, რაც საკმარისია, რომ არჩევანისა და რწმენის შემდეგ სურვილები რეალობად იქცეს.
რაც შეეხება მომავალ გეგმებს, მირანდა ამჟამად ახალ სერიაზე მუშაობს, სახელწოდებით „დაკარგული გულები“, რომელიც პერფორმანსისა და ინსტალაციის ფორმატში იქნება წარმოდგენილი. გარდა ამისა, ავტორი გეგმავს თავისი სხვა ფერწერული ნამუშევრების: „წერომ სამსახური დატოვა“, „ზებრა, რომელიც ზებრა არ არის“ და „დალმატინელები სიხარულს ელიან“– გაერთიანებას და მისი თქმით, ამ სერიას ლიტერატურული სახეც მიეცემა.