Cœur de Ville en Lumières-ის მე-10, საიუბილეო გამოშვება შთამბეჭდავი სანახაობით დასრულდა. ხმისა და ვიზუალური გამოსახულების ფესტივალის ფარგლებში ქალაქის 13 ლოკაციაზე ჯამში 22 სცენოგრაფია მოეწყო. ეს არის ფესტივალი, სადაც არქიტექტორული შენობები განათებებით და გამოსახულებებით ცოცხლდება, ინსტალაციების ერთობლიობა კი პოეტურ ატმოსფეროს და განწყობას ქმნის.
ყოველწლიური ღამის ღონისძიება ქალაქ მონპელიეში უკვე მეათე წელია, იმართება და დამსწრე საზოგადოებას განსაკუთრებულ სანახაობას სთავაზობს. ეს არის ღონისძიება, რომელიც ქალაქის ისტორიულ იერსახეს და ესთეტიკას, კულტურული მემკვიდრეობის და თანამედროვე ტექნოლოგიების კომბინაციით, სხვა კუთხით წარმოაჩენს.
სწორედ ამ ღონისძიების ფარგლებში ქართველმა არტისტმა ანა სიხარულიძემ შემოქმედებით გუნდთან ერთად იმუშავა. მუსიკოსმა “ბილბორდ საქართველოსთან” Cœur de Ville en Lumières 2025-ის სამუშაო პროცესის შესახებ ისაუბრა.

ფოტოს ავტორი – Cody Nailor/ CLOUTIER – კოდი ნეილორი/კლოწიე
ანა სიხარულიძე – მუსიკოსი:
„ჩვენმა გუნდმა წელს მონაწილეობა მიიღო ღონისძიებაში Coeur de Ville en Lumières 2025, რომელსაც საფუძველი 2016 წელს ჩაეყარა. ღონისძიებაზე წარმოდგენილი იყო რამდენიმე მულტიმედიური ნამუშევარი, რაც მოიცავდა პროექციებს მონპელიეს ღირშესანიშნავ ძეგლებსა და ნაგებობებზე. ერთ-ერთი მათგანი იყო სენ-პიერის კათედრალი (Cathédrale Saint-Pierre), სადაც განთავსდა Objectif 3D-ის ანიმაცია, რომლის მუსიკალური უზრუნველყოფაც სწორედ ჩვენს გუნდს ეკუთვნის. პროექტი იყო ჯადოსნური. მიუხედავად იმისა, რომ დიდხანს ვმუშაობდით მასზე და ყოველი დეტალი ნაცნობი იყო, მისი ადგილზე ხილვა ჩვენთვისაც ძალიან ემოციური აღმოჩნდა. რაც შეეხება ჩვენს გუნდს, იგი კოტ დაზურის უნივერსიტეტში სწავლის დროს ჩამოყალიბდა და 8 კომპოზიტორისგან შედგება. თითოეულ ჩვენგანს საპასუხისმგებლო როლები გვაქვს. ჩვენი მიზანია დიდ პროექტზე ეფექტურად და დროულად მუშაობა. აქ ყველაფერს სწორედ ეს კრიტერიუმები განსაზღვრავს, ამიტომ ვცდილობთ, ჩვენი უნარები და ცოდნა (რომელსაც კოტ დაზურის უნივერსიტეტი იძლევა) ეფექტურად გამოვიყენოთ. თითოეული ნამუშევრის უკან დაუღალავი შრომა დგას, – ორკესტრატორის, კოპისტის, პროდიუსერის, ხმის დიზაინერის, მიქსისა და კომპოზიტორის, რომლებსაც კომპოზიტორის პროფესია აერთიანებს. ჩვენი მიმართულებაა მუსიკის წარმოება მედიისთვის და მიუხედავად იმისა, რომ ახალბედები ვართ ინდუსტრიაში, უკვე ბევრ პროექტზე ვმუშაობთ. აღსანიშავია, რომ პირველად მიწევს გუნდურად მუშაობა და დიდი ფუფუნებაა ასეთი ადამიანების გარემოცვაში ყოფნა. ისინი პატივს სცემენ ერთმანეთს, აფასებენ თითოეული წევრის შესაძლებლობებს, რაც ჩემთვის მისაბაძია, – თანასწორობის შეგრძნება, რაც ჯანსაღ გარემოს ქმნის. გრძნობ, რომ მარტო არ ხარ და იცი, არ არსებობს შეუსრულებელი მისია ასეთ მუსიკოსებთან ერთად.”

Cœur de Ville en Lumières 2025 ღონისძიებაზე ანა სიხარულიძემ 8-კაციან შემოქმედებით გუნდთან ერთად იმუშავა, რომლის წევრებიც ასევე არიან: ჯეიმს კრუზალეგი (James Cruzalegui), ზუზანა ვიონცეკი (Zuzanna Wiacek), იმან მბილი (Iman Mbili), რიტა ვეიგა (Rita Veiga), ჩარლი დონეილსი (Charles Danneels), ლუკა კლეფეღი (Lucas Kleffert).
Cœur de Ville en Lumières-ის ფესტივალზე ანა სიხარულიძისთვის კოლექტიური მუშაობის გამოცდილება მნიშვნელოვანი ნაბიჯია, რომელიც არამხოლოდ მუსიკალურ ნიჭს, არამედ კომუნიკაციას, დომპლომატიურ მიდგმოებსა და თანამშრომლობის უნარებს მოითხოვს.
„რაც შეეხება ჩემს როლს, ბოლომდე ვარ ჩართული ყველა პროცესში, ამ კონკრეტულ პროექტში ვიყავი ელექტრონული მუსიკის ნაწილის კომპოზიტორი. ამ ინდუსტრიაში ნავიგაციას სჭირდება დიდი ფსიქოლოგიური მზაობა, დამკვეთთან კომუნიკაციის ხელოვნება, რომელსაც დიდ დროს უთმობს ჩვენი უნივერსიტეტი. მინდა, განსაკუთრებით აღვნიშნო ემოციები და უკუკავშირი, რომელიც მაყურებლისგან მივიღეთ. ჩემი როლი აქამდე უფრო სცენის წინა ხაზი იყო, ამჯერად კი მაყურებელთან ერთად ვადევნებდი თვალს პირველ ჩვენებას, რაც, მინდა გითხრათ, ძალიან კომფორტულია. თითქოს ერთდროულად სცენაზეც ხარ და სცენის მიღმაც. კიდევ ერთხელ დავრწმუნდი, რომ ფრანგ ხალხს უყვარს ხელოვნება, აღმერთებენ სიახლეებს და არიან მიმღებლები, რაც უფრო ათამამებს ადგილობრივ ხელოვანებს. მინდა, განსაკუთრებით ხაზი გავუსვა იმას, რომ ქართულ რეალობაში ხელოვანის პროფესია თითქოს ნაკლებად დაფასებულია. შეიძლება, ეს ეკონომიკურმა მდგომარეობამ გამოიწვია, – ყველა ბიზნესმენობას ცდილობას, უამრავი სტუდენტი ირიცხება ბიზნეს სკოლებში, არაფერი მაქვს საწინააღდეგო ამ მიმართულებასთან, პირიქით, მაგრამ ბევრი ნიჭიერ ადამიანს უწევს, უარი თქვას თავის ნამდვილ ვნებაზე და უფრო „პერსპექტიულ” სამუშაოს ირჩევს, შემდეგ კი ამ პერსპექტივის ამარა ხშირად სულიერ გამოფიტვას გრძნობს… როდესაც ჩვენება დასრულდა, გუნდის წევრებმა ერთმანეთს მივულოცეთ, გვერდით მყოფმა მაყურებლებმა ზუსტად ამ დროს შეიტყვეს, რომ ჩვენი ვიმუშავეთ ამ პროექტზე. არასდროს დამავიწყდება მათი აღტაცებული მზერა, ანთებული თვალები… ეს პატარა ნაპერწკალიც კი აღაფრთოვანებთ მათ და იციან, რომ შენს ვნებებს მიყვები და ამის გამო პატივს გცემენ.” – ანა სიხარულიძე.
აღსანიშნავია, რომ ქართველი მუსიკოსი ანა სიხარულიძე საფრანგეთში, კოტ დაზურის უნივერსიტეტში კინო-მუსიკის ხელოვნებას სწავლობს, სადაც პროფესიული ზრდის პარალელურად აქტიურად ეწევა შემოქმედებით საქმიანობასაც. მისი გამოცდილება საფრანგეთში მხოლოდ სასწავლო პროცესით არ შემოიფარგლება, იგი ასევე მოიცავს საერთაშორისო კინოფესტივალებში ჩართულობას და ტექნიკური, ფსიქოლოგიური მზაობის ცოდნას, რაც კინოსა და მუსიკის შერწყმის პროცესს განსაკუთრებულ ელფერს სძენს.
„რაც შეეხება ჩემს გზას საფრანგეთში მოღვაწეობისა, დასაწყისში რთული იყო. მეგონა, უფრო შემოქმედებითი მიდგომა იყო საჭირო, მაგრამ ამ ყველაფერთან ერთად აუცილებელია დიპლომატიური მხარე და წვდომა, რეჟისორის ჩანაფიქრის გაგება, რასაც შეიძლება ყველაზე დიდი დრო მოანდომო, გამოძერწო ემოცია, რომელიც მას აქვს ჩაფიქრებული. თანამშრომლობა არის წარმატების მთავარი გასაღები, როგორც კი გაუკვალავ ამბიციებს აყვები, იქ იკარგები შენს ამბიციებთან ერთად. კინო-მედიამუსიკა უზარმაზარი მიმართულებაა, რომელიც საკმაოდ დიდ ტექნიკურ/ფსიქოლოფიურ ცოდნას მოიცავს. მახსოვს, ერთხელ პროფესორმა ჩემი დავალების განხილვისას მკითხა, „დიალოგი რომელ რეგისტრშია? და ამ დროს სად არის შენი ჩელო?” – მაშინ მივხვდი, რომ სამეცნიერო-სამუსიკო ჟანრში მოვხვდი. დასავლურ კინოინსდუსტრიას აქვს თავისი თამაშის წესები, ამ წესებს მიჰყვები და ხვდები ჯადოსნურ სამყაროში. როცა პირველად დავესწარი კანის კინოფესტივალს, “მოვიწამლე” ამ სამყაროთი. ყოველი სეანსის დაწყების წინ მესმოდა გულის ბრაგა-ბრუგი სიხარულისგან, რომელსაც ეს გარემო ქმნის. მახსოვს, შარშან, ფესტივალის დროს, 2 კვირა ჩაძირული ვიყავი კინოში, ერთი დიდი სრულმეტრაჟიანი სიზმარივით იყო. უამრავი ადამიანი გავიცანი, რომლებიც გახდნენ გმირები სიზმრის დასრულებისთანავე. ჩემი მისია მხოლოდ კინოსგან სიამოვნების მიღება არ გახლდათ, ვაკვირდებოდი კინომუსიკის ტენდენციებს, შევხვდი ამ სფეროს წარმომადგენლებს, მათთან საუბრისას კი უფრო ღრმად გავაცნობიერე, თუ რამხელა შრომას და ენერგიას მოითხოვს ეს პროფესია, მაგრამ ბოლოს ჯდები, უყურებ ფილმს და ხვდები, რომ ჯადოსნური ჯოხი შენ გიჭირავს (კომპოზიტორს), მაყურებელი კინოკომპოზიტორის დაკრულზე ტირის, იცინის და გრძნობს ფილმის გმირების ყველაზე ღრმა ემოციებს, რომლის გადმოცემაც, მუსიკის გარდა, ასე ზუსტად არაფერს შეუძლია. ხადახან სიჩუმეც კი ყველაზე მნიშვნელოვანი აკორდია.“
მონპელიეს Cœur de Ville en Lumières ფესტივალი ხმის და გამოსახულების სინთეზია, რომელიც რამდენიმე დღით ქალაქს ჯადოსნურ სამყაროდ გარდაქმნის. აქ თითოეული დეტალი საბოლოო ჯამში, ვიზუალური სანახაობისა და ემოციური შთაბეჭდილებების გარდა, კულტურული დიალოგის პლატფორმად იქცევა. სწორედ ამ ფესტივალზე გაჟღერდა ქართველი არტისტის, ანა სიხარულიძისა და მისი გუნდის მუსიკალური ინტერპრეტაცია, რომელიც სივრცეს საკუთარ ხასიათსა და ემოციას სძენდა.