ეროვნული სასახლის სარკეებიან დარბაზში წიგნის „ტრისტან სიხარულიძე – გურული სიმღერის დიდოსტატი“ პრეზენტაცია გაიმართა.
ტრისტან სიხარულიძე გურული ხალხური სასიმღერო ტრადიციის ცოცხალი მატარებელი და შემნახველია. იგი იმ იშვიათ ეთნოფორთა რიცხვს მიეკუთვნება, რომლებიც წინაპართაგან გადმოცემულ ტრადიციას ატარებენ. მისი შესრულების მთავარი ნიშნებია იმპროვიზაციულობა და ვარიანტულობა. ტრისტან სიხარულიძე არ ჯერდება „დაკანონებულ“ ჩარჩოებს, ქმნის ახალ ვარიანტებს და ამ გზით გურული სიმღერის სიცოცხლისუნარიანობას განამტკიცებს.
აღსანიშნავია, რომ წიგნის პრეზენტაციას ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის დირექტორი გიორგი დონაძე უძღვებოდა. თავად წიგნი კი საქველმოქმედო ფონდ „ქართული გალობის“ ინიციატივით გამოიცა და ეფუძნება ანზორ ერქომაიშვილის ნაშრომს „გური და ტრისტან სიხარულიძეები”. გამოცემა აერთიანებს ტექსტებს, იშვიათ ფოტომასალასა და დოკუმენტურ წყაროებს, რომლებიც მკითხველს აცნობს არა მხოლოდ ფაქტებს, არამედ მთლიან ეპოქას, დიდოსტატის უნიკალურ შესრულებას და იმ რთულ გზას, რაც ტრისტან სიხარულიძემ გურული მრავალხმიანობის აღდგენის, დაცვისა და გავრცელებისთვის გაიარა.

საღამოს ერთ-ერთი მთავარი და სიმბოლური მომენტი იყო ცერემონია, რომლის დროსაც ტრისტან სიხარულიძეს ქართული ტრადიციული მუსიკალური კულტურის განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის გიორგი მთაწმინდელის სახელობის გალობის უნივერსიტეტის საპატიო დოქტორის აკადემიური წოდება მიენიჭა. სერტიფიკატი ლოტბარს ფონდი „ქართული გალობის“ დამფუძნებელმა ვანო ჩხარტიშვილმა გადასცა, რომელმაც თავის სიტყვაში ხაზი გაუსვა იმ ადამიანების მნიშვნელობას, რომლებმაც ქართული მრავალხმიანობა დაიცვეს, შეინარჩუნეს და მომავალ თაობებს შემოუნახეს, მათ შორის კი განსაკუთრებული ადგილი ტრისტან სიხარულიძეს უჭირავს.
ღონისძიებაზე სიტყვით წარდგნენ საქართველოს კულტურის მინისტრი თინათინ რუხაძე და პარლამენტის კულტურის კომიტეტის თავმჯდომარე გიორგი გაბუნია. მათ გამოსვლებში ტრისტან სიხარულიძის ღვაწლი შეფასდა, როგორც არა მხოლოდ კულტურული მემკვიდრეობის დაცვა, არამედ პასუხისმგებლობა, რომელიც სახელმწიფოსა და საზოგადოებას აკისრია მსგავსი ადამიანების მიმართ.
პრეზენტაციაზე ტრისტან სიხარულიძის როლსა და მნიშვნელობაზე მომავალი თაობებისთვის ვრცლად ისაუბრა ფონდი „ქართული გალობის“ დამფუძნებელმა და გალობის უნივერსიტეტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა ნანა გოთუამ, მისი გამოცემის მოტივაცია ტრისტან სიხარულიძის – გურული სიმღერის დიდოსტატის ცხოვრება და შემოქმედებითი გზაა, რამაც გურული ხალხური სიმღერის ტრადიცია დღევანდლამდე მოიტანა.

საღამოს განსაკუთრებული მომენტი იყო ცოცხალი შესრულება, სადაც სტუმრებს შესაძლებლობა მიეცათ, ტრისტან სიხარულიძის ყველასგან გამორჩეული ხმა მოესმინათ.
პრეზენტაცია კი მონაწილე ანსამბლების ერთობლივი „ხასანბეგურათი“ დასრულდა.
ტრისტან სიხარულიძემ გური სიხარულიძესთან ერთად შექმნა გურული სიმღერის შესრულების მთელი ეპოქა. მათი მუსიკალური აზროვნება და უნიკალური პარტნიორობა გურული ფოლკლორის ისტორიაში ახალ საფეხურს ამკვიდრებს. არანაკლებ მნიშვნელოვანია მისი პედაგოგიური მოღვაწეობა, – როგორც მასწავლებელმა და ლოტბარმა, მან არაერთი თაობა აღზარდა.
წიგნი „ტრისტან სიხარულიძე – გურული სიმღერის დიდოსტატი“ უნიკალურ გამოცემას წარმოადგენს, რომელიც ერთდროულად დოკუმენტურ, საგანმანათლებლო და კულტურულ ფუნქციას ასრულებს. მას თან გურული ხალხური სიმღერის სასწავლო აუდიოჩანაწერები ერთვის, სადაც სამივე ხმას თავად ტრისტან სიხარულიძე ასრულებს. ეს მასალა კი, როგორც საშემსრულებლო ტრადიციის ავთენტურ ნიმუში, მომავალი თაობებისთვის ფასდაუდებელ წყაროს წარმოადგენს.