ქართული ფოლკლორული მუსიკა და ტრადიციები უნიკალური საგანძურია არამხოლოდ საქართველოსთვის, არამედ მთელი მსოფლიოს კულტურული მემკვიდრეობისათვის. ტრადიციული მრავალხმიანობა ქართული იდენტობის ერთ-ერთი მთავარი მსაზღვრელია. არქაულობით მდიდარი ქართული პოლიფონია ერთ-ერთია იმ საუნჯეთაგან, რომელმაც საუკუნეების განმავლობაში ხალხის სათქმელი ატარა და თაობებს გადასცა. ერის თვითმყოფადობა, რწმენა, შრომა თუ გმირული თავდადება, ჩვენი კულტურული და ისტორიული ღირებულებები ქართულ ფოლკლორში, მათ შორის – ქართულ ხალხურ მუსიკაშიც აისახა, ეთნიკური თვითმყოფადობის შენახვასა და პოპულარიზებას ემსახურება ანზორ ერქომაიშვილის სახელობის ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრი, რათა ჩვენს საუნჯეს კიდევ უფრო ფართო აუდიტორია ეზიაროს და მსოფლიო კულტურულ ასპარეზზეც მეტად წარმოჩინდეს.
ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის აღმასრულებელი დირექტორი გიორგი დონაძე ამავდროულად ანსამბლ „ბასიანის“ დამაარსებელი და სამხატვრო ხელმძღვანელიცაა. ანსამბლი საქართველოს საპატრიარქოში 2000 წელს შეიქმნა და 2005 წლიდან რეგულარულად მართავს ტურნეებს საზღვარგარეთ. 2010 წელს „ბასიანმა“ ნიუ იორკში, „ლინკოლნ ცენტრში,“ ორი გრანდიოზული კონცერტი ანშლაგით გამართა. 2013 წელს კი გუნდმა ოფიციალურად მიიღო სახელმწიფო ანსამბლის სტატუსი. წელს „ბასიანი“ 25 წლის იუბილეს აღნიშნავს და მსმენელის წინაშე სპეციალური პროგრამით, ახალი რეპერტუარით წარსდგება.
ბილბორდ საქართველომ „ბასიანის“ დამაარსებელთან და სამხატვრო ხელმძღვანელთან, ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის აღმასრულებელ დირექტორთან, გიორგი დონაძესთან ქართული ფოლკლორის ზოგადკულტურული ღირებულებების შესახებ ინტერვიუ ჩაწერა.
გიორგი დონაძე – ა. ერქომაიშვილის სახელობის ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის აღმასრულებელი დირექტორი და ანსამბლ ბასიანის სამხატვრო ხელმძღვანელი:
„ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრი აერთიანებს ფოლკლორის ყველა დარგს: ხალხური მუსიკა, ტრადიციული გალობა, ქორეოგრაფია, ზეპირსიტყვიერება, გამოყენებითი ხელოვნება. ყველა მიმართულებას გამოცდილი პროფესიონალი უდგას სათავეში და წლის განმავლობაში უამრავი გამოცემა თუ პროექტი კეთდება. ჩვენი მრავალხმიანობა მთელ მსოფლიოში გამორჩეულია. შეიძლება ითქვას, რომ არცერთ ქვეყანას მსგავსი პოლიფონია არ გააჩნია და ამას განსაკუთრებული მოვლა-პატრონობა სჭირდება.

პირველ რიგში, ახალგაზრდები უნდა იყვნენ დაინტერესებული და ჩართული ამ უნიკალური მემკვიდრეობის დაცვაში. ამისთვის ჩვენ სხვადასხვა მუნიციპალიტეტში 45 სალოტბარო სკოლა დავაარსეთ, სადაც, კულტურის სამინისტროს მხარდაჭერით, ბავშვები ხალხურ სიმღერასა და საეკლესიო საგალობლებს სრულიად უსასყიდლოდ სწავლობენ.
გენეტიკურად ჩვენ მომღერალი ერი ვართ, გვაქვს მრავალხმიანი აზროვნება და მრავალფეროვანი პოლიფონია. მეოცე საუკუნის დასაწყისში ფირმა „გრამოფონმა“ ჩაწერა ხალხური სიმღერები ჩვენი წინაპრებისგან. ეს უნიკალური ჩანაწერები შემდგომ ბატონმა ანზორ ერქომაიშვილმა მოიძია, გამოსცა და სისტემურად აწყობილი დაგვიტოვა. მეცხრამეტე-მეოცე საუკუნეების მიჯნაზე მოხდა ტრადიციული მუსიკის ნიმუშების ნოტებზე დაფიქსირებაც. იმ დროიდან 15 000-ზე მეტი საგალობელია დაცული საქართველოს არქივებში. ჩვენ მათ ანთოლოგიის სახით გამოვცემთ – უკვე თითქმის 30 ტომია გამოცემული და ეს პროექტი კიდევ გრძელდება.”
უხილავი ძაფი, რომელიც წინაპრებთან გვაკავშირებს, ეს არის კოლექტიური მეხსიერება, რომელიც წარსულიდან მოდის და თაობებს აკავშირებს. XX საუკუნის დასაწყისში ქართული ხალხური სიმღერების აუდიო ჩანაწერები შეიქმნა, რამაც მომავალ თაობას უდიდესი ღირებულების მქონე მემკვიდრეობა დაუტოვა.
„საბედნიეროდ, სხვადასხვა არქივში დღესაც აღმოჩნდება ხოლმე ისეთი ჩანაწერები, რომლებიც, შესაძლოა, აქამდე არც კი გვქონდა მოსმენილი. ამ ყველაფერს ჩვენმა წინაპრებმა ჩაუყარეს მყარი საფუძველი.
ფოლკლორი ამოუწურავია, მისი ყველა დარგი მუდმივად ვითარდება და ახალ სიცოცხლეს იძენს. სხვადასხვა კუთხეში ექსპედიციებისას ხანდახან ისეთ ნიმუშს ვაწყდებით, რომელიც აუცილებლად ყურადსაღები და დასაფიქსირებელია, და ეს პროცესი მუდმივია. არქივები ინახავს უამრავ მნიშვნელოვან აუდიო და დოკუმენტურ მასალას. ფოლკლორის ცენტრის ერთ-ერთი პრიორიტეტია ამ ყველაფრის აღნუსხვა, ციფრულ მატარებლებზე გადატანა, ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა – ინტერნეტში განთავსება და გამოცემა.”

საარქივო მასალების საძიებო პროცესს განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს ეპოქაში, სადაც ბევრი რამ ინფორმაციის ნაკადში უჩინარდება. სწორედ ამიტომ, ძველი ჩანაწერების გაციფრება კულტურული მეხსიერების შენარჩუნებისთვის განსაკუთრებული ეტაპია.
„ჩანაწერებში არსებული სიმღერების 80% უცნობია ჩვენი მსმენელისთვის, მაგრამ ეს არ არის მთავარი. მნიშვნელოვანია, რომ ნელ-ნელა მათი აღდგენა და გაცოცხლება ხდება. მთავარია, ხალხმა გაიგოს, თუ რა სიმდიდრის პატრონია ჩვენი ქვეყანა. მაგალითად, ავიღოთ “ჩაკრულო” ან “მრავალჟამიერი”. ბევრს ჰგონია, თითქოს მხოლოდ ერთი “მრავალჟამიერი” გვაქვს, ან ერთი “ჩაკრულო”. სინამდვილეში, მათი უამრავი ვერსია და ვარიანტი არსებობს, რადგან ყველა მომღერალი თითოეულ სიმღერას თავისებურად მოირგებდა და ამა თუ იმ ვერსიის თანაშემოქმედი ხდებოდა.”

ქართული ფოლკლორი არა სტატისტიკური არტეფაქტების ერთობლიობა, არამედ ცოცხალი ორგანიზმია, რომელიც იტევს ქვეყნის იდენტობის მახასიათებლებს… რა გზებს მიმართავთ ფოლკლორის პოპულარიზაცისთვის?
„ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის სპეციალისტები მუდმივად ჩავდივართ ხალხთან, ვაქცევთ ყურადღებას. ექსპედიციასა თუ მოგზაურობაში შეიძლება ისეთ ადამიანებს გადაეყარო, რომლებიც ძალიან ძვირფას საუნჯეს ინახავენ და შენ უკვე ამ საუნჯის თანაზიარი ხდები! ფოლკლორის პოპულარიზაციის კუთხით ტარდება უამრავი კონცერტი, ღონისძიება, როგორც საბავშვო, ისე მოზრდილთა ფესტივალები, მათ შორის – ფოლკლორის ეროვნული ფესტივალი… ჩვენი მთავარი მიზანიც სწორედ ეს არის, – როგორც დედაქალაქში, ასევე საქართველოს სხვადასხვა რეგიონში გახადოს ფოლკლორის ყველა დარგი პოპულარული, რათა ხალხმა მეტად შეიყვაროს და დააფასოს თავისი საგანძური. საერთაშორისო მიმართულებითაც ძალიან ბევრს ვმუშაობთ: ჩვენი გამოცემების უმეტესი ნაწილი ორენოვანია, საერთაშორისო ფესტივალებიც არაერთი ჩაგვიტარებია და ეს ყველაფერი ქართულ კულტურას და ამ კულტურაში ყველაზე გამორჩეულს, ძველსა და ძვირფასს – ქართულ ფოლკლორს და მის ყველა დარგს ემსახურება.“
ფოლკლორი ცოცხალი ორგანიზმია, რომელიც დღემდე აკავშირებს თაობებს. მისი კულტურული მახასიათებლები თითოეული ქართველისთვის უდიდესი ღირებულების მატარებელია. ფოლკლორის ცენტრი კი ის ადგილია, რომელიც ისტორიული მეხსიერების ჯაჭვს ქმნის – წარსულთან მუდმივი დიალოგის გზით თანამედროვეობაში მის სიცოცხლისუნარიანობას უზრუნველყოფს და მომავალთანაც აკავშირებს.