23 იანვარს Charli XCX-მა A24-ის ფილმის, The Moment-ის პრემიერის შემდეგ გამართულ კითხვა-პასუხის სესიაზე სამსახიობო კარიერის განვითარებაზე ისაუბრა და აღნიშნა, თუ რამდენად ჰგავს ფილმში განსახიერებული პერსონაჟი მას. Charli XCX-ის თქმით, ეს როლი მისი ალბომით, Brat-ით და მსოფლიო ტურნეთია შთაგონებული. ფილმი ამომავალ პოპვარსკვლავზე მოგვითხრობს, რომელიც პოპულარობისა და ინდუსტრიის ზეწოლის ფონზე თავისი პირველი ტურნესთვის ემზადება.
„ცხადია, ჩემს პერსონაჟთან საკმაოდ ახლოს ვარ, ამიტომ შთაგონების წყაროც ბევრი მქონდა. ვფიქრობ, ფილმისეული Charli-ვით კოშმარი არ ვარ, მაგრამ ჩემი რეალური მენეჯერები დარბაზში სხედან და ალბათ, ამ კითხვაზე ნამდვილი პასუხი მათ აქვთ.“ – განაცხადა პოპვარსკვლავმა.
„აიდან ზამირის რეჟისორობით გადაღებული ფილმი The Moment ამომავალ პოპვარსკვლავზე მოგვითხრობს, რომელიც პოპულარობისგან გამოწვეულ პრობლემებსა და ინდუსტრიულ სირთულეებს ეჯახება, პარალელურად კი პირველი გრანდიოზული ტურნესთვის ემზადება.“ – ნათქვამია ფილმის ოფიციალურ სინოფსისში, რომლის ტრეილერის ნახვაც უკვე შესაძლებელია.
ფილმი კინოთეატრებში 30 იანვარს გამოვა, მასში მონაწილეობენ როზანა არკეტი, ალექსანდერ სკარსგორდი, კაილი ჯენერი და სხვა ცნობილი მსახიობები.
ბრიტანელმა მომღერალმა და კომპოზიტორმა 2024 წლის ზაფხულში მეექვსე სტუდიური ალბომის, Brat-ის გამოშვებით Billboard 200-ში მესამე ადგილი დაიკავა. პროექტის მხარდასაჭერად მისი მსოფლიო ტურნე 2024 წლის ნოემბრიდან 2025 წლის აგვისტომდე გაგრძელდა.
Charli XCX-მა კითხვა-პასუხის დროს აღნიშნა, რომ ფილმში ზოგიერთი ემოციური და ქაოსური მომენტი მის რეალურ გამოცდილებასაც ასახავს.
„ვიცი, რომ ხანდახან საქმეს ვართულებ ხოლმე და ვფიქრობ, ფილმში ნაჩვენები ის ემოციური ჩავარდნები მეც რეალურად გამომიცდია. როგორც არტისტი, საკმაოდ არასტაბილური ვარ, თუმცა კარგი ვარ, საკმაოდ კეთილიც, ასე არ არის?” – თქვა მომღერალმა, რასაც რეჟისორიც მაშინვე დაეთანხმა: „დიახ დიახ, დადასტურებულია.” – უპასუხა აიდან ზამირმა.
Charli XCX წლევანდელი სანდენსის კინოფესტივალის აქტიური მონაწილეა. გარდა The Moment-ისა, იგი კიდევ ორ ფილმში ჩნდება, რომელთა პრემიერაც ფესტივალის ფარგლებში გაიმართა: გრეგ არაკის ფილმი I Want Your Sex, სადაც მთავარ როლებს ოლივია უაილდი და კუპერ ჰოფმანი ასრულებენ და კეტი იანის ფილმი The Gallerist, სადაც მთავარ როლში ნატალი პორტმანი და ჯენა ორტეგა არიან.
„ამ ეტაპზე ისე ვარ, როგორც ჩემივე პერსონაჟი ფილმში. მინდა, Brat დასრულდეს და სხვა მიმართულებით წავიდე. ეს არ ნიშნავს, რომ არ მიყვარს ის, რასაც ვაკეთებ. უბრალოდ, ყველა არტისტისთვის მნიშვნელოვანია საკუთარი თავის გამოწვევა, შემოქმედებითი გარემოს შეცვლა და ცოტა ხნით სხვა გეზით ცხოვრება.
ზუსტად ასეთივე დამოკიდებულება მაქვს იმ პროექტების მიმართ, რომლებშიც ამ ეტაპზე ვმონაწილეობ. უბრალოდ დიდი სურვილი მაქვს, ვიმუშაო ისეთ გამორჩეულ რეჟისორებთან, როგორებიც არიან აიდან ზამირი, გრეგ არაკი და კეტი იანი, რომელთა პროექტებშიც სრულიად განსხვავებული ცხოვრებით შემიძლია ვიცხოვრო.”
სანდენსის ფესტივალის გარდა, Charli XCX უკვე გამოჩნდა ისეთ პროექტებში, როგორებიცაა 100 Nights a Hero და Erupcja, ასევე საკუთარ თავს განასახიერებს Amazon-ის კომედიაში Overcompensating. მის მომავალ პროექტებს შორისაა Faces of Death და დაკოტა ჯონსონის რეჟისორობით გადაღებული ფილმი A Tree Is Blue.