ბიონსეს Met Gala-ზე გამოჩენას ყველა განსაკუთრებით ელოდა და ეს მომენტი ნამდვილად შთამბეჭდავი აღმოჩნდა. ლეგენდარული მომღერალი წითელ ხალიჩაზე ძვირფასი თვლებით გაფორმებული კაბით წარდგა, რომელიც ჩონჩხის სილუეტს იმეორებდა. კოსტიუმის ნაწილი იყო ასევე თვლებით გაფორმებული თავსაბურავი და ბუმბულის გრძელი მოსასხამი.
ბიონსე წელს Met Gala-ს მხოლოდ სტუმრის სტატუსით არ ესწრებოდა: ის ღონისძიების ე.წ. თანამასპინძელიც იყო ანა ვინტურთან, ნიკოლ კიდმანთან და ვენუს უილიამსთან ერთად. მომღერლისთვის ეს საღამო ოჯახურ დღესასწაულად იქცა – ის წითელ ხალიჩაზე მეუღლესთან, Jay-Z-სთან და უფროს ქალიშვილთან, ბლუ აივი კარტერთან ერთად გამოჩნდა. აღსანიშნავია, რომ ბლუ აივი ღონისძიების ერთ-ერთი ყველაზე ახალგაზრდა სტუმარი იყო. 2018 წლიდან Met Gala-ზე 18-წლიანი ასაკობრივი ზღვარი მოქმედებს, თუმცა, როგორც ჩანს, ბიონსეს 14 წლის ქალიშვილისთვის გამონაკლისი დაუშვეს. ბიონსე, Jay-Z და ბლუ აივი ფოტოგრაფების წინაშე ერთად პოზირებდნენ.
ბიონსეს ოლივიე რუსტენის სამოსი ეცვა. რუსტენი 14 წლის განმავლობაში Balmain-ის კრეატიული დირექტორი იყო. მან მოდის სახლი 2025 წელს დატოვა.
საღამოს ერთ-ერთი დასამახსოვრებელი ნაწილი იყო ბიონსეს ინტერვიუ წითელი ხალიჩის წამყვანთან, ლა ლა ენტონისთან.
„ეს არის მომენტი, რომელსაც ყველა ელოდა,” – ასე წარადგინა ენტონიმ ბიონსე, რის შემდეგაც მომღერალს ჰკითხა, თუ რას გრძნობდა 2016 წლის შემდეგ გალაზე პირველად დაბრუნებით.
„ეს სიურრეალისტურია, რადგან აქ ჩემი ქალიშვილიცაა,” – უპასუხა ბიონსემ. „ის ძალიან ლამაზია. წარმოუდგენელი გრძნობაა მასთან ამ მომენტის გაზიარება“.
ენტონიმ და ბიონსემ ასევე ისაუბრეს სხეულის მრავალფეროვნებასა და Met-ის კოსტიუმების ინსტიტუტის საგაზაფხულო გამოფენის თემის, „კოსტიუმის ხელოვნების“ (Costume Art) შესახებ.
ბიონსეს გამოჩენამ წელს ინტერნეტში დიდი განხილვა გამოიწვია: ბევრი ვარაუდობდა, რომ ის ამ ღონისძიებას Act III-ის – ალბომების სავარაუდო ტრილოგიის ფინალური ნაწილის დასაანონსებლად გამოიყენებდა, თუმცა ეს ვარაუდი მცდარი აღმოჩნდა.