„ჩვენ ვცხოვრობთ დროში, სადაც ყველაფერი შავ-თეთრი ხდება” – ინტერვიუ Hooverphonic-ის ალექს კალიესთან

Hooverphonic წელს Tbilisi Open Air-ის ერთ-ერთი მთავარი ჰედლაინერი იყო. ჯგუფის სცენაზე გასვლამდე რამდენიმე წუთით ადრე, Billboard Georgia ბენდის იდეურ ლიდერსა და დამფუძნებელს, ალექს კალიეს შეხვდა და ინტერვიუ ჩაწერა.
ალექს კალიე/Hooverphonic
ფოტო: ნინუცა კაკაბაძე/Billboard Georgia

მუსიკალური ინდუსტრია მუდმივად ცვალებადია და დროთა განმავლობაში ეს პროცესი კიდევ უფრო ჩქარდება. თუმცა არსებობენ შემსრულებლები, რომლებიც დროს არა მხოლოდ უძლებენ, არამედ ქმნიან მუსიკას, რომელიც სხვადასხვა თაობისთვის ერთნაირად ახლობელი ხდება.

ერთ-ერთი ასეთი გამორჩეული მაგალითია Hooverphonic, რომელიც უკვე 30 წელზე მეტია, მსოფლიო სცენაზე საკუთარ უნიკალურ მუსიკალურ იდენტობას ინარჩუნებს. სწორედ ეს ბელგიური ბენდი იყო Tbilisi Open Air 2026-ის ერთ-ერთი მთავარი ჰედლაინერი.

Hooverphonic-ის სცენაზე გასვლამდე რამდენიმე წუთით ადრე, Billboard Georgia ბენდის იდეურ ლიდერსა და დამფუძნებელს, ალექს კალიეს შეხვდა და ინტერვიუ ჩაწერა. 

„როცა მეუბნებიან ხოლმე, დიდი იღბალი გქონდათო, მე ვპასუხობ: როდესაც 1995 წელს Sony-სთან კონტრაქტს ვაფორმებდით, ჩვენთან თანამშრომლობა კიდევ 6 სხვა ლეიბლს სურდა. ასე რომ, ჩვენ ნამდვილად სწორი მუსიკა შევქმენით სწორ დროს, ეს უდავოა. მაგრამ ეს ნამდვილად ღირებული მუსიკა იყო, თორემ ჩვენთან კონტრაქტის გაფორმება 6 ლეიბლს არ მოუნდებოდა. იღბალი უფრო იმ დროის შეგრძნებაშია, რომელშიც ცხოვრობ, დანარჩენი კი მძიმე შრომაა,” – ამბობს ალექს კალიე. 

ალექს კალიე/Hooverphonic
ფოტო: ნინუცა კაკაბაძე/Billboard Georgia

Hooverphonic-ის მუსიკას ხშირად აღწერენ, როგორც კინემატოგრაფიულს, მელანქოლიურს, თუმცა ამავდროულად იმედისმომცემს. სიმღერების ტექსტები ხშირად ალეგორიულია – შესაძლოა, ერთი შეხედვით სიყვარულზე იყოს, თუმცა მრავალი შრე ჰქონდეს და მის მიღმა მსმენელმა სულ სხვა მნიშვნელობა იგრძნოს. სწორედ ეს არის ერთ-ერთი მიზეზი, რამაც Hooverphonic-ის შემოქმედება ბევრი ადამიანისთვის ასე ახლობელი გახადა. როდესაც ალექს კალიეს ვკითხეთ, თუ როგორ დაახასიათებდა იმ ადამიანებს, რომლებიც მათ მუსიკას ყველაზე ღრმად გრძნობენ, ასე გვიპასუხა:

„რუმინეთში კონცერტის შემდეგ მსმენელი მოვიდა ჩემთან და მითხრა: თქვენი მუსიკა ძალიან მეხმარება ამ რთულ პერიოდში. საფრანგეთში კი ერთმა გოგონამ მითხრა: ძალიან მიყვარს სიმღერა Badaboum, იმიტომ რომ ტოქსიკურ ურთიერთობაში ვიყავი და ეს სიმღერა დამეხმარა იქიდან თავის დაღწევაშიო. ეს ყველაფერი დიდ აზრს სძენს იმას, რასაც ვაკეთებ, თუნდაც ამას შედეგი მხოლოდ 5 ან 10 ადამიანისთვის მოჰქონდეს. იმის გააზრება, რომ შემიძლია ვიღაცისთვის რაღაც შევცვალო ჩემი საყვარელი საქმის კეთებით, არაჩვეულებრივი შეგრძნებაა.

კარგად მახსოვს, დიდი ხნის წინ, დაახლოებით 1997 წელს, ამერიკაში ვიყავით ტურნეზე და ვუკრავდით სიმღერას 2 Wicky. ერთი ქალი მოვიდა ჩემთან და მეუბნება: ვფიქრობ, რომ ეს სიმღერა ალკოჰოლიზმზეა. მე ვუთხარი: დიახ, ასეა, მაგრამ სიმღერაში ამაზე მხოლოდ ერთადერთი მინიშნებაა, ეს არის ფრაზა – Yellow Takes Over, რაც ნიშნავს, რომ კანი გიყვითლდება, თვალები გიყვითლდება. აქ ფიზიოლოგიურ პროცესებზეა მინიშნება, როცა ორგანიზმი უარს ამბობს ნორმალურად ფუნქციონირებაზე. ამ ქალმა კი ზუსტად დაიჭირა ეს ფრაზა და მითხრა: მამაჩემი ალკოჰოლიკი იყო და ძალიან მიყვარს ეს სიმღერაო.  როგორ აღწევს ჩემი სათქმელი ადამიანებამდე? უბრალოდ ვწერ იმაზე, რაც ჩემს გულთან ახლოს მოდის და იმედი მაქვს, რომ ეს სხვისთვისაც ახლობელი იქნება. თუმცა ამას დაგეგმილად ვერ გააკეთებ. ვფიქრობ, გულწრფელი უნდა იყო. ყველაზე დიდი ჰიტები, რაც კი დამიწერია, რეალურ გრძნობებზე იყო დაფუძნებული. მაგალითად, ყველაზე სევდიანი სიმღერა Eden არის დამშვიდობებაზე, ყველაზე მხიარული Badaboum კი ქალის შეყვარებაზეა. ეს ორი უკიდურესობაა, მაგრამ ორივე ჩემი ცხოვრების ნაწილი იყო და იმ მომენტში, ზედმეტი ფიქრის გარეშე, უბრალოდ დავწერე სიმღერა. არტისტმა ბევრი არ უნდა იფიქროს, უბრალოდ თავად უნდა იგრძნოს მუსიკა და მაშინ სხვა ადამიანებიც იგრძნობენ მას.”

Hooverphonic
ფოტო: ნინუცა კაკაბაძე/Billboard Georgia

დღევანდელ ციფრულ ეპოქაში, როდესაც სტრიმინგ პლატფორმებმა და სოციალურმა მედიამ მნიშვნელოვნად შეცვალა ინდუსტრია, მუსიკოსებისთვის ავთენტურობა და სრული შემოქმედებითი თავისუფლება გამოწვევად იქცა. ალექს კალიე ამბობს, რომ მსმენელთან კომუნიკაციის შენარჩუნებასა და შემოქმედებით თავისუფლებას შორის ბალანსის პოვნა ისევ და ისევ გულწრფელობის ერთგულებით არის შესაძლებელი, რაც ხშირ შემთხვევაში სოციალური მედიისთვის ზედმეტი ყურადღების არმიქცევასაც გულისხმობს.

„დღეს ონლაინ სივრცეში ბევრი ზედმეტი და უსარგებლო რამაა გამოფენილი. ის, რასაც აქვეყნებ, ძალიან ახლოს უნდა იყოს შენს შინაგან ბირთვთან და ჩვენც სწორედ ამას ვცდილობთ. ყველაფერი ბალანსია, თუმცა წარმატება შრომის გარეშე არ არსებობს. ახლა მართლაც თავდაუზოგავად ვმუშაობ, ყოველდღე საათობით ვარ ჩემს სტუდიაში. ვფიქრობ, ის, რასაც ჩვენ ვაკეთებთ, მულტიდისციპლინური ფენომენია. ეს არ არის მხოლოდ მუსიკის ან სიმღერების წერა. ეს არის ვიზუალი, სათქმელი, სცენური პერფორმანსი, ვიდეოები. ეს ბევრი კომპონენტის ერთობლიობაა და ვფიქრობ, ამაში კარგები ვართ. სწორედ ამიტომ ვართ ჯერ კიდევ აქ და სწორედ ამიტომ ვმოგზაურობთ კვლავ მსოფლიო ტურნეებით. ამავდროულად, ხელმისაწვდომი უნდა იყო ინტერვიუებისთვის, ხალხთან სალაპარაკოდ. თუმცა ამ დროს აუცილებელია, რომ გულწრფელად გაინტერესებდეს, ვინ არიან ადამიანები, ვისაც ელაპარაკები. ახლა, მაგალითად, აქ ვსხედვართ, ვსაუბრობთ და ეს ჩემთვის ძალიან სასიამოვნოა, შემიძლია ნებისმიერ თემაზე გესაუბროთ“.

მრავალათწლეულიანი მუსიკალური მოგზაურობა და სცენაზე გატარებული წლები აუდიტორიაზე დაკვირვების საუკეთესო შესაძლებლობაა. თუმცა, ალექს კალიე მიიჩნევს, რომ მსმენელის ენერგიასა და მუხტს ხშირად არა ეპოქა, არამედ კულტურული ტემპერამენტი განსაზღვრავს. მუსიკოსი აქვე გვიმხელს, რომ მას ძალიან ხიბლავს ქართველი აუდიტორიის ემოციურობა და მიაჩნია, რომ სწორედ ეს მუხტი ქმნის არტისტისთვის გამორჩეულ გამოცდილებას.

„გუშინ ძალიან მინდოდა Slowdive-ის კონცერტზე დასწრება, რადგან ბავშვობიდან მათი დიდი ფანი ვარ. სამწუხაროდ, სტამბოლში რეისზე დაგვაგვიანდა და თბილისში მხოლოდ ღამის 3 საათზე ჩამოვფრინდით. ასე რომ, მათი პერფორმანსი გამოვტოვე. მიუხედავად იმისა, რომ ბელგიაში უკვე მოვუსმინე, მიზეზი, რის გამოც მათი ნახვა აქ მინდოდა, სწორედ აუდიტორიის ენერგეტიკაა. ბელგიელები მიწაზე მყარად მდგომი და ცივი ხალხია.  როცა რამე მოსწონთ, ემოციებს მაინც არ გამოხატავენ. მე მინდოდა მენახა Slowdive აქ, რადგან ქართველები ენთუზიაზმით სავსენი არიან.“

ალექს კალიე/Hooverphonic
ფოტო: ნინუცა კაკაბაძე/Billboard Georgia

თანამედროვე სამყაროში, სადაც გლობალური პოლიტიკა ასეთი დაძაბულია, ხელოვანები ხშირად დგებიან არჩევანის წინაშე – იქცეს მათი შემოქმედება პროტესტის პლატფორმად, თუ პირიქით, თავშესაფრად მსმენელისთვის. მუსიკის როლსა და გლობალურ გამოწვევებზე საუბრისას, ალექს კალიე აღნიშნავს, რომ ამ კონტექსტში მუსიკა შეიძლება სხვადასხვანაირად გამოიხატოს:

„ბენდი [Molchat Doma], რომელიც ჩვენამდე გამოდის, ბელარუსიდან არის, თუმცა წევრები შტატებში ცხოვრობენ – ეს პოლიტიკური გარემოებებით არის გამოწვეული და ერთგვარი განაცხადიცაა. ვფიქრობ, ჩვენი, მუსიკოსების როლი ის არის, რომ ხალხს მომდევნო 75 წუთის განმავლობაში მივცეთ საშუალება, გაექცნენ მთელ ამ სევდას, ყველაფერ ცუდს და წავიყვანოთ ისინი ოცნებების სამყაროში. ვცდილობ, რომ ზედმეტად პოლიტიკური არ გავხდე, თუმცა Eden-იც კი ომის საწინააღმდეგო სიმღერაა. სინამდვილეში ეს სასიყვარულო სიმღერა იყო, მაგრამ ახლა რომ მოუსმინო, შეგიძლიათ ომის საწინააღმდეგო განაცხადად მიიღოთ. აქედან გამომდინარე, მიუხედავად იმისა, რომ არასდროს მსურდა პოლიტიკური ვყოფილიყავი, შესაძლოა, ვარ კიდეც, არ ვიცი.

რა თქმა უნდა, ჩვენთვის დღევანდელი ვითარება რთულია, რადგან გვიყვარს ადამიანები, გვიყვარს მუსიკა. ჩვენ ვცხოვრობთ დროში, სადაც ყველაფერი შავ-თეთრი ხდება. მაგრამ ყველა დიქტატორულ რეჟიმშიც კი არსებობენ კარგი ადამიანები და უნდა გვახსოვდეს, რომ პოლიტიკურ სისტემებს არ მივცეთ უფლება, ყველა ადამიანს ერთნაირი იარლიყი მიაწებონ. მაგალითად, ბელგიაში ულტრამემარჯვენეებმა, ექსტრემისტებმა რომ გაიმარჯვონ არჩევნებში, მე მაინც ბელგიელი ვიქნები. მე არ დავეთანხმებოდი იმას, რაც ხდება, მაგრამ ვიქნებოდი ქვეყნიდან, რომელიც ასეთად აღიქმება. ამიტომ ვფიქრობ, ძალიან საშიშია სამყაროს დაყოფა შავ და თეთრ ბანაკებად.

მაგრამ დღეს ჩემს სამშობლოშიც კი ბევრ არატოლერანტულ მაგალითს ვხედავ. მე ვცხოვრობ პატარა ქალაქში, რომელიც ძალიან მრავალფეროვანია. ხშირად მომისმენია რასისტული და დისკრიმინაციული შეხედულებები. ჩვენ საკმაოდ არატოლერანტულ დროში ვცხოვრობთ. ეს ფაქტია და მართლაც უცნაურია, რადგან ახლა 2026 წელია და გასული საუკუნის 20-იან წლებშიც ზუსტად იგივე ხდებოდა. ეს ხანდახან მაშინებს. მეორე მხრივ, არ მინდა მეშინოდეს. მინდა ვწერო ლამაზი მუსიკა და ვეცადო, რომ ადამიანების გულებამდე მივიტანო. ეს ერთადერთი რამაა, რისი გაკეთებაც შემიძლია. დანარჩენი ყველაფერი ჩემს კონტროლს მიღმაა, მე ბევრს ვერაფერს შევცვლი. მაგრამ სიმართლე გითხრათ, იმედი მაქვს, რომ ადამიანები საბოლოოდ იქნებიან ტოლერანტულები. მე მჯერა ტოლერანტობის“.

Share
Tweet
Share
Share
Share

წინა სტატია

Tbilisi Open Air 2026 დასრულდა

შემდეგი სტატია

„მუსიკა ათავისუფლებს“ – ფრაზა, რომელიც Tbilisi Open Air-მა რეალობად აქცია

შეიძლება დაგაინტერესოთ

CHARLI XCX YOUTUBE

ნახეთ Charli XCX-ის სრულმეტრაჟიანი მხატვრული ფილმი, რომელიც მის ახალ ალბომ –  Music, Fashion, Film-ს ახლავს

პოპვარსკვლავი გულშემატკივრებს საკუთარ შემოქმედებით პროცესსა და შთაგონების წყაროებს უფრო სიღრმისეულად აცნობს.
მეტი

„Unburned Live არასდროს ყოფილა მხოლოდ კონცერტი” – Quemmekh დაანონსებული პერფორმანსის შესახებ

Unburned არის Quemmekh-ის და გურამ მაცხონაშვილის ერთობლივი პროექტი, რომელიც, მუსიკასთან ერთად, ხელოვნებისა და აუდიტორიასთან ინტერაქციის სხვადასხვა ფორმას აერთიანებს.
მეტი

50 Cent ემინემთან  და 2Pac-თან ერთობლივ ტრეკს აანონსებს

50 Cent-მა განმარტა, რომ თანხმობა 2Pac-ის მემკვიდრეობის მმართველებისგან მიიღო და რომ გარდაცვლილი რეპერის პარტია ტრეკში ხელოვნური ინტელექტით არ არის შექმნილი.
მეტი

BTS-ის წევრები ჯარში ყოფნის პერიოდზე: „არავინ გვყავდა, ვისაც დაველაპარაკებოდით“

K-pop-ის სუპერვარსკვლავებმა თავიანთი საქმიანობა 2022 წლის ბოლოს შეაჩერეს, როდესაც ჯარში პირველი ჯინი გაიწვიეს.
მეტი

გინესის ისტორიული რეკორდისა და სრულად გაყიდული ტურნეს შემდეგ, Pitbull ამჯერად Billboard Latin Music Week 2026-ის მონაწილე იქნება

მაიამი ბიჩი, ფლორიდა (22 ივლისი, 2026) – ისტორიული წარმარმატების სერიის შემდეგ – რომლის ფარგლებშიც გინესის რეკორდი დაამყარა ერთ…
მეტი
ტრევის სკოტი ფილმ The Odyssey-ს პრემიერაზე ნიუ იორკში, 14 ივლისი, 2026 წელი Jamie McCarthy/Getty Images

ტრევის სკოტი ახალ ალბომს აანონსებს: „საკუთარ თავს ვცდი… რათა შევქმნა ისეთი რამ, რაც აქამდე არასდროს გამიკეთებია“

ახალ ინტერვიუში არტისტმა ასევე საკუთარი კომპანიის - Cactus Jack-ის მიერ კინოსტუდიასთან გაფორმებულ კონტრაქტზეც ისაუბრა.
მეტი