როდესაც საქართველოში მუსიკალურ ფესტივალებზე საუბრობენ, ერთ-ერთი პირველი, რომელიც ყველას ახსენდება, Tbilisi Open Air-ია. წელს ფესტივალმა მსმენელს უკვე მეთხუთმეტედ უმასპინძლა და კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ მისი მთავარი ღირებულება მხოლოდ მუსიკა ან საერთაშორისო ლაინაფი არ არის. წლების განმავლობაში Open Air-მა შექმნა სივრცე, სადაც მუსიკა თავისუფლების, მრავალფეროვნებისა და ურთიერთპატივისცემის გამოხატულებად იქცა.

ფოტო: გიო მაჭავარიანი/Billboard Georgia
ფესტივალის წლევანდელ შედეგებზე, მის ტრანსფორმაციასა და იმ იდეოლოგიაზე, რომელზეც ეს დიდი მუსიკალური დღესასწაული დგას, Tbilisi Open Air-ის მედია მენეჯერი სოფო ებრალიძე საუბრობს:
„წლევანდელ ფესტივალს ძალიან პოზიტიურად შევაფასებდი. გამოვიდა, რომ წელს მეთხუთმეტედ შევიკრიბეთ, იმის გათვალისწინებით, რომ პანდემიის დროს გაგვიცდა ორი წელი. ეს ორდღიანი ფესტივალი განსაკუთრებული შთაბეჭდილების მომტანი იყო. განწყობას ფესტივალი თავად ქმნის, თუმცა, რა თქმა უნდა, ამის მთავარი ავტორები თავად არტისტები არიან, განსაკუთრებით კი ადგილობრივი არტისტები, რომლებიც ყოველწლიურად გულშემატკივრების საოცარ არმიას უყრიან თავს და თავიანთ ფორდაქშენსაც უმაღლეს დონეზე წარმოადგენენ. 4 ივლისს ფესტივალი Newcomers-ის გამარჯვებული ბენდით, OCD-ით, დღის ორ საათზე გაიხსნა და მსმენელი უკვე მობილიზებული იყო. ბენდმაც ისეთი მუხტით დაუკრა, რომ ეს ენერგია გაჰყვა მთელ დღეს, ღამესაც და მომდევნო დღის ბოლომდე ასე გაგრძელდა.“

ფოტო: ნინუცა კაკაბაძე/Billboard Georgia
Tbilisi Open Air დროთა განმავლობაში ჩამოყალიბდა სივრცედ, სადაც ადამიანები ყოველდღიური რუტინის შინაარსიანი, პოზიტიური ენერგიით ჩანაცვლებას ახერხებენ. აქ Music Breaks Free-ს იდეა ყოველ წელს სხვადასხვა ფორმით ცოცხლდება.
სოფო ებრალიძე: „ფესტივალის კულტურა, როგორც ასეთი, ხშირად ცალკეული ღონისძიებებია, რომლებიც ტარდება და ზოგი რაღაცას გიტოვებს, ზოგი – არა. თუმცა Tbilisi Open Air ამ რამდენიმე დღის განმავლობაში მსმენელს იმხელა მუხტს აძლევს, რომ ადამიანები ერთიანდებიან მთავარი იდეის გარშემო – მუსიკა ათავისუფლებს! და ეს მართლაც ასეა. ალბათ არავინ უარვყოფთ, რომ როგორც ამ ქვეყნის მოქალაქეები, ვერ გავექცევით იმ ყოფით გამოწვევებს, რომლებიც ირგვლივ გვხვდება, მაგრამ ყველას გვჭირდება განტვირთვა. ეს შინაარსიანი, პოზიტიური მუხტი კი ჩვენთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია.“
მუსიკალური ფესტივალი Tbilisi Open Air პირველად 2009 წელს გაიმართა, იმ პერიოდში, როდესაც მსგავსი მასშტაბის ღონისძიებები საქართველოში სრულიად ახალი გამოცდილება იყო.
სოფო ებრალიძე: „2009 წელს ხომ შოკი იყო Tbilisi Open Air, იმიტომ რომ სამდღიანი, გადაბმული მუსიკალური ფესტივალი იყო. ლაინაფს არავინ უყურებდა, ვინც გამოდის, კმაყოფილი ხარ, რომ გამოდის შენს ქვეყანაში, ასეთი მოცემულობა იყო. აუდიტორია მაინც უფრო ალტერნატიული ტიპებისგან შედგებოდა, ესენი იყვნენ აუტსაიდერები, underdog-ები, საბოლოო ჯამში, ადამიანები, ვინც ალტერნატიულ კონცერტებზე და ფესტივალზე დადიოდნენ. დღეს რომ გადავხედოთ, მასშტაბს არც შევადარებ, იმიტომ რომ ძალიან დიდი სხვაობაა, მაგრამ აი, ამ მასშტაბში იმდენი მრავალფეროვნებაა, ამავდროულად, ერთმანეთთან ისე თანაცხოვრობენ, მართლა მინდა, რომ ამ მოდელმა მერე უფრო ფართო არეალი მოიცვას. აქ არასდროს არავინ გეტყვის რაიმეს შენს ჩაცმულობაზე, არ არსებობს ეგეთი რამე. მართლა ყველას ხმა ისმის და ყველა ერთმანეთს პასუხისმგებლობით უდგება – Personal Responsibility ამ ფესტივალზე ყველაზე მეტად ჩანს.“
„არცერთი სხვა ღონისძიება ისე არ უყვარს ხალხს, როგორც ეს ფესტივალი. ეს გამოიხატება იმაშიც, რომ ყოველწლიურად სხვადასხვა თაობის უფრო და უფრო მეტი ადამიანი გვიერთდება. ფესტივალიც ძალიან უფრთხილდება თავის მსმენელს და ითვალისწინებს, მაქსიმალურად უქმნის იმ კომფორტს, რაც შეიძლება შეუქმნა და მსმენელიც ანალოგიურად იქცევა. ეს უკუკავშირი არის ძალიან ღირებული. ადრე თუ ნაკლები მსმენელი ჰყავდა ქართველ არტისტს, ახლა პირიქით – ჰედლაინერები იყვნენ სრულად ქართველი არტისტები. ადგილობრივ მუსიკოსს როცა ეძლევა საშუალება, რომ ათასობით ადამიანის წინაშე ასეთი შოუთი წარდგეს, დატოვოს განგრძობითი შთაბეჭდილება, ბუნებრივია, რომ კიდევ და კიდევ უფრო ეზრდებათ აუდიტორია.“

ფოტო: გიო მაჭავარიანი/Billboard Georgia
სოფო ებრალიძე მიიჩნევს, რომ Tbilisi Open Air-ის გავლენა მხოლოდ მუსიკით არ შემოიფარგლება. მისი თქმით, ფესტივალი ქმნის ღირებულებებს, რომლებიც ადამიანებს თან მიჰყვებათ, როცა ყოველდღიურ ცხოვრებას უბრუნდებიან.
„მგონია, რომ Tbilisi Open Air სასიკეთო ცვლილებების მომტანია როგორც არტისტების, ისე მსმენელებისთვის. ფესტივალის შემოქმედებითი ჯგუფი, გულწრფელად შემიძლია ვთქვა, რომ თავისუფალი, სწორი ღირებულებების მქონე ადამიანებისგან შედგება და მათ თვალთახედვას ირეკლავს ფესტივალიც, მერე კი ეს აუდიტორიაზე გადადის.“
კითხვაზე, რომელი არტისტის ხილვას ისურვებდა მომავალში Tbilisi Open Air-ის სცენაზე, სოფო ებრალიძე დაუფიქრებლად ასახელებს Massive Attack-ს – ჯგუფს, რომლის მუსიკალური და სამოქალაქო პოზიცია, მისი თქმით, ფესტივალის სულისკვეთებასთან სრულ თანხვედრაშია.

„მგონია, რომ Tbilisi Open Air-ს დააკვდებოდა ჩემი საყვარელი Massive Attack. ძალიან ბევრ სხვა არტისტსაც ვისურვებდი, მაგრამ მე მათ რამდენიმე ლაივზე ვარ ნამყოფი და ოცნებად მაქვს, რომ ფესტივალის სცენაზე დადგეს Massive Attack. მათთან სრული ღირებულებებითი თანხვედრა გვაქვს.“
„მუსიკა ათავისუფლებს“ – Tbilisi Open Air-ის მთავარი სლოგანი, ფესტივალის ერთ-ერთ დამფუძნებელს, ვახო ბაბუნაშვილს ეკუთვნის, რომელიც წლების განმავლობაში ფესტივალის მთავარ გზავნილად იქცა და ყველაზე ზუსტად ასახავს მის არსსა და ფილოსოფიას – Music Breaks Free…