ზაქარია ფალიაშვილის შემოქმედების პოპულარიზაციისა და საკონცერტო რეპერტუარის წარმოჩენის მიზნით, კომპოზიტორმა ნინო ჯანჯღავამ მნიშვნელოვანი პროექტი განახორციელა. პროექტი 2025 წელს ოპერა „აბესალომ და ეთერის“ ცნობილი მელოდიების გადამუშავებით დაიწყო. მიმდინარე, წელს კი ზაქარია ფალიაშვილის კიდევ ერთი ნაწარმოები, ოპერა „დაისის“ ტრანსკრიფციები შეიქმნა, რომელიც გამორჩეული მუსიკალური ეპიზოდების ახალი ფორმით წარმოჩენას ისახავს მიზნად.
ოპერა „დაისის“ ტრანსკრიფციები სხვადასხვა კამერული ანსამბლისთვის შეიქმნა: სიმებიანი კვარტეტის, ხის ჩასაბერ საკრავთა კვინტეტის და ლითონის ჩასაბერ საკრავთა კვინტეტის შემადგენლობებისთვის.
პროექტის ფარგლებში გადამუშავდა ოპერის არაერთი ცნობილი ეპიზოდი: „უვერტიურა“, „მაროს და ნანოს დუეტი“, „ლეკური“, „თავო ჩემო“, „ცანგალას სიმღერა“, „ხევსურთა ცეკვა“, „მთიულური“, „ცანგალა და გოგონა“, „კიაზოსა და ცანგალას დუეტი“ და „ღმერთო, იხსენ და უშველე“.
ნინო ჯანჯღავას განმარტებით, პროექტის ერთ-ერთი მთავარი ამოცანაა, ფალიაშვილის მუსიკა მუდმივი რეპერტუარის ნაწილი გახდეს.

ირაკლი ჯანაშია-ალბოროვი
ნინო ჯანჯღავა – კომპოზიტორი:
„ქართული აკადემიური მუსიკის ისტორია ძალიან მწირია, ქართველი მუსიკოსები იშვიათად ასრულებენ ეროვნულ რეპერტუარს. ზაქარია ფალიაშვილი ერთადერთი ქართველი კომპოზიტორია, რომელიც უბადლოდ ფლობდა საკომპოზიტორო ხერხებს და განუმეორებელი ნიჭის წყალობით შექმნა ძლიერი ემოციების მატარებელი მუსიკა. იმის გამო, რომ მისი ნამუშევრები ვერ სრულდება ხშირად (მხედველობაში მაქვს ოპერების საშემსრულებლო გაბარიტი – გუნდი, ორკესტრი, სოლისტები), ამიტომ გადავწყვიტე, მუსიკოსებისთვის გამეკეთებინა კამერული ვერსიები, რომლებიც ყოველ კამერულ კონცერტს, მუსიკოსების სურვილის მიხედვით, მშვენივრად მოერგება.”
მისივე თქმით, ფალიაშვილის მუსიკის ტრანსკრიფციებზე მუშაობა არა მხოლოდ ტექნიკური პროცესი, არამედ ინსპირაციითა და ახალი მიგნებებით სავსე გზა აღმოჩნდა.
„ზაქარია ფალიაშვილის მუსიკის ტრანსკრიფციების დამზადების პროცესი დიდი აღმოჩენებით და აღფრთოვანებით სავსე პროცესი იყო. გასაოცარია მისი ჰარმონიისა და პოლიფონიის ცოდნა და ასევე მისი დამოკიდებულება სიტყვასთან, ტონალური დრამატურგია და საორკესტრო კომბინაციები, რომლის გათვალისწინებითაც გაკეთდა ყველა ტრანსკრიფცია. ზოგიერთი ეპიზოდი იძლეოდა ოდნავ თავისუფალი ტრანსკრიფციების შექმნის შესაძლებლობას, ზოგი კი ისეთი „შენადნობი“ იყო, მხოლოდ მკაცრად თუ მიუდგებოდი მის კამერულად გადაწყობას. კამერულ ვერსიებად მისი მუსიკის გადაკეთებამ კიდევ უფრო მკაფიოდ გამოიტანა წინა პლანზე ის პოლიფონიური აზროვნება და ფორმის კონსტრუირების პრინციპები, რომელიც საოპერო ვერსიაში რთული შესამჩნევიც კი შეიძლება იყოს.
კარგად გაკეთებული ტრანსკრიფცია და თუნდაც მუსიკალური ნაწარმოები ყოველთვის მნიშვნელოვანია. ნიჭიერი და მაძიებელი შემოქმედი ყოველთვის მზად არის ნაწარმოების (ან ტრანსკიფციის) შესასრულებლად, თუ მიაჩნია, რომ ის დაეხმარება წარმატებულ გამოსვლაში. მუსიკოსი დარწმუნებული უნდა იყოს, რომ შეძლებს ნაწარმოების ემოციური შინაარსის სწორად გადაცემას, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია საშემსრულებლო ხელოვნებაში.” – ამბობს ნინო ჯანჯღავა Billboard საქართველოსთან საუბარში.
პროექტის ავტორი იმედოვნებს, რომ ოპერა „დაისის“ ტრანსკრიფციებიც მალე გაცოცხლდება საკონცერტო სცენაზე და ზაქარია ფალიაშვილის მუსიკა კიდევ უფრო ფართო აუდიტორიას მიეწოდება.
აღსანიშნავია, რომ როგორც წინა პროექტის შემთხვევაში, „დაისის“ კამერული ვერსიებიც ნოტების (პარტიტურებისა და პარტიების) სახით გამოიცემა, როგორც ბეჭდური, ისე ელექტრონული ფორმატით. მუსიკოსებსა და დაინტერესებულ პირებს მათი სრულიად უფასოდ ჩამოტვირთვა ნინო ჯანჯღავას საავტორო საიტიდან შეეძლებათ.
პროექტის გამოცემის მხარდამჭერია საქართველოს კულტურის სამინისტრო და „შემოქმედებითი საქართველო“.