თვითნასწავლი მუსიკოსი და მულტიმედია არტისტი – ანამარია ბურდული

„ადამიანი თუ ჩემ მუსიკას მოუსმენს, მაგრამ ქართული არ ესმის, უბრალოდ ინსტრუმენტებივით აღიქვამს ამ ჟღერადობას და შეიძლება ეს მოეწონოს…. აქ შემიმჩნევია, თითქოს ხელოვნება ყველასთვის არ არის ხელმისაწვდომი, ელიტარულ წრეებშია ჩაკეტილი და ამ ყველაფერს გამოღვიძება და გარეთ გამოსვლა სჭირდება“.
ანამარია ბურდული
ანამარია ბურდული

ქართულ სახელოვნებო სივრცეში ეკლექტური ხელოვნების ნიშა ბოლომდე არ არის ათვისებული. მულტიმედია არტისტი ანამარია ბურდული სასცენო სახელით anman.land. ამ სივრცეში მუშაობს.

ანამარია ბურდული პირველად რვა წლის იყო, როცა ინგლისში ჩავიდა და უკვე წლებია ლონდონში ცხოვრობს.  თეატრალური მიმართულებით განათლება ინგლისში მიიღო და სახელოვნებო სივრცეში სხვადასხვა დარგის არტისტთან აქტიურად თანამშრომლობს.

ანამარია ბურდული

ინგლისურ-ქართული ტექსტები, ქართული პოლიფონია,  განსხვავებული ჟღერადობის მქონე მუსიკა და არტისტის გამორჩეული ვიზუალი ერთობლიობაში საინტერესო კოლაჟს ქმნის, რომელიც მუსიკოსს შთამბეჭდავ და დასამახსოვრებელ სახედ აქცევს.

ნახეთ „Billboard საქართველოს“ ინტერვიუ მულტიმედია არტისტთან ანამარია ბურდულთან

ანამარია ბურდული
ანამარია ბურდული

მუსიკის შექმნის პროცესი

ანამარია ბურდული:

„ბევრი სხვადასხვა ჟღერადობის კატალოგი მაქვს გაკეთებული, თემები და სიტყვების მნიშვნელობა ცალკე მაქვს დაწყობილი და მელოდიური ჟღერადობა ცალკე. განსაკუთრებით ქართული სიტყვების და ფრაზების ჟღერადობას ვაქცევ ყურადღებას, რომელიც ინსპირაციას მაძლევს და სურვილი მიჩნდება მისი მუსიკალურად გამრავალფეროვნების. თავდაპირველად მუსიკა უბრალოდ ხმის ვოკალური კოლაჟების კეთებით დავიწყე. ინსტრუმენტების ხმარება  არ ვიცოდი  და ჩემ ხმებს ინსტრუმენტივით ვაწყობდი. სულ მინდოდა რითმა ყოფილიყო, ცალკე ვწერდი ლექსებს, რომელიც უფრო პერფორმანსული ტექსტები იყო, სადაც რიტმი და მოძრაობა მნიშვნელოვანია. ურითმო პოეზია ძალიან მომწონს, მაგრამ ამბებს და ზღაპრებს ისე ვწერდი, რომ რითმულადაც კარგი ჟღერადობა ჰქონოდა. დროთა განმავლობაში ეს ყველაფერი რეპში გადაიზარდა. ამაზე, როცა  ვმუშაობ წინასწარ ვფიქრობ, ვხარშავ გონებაში და მერე ვიწყებ წერას. მელოდიებს გარშემო არსებული ხმებიდან ვაწყობ და შემდეგ ვოკალურად სხვადასხვა შრეებით ვალაგებ. 

ხანდახან ჩაწერილი ხმებით მელოდიას ვაწყობ, რასაც ლაივში ვმღერი. ამ ბოლო დროს, სულ ჩემი ხმით მაქვს აწყობილი, მაგრამ ადრე, სხვადასხვა ხმებისგან შეგროვებულ კოლაჟს ვქმნიდი, რომელსაც მერე ვამონტაჟებდი და ვიზუალს ვუხამებდი. ვიდეოში კადრი, როგორც კი იცვლება, რიტმულად მელოდიაც იცვლება, როგორც მონტაჟის პროცესში იგება კონსტრუქცია, ანალოგიურად, ხდება ჩემს მუსიკაში ეს ყველაფერი.“ 

ქართული ენა მუსიკაში

„ჩემი მუსიკა  სტრუქტურიდან გამომდინარე ქართულ პოლიფონიას ეხება.  ჩემს ბევრ ხმას ვალაგებ, ვუხამებ, ერთ მონაკვეთში შეიძლება ერთი ან ორი ხმა ისმოდეს ჰარმონიულად, მაგრამ ზოგჯერ მრავალჟღერადია.

ქართული ენის გამოყენება თავიდან იმიტომ დავიწყე, რომ ლონდონში არავინ იცოდა ამ სიტყვების მნიშვნელობა. თუ ინსტრუმენტზე და ჟღერადობაზე მინდოდა აქცენტი და ფოკუსის გაკეთება, არ იყო საჭირო ტექსტის მნიშვნელობა და აზრის გამოტანას არავინ იწყებდა. ინგლისში ქართულს როგორც ჟღერადობის შემცველ კომპონენტს ისე უყურებდნენ.  ჩვენს ენაში ჟღერადობის ვარიაცია უფრო მარტივად შეგიძლია, იმიტომ რომ ბევრად უფრო მდიდარი ენაა ვიდრე ინგლისური, სწორედ ამიტომ მქონდა აქცენტი ქართული სიტყვის ჟღერადობაზე. თავიდან, ჩემს გარშემო მყოფ ადამიანებთან ვინც მუსიკას აკეთებდა, აუდიო ვიზუალურ კოლაჟებს ვაწყობდი და უფრო თეატრზე ვიყავი კონცენტრირებული, ამიტომ ჩემი მეგობრები ვინც ამ სფეროში მუშაობდა, სურდათ ეს ქართული ჟღერადობა, როგორც ელემენტი ისე შეეტანათ თავიანთ ნამუშევარში, ამით გაემრავალფეროვნებინათ მასალა. წვნიანს, რომ ლიმონს დააწურავ და ამით უცვლი გემოს, დაახლოებით ესე იყენებდნენ ამ ქართულ კომპონენტს. ადამიანი თუ ჩემ მუსიკას მოუსმენს, მაგრამ ქართული არ ესმის, უბრალოდ ინსტრუმენტებივით აღიქვამს ამ ჟღერადობას და შეიძლება ეს მოეწონოს. ამ ნაწილში რომ იყოს უბრალოდ დრამ სოლო ანალოგიურად შეიძლება ეს აღიქვა, თუმცა მერე უკვე, შინაარსობრივი მხარის ინტერესიც გაჩნდა, როცა ერთი და იგივე მოტივი ხშირად მეორდება მუსიკის ტექსტში. ფრაზები მაგალითად ერთ ტრეკში მქონდა. ფრაზა „გაიწიე ბიჭო“ სულ აინტერესებდათ რას ნიშნავდა. ხშირად ვაკეთებ მსგავს თარგმანებს და რაც ახლა გამოვა, იქაც მაქვს ეს გამოყენებული. ლონდონში ზოგადად ძალიან აფასებენ სხვადასხვა კულტურას, მულტიკულტურული ქალაქია და როცა ხედავენ სხვა ქვეყნის კულტურას მოსწონთ ეს ქალაქის მიქსი. ქართული პოლიფონიური იდეებიდან ამოღებული რეპური-ჰიპ-ჰოპ მუსიკა ახალია მათთვის და აინტერესებთ.“  

ანამარია ბურდული

პროტესტი მუსიკაში 

„მუსიკაში ძალიან ადვილია პროტესტის გამოხატვა,  იმიტომ რომ ეს ენერგია, თამაშით აგრესიის გამოხატვა და პერსონიფიცირება უფრო მარტივად შეიძლება წარმოაჩინო. მუსიკაში შეიძლება რაღაც სიტყვის გარეშეც, უბრალოდ მელოდიით და პერფორმანსით გამოხატო, და არა მხოლოდ სიტყვებით.“

პირველი მუსიკალური ნამუშევარი

„დასაწყისში ჩემი ლექსებიდან აღებულ ექსპერიმენტულ მუსიკას ვქმნიდი. ჩემს ლექსზე და მეტრონომით აგებულ რითმებზე მქონდა აწყობილი მუსიკა. მანამდე პერსონაჟებს ვიგონებდი, დრამატულ დიალოგს ვაგებდი. აი მაგალითად, ანიმაციურ ფილმ „დამბოში“ არის ასეთი ეპიზოდი, დამბო რომ თვრება და ელანდება სპილოები, იქ რა მუსიკაც არის, მისი ელექტრონულ-როკ ვერსია ვიპოვე და სწორედ ამ მელოდიაზე მუსიკა ავაგე. რაღაც მომენტებში სიმღერაა, რაღაც მომენტებში მრავალხმიანი დიალოგი. ეს სიმღერა გაურკვევლობის და სოციუმში თავის გამოხატვის ინსცენირებაა, როდესაც ახალგაზრდა გოგოს საკუთარ თავზე რაღაც წარმოდგენა აქვს და მეორე „მე“ ჩარჩოში სვამს.“ 

ანამარია ბურდული
ანამარია ბურდული

ლონდონი – თბილისი

„ლონდონში ხშირად ბევრი სხვადასხვა წრიდან სხვადასხვა ჟანრის და ხელოვნების წარმომადგენელი ადამიანები ერთად იკრიბებიან და ყველაზე მნიშვნელოვანი რამ რაც არის, ეს ყველაფერი დღისით  ხდება. აქ ჯერჯერობით არ არის მსგავსი ღონისძიებები ხშირი. მინდა, რომ აქაც ჩატარდეს მსგავსი ივენთები. კლუბური გართობა ძალიან გვიან იწყება და ღამის თენება გიწევს და ამ დროს  ხელოვნება უკვე იკარგება. ანდერგრაუნდ ხელოვნების ხიბლი სწორედ ის არის, რომ სხვადასხვა პროფესიის და საქმიანობის მქონე ადამიანები ერთად იკრიბებიან სახელოვნებო სივრცეებში და უზიარებენ ერთმანეთს თავიანთ გამოცდილებას და იდეებს. გამოღვიძებულია იქ ეს კულტურა. კარგი იქნებოდა აქაც ხშირად დაიგეგმოს მსგავსი ღონისძიებები, ცოტა ხნის წინ „თბილ ორგიაში“ მსგავსი ივენთი გავაკეთეთ და მახარებს ეს ფაქტი. აქ შემიმჩნევია თითქოს ხელოვნება ყველასთვის არ არის ხელმისაწვდომი, ელიტარულ წრეებშია ჩაკეტილი და ამ ყველაფერს გამოღვიძება და გარეთ გამოსვლა სჭირდება. თუმცა შემიძლია ვთქვა, რომ აქაც იდგმება ნაბიჯები, თუნდაც დრეგ ბოლის მაგალითი რომ ავიღოთ, შემიძლია ვთქვა, რომ თბილისის დრეგ ბოლემბა გამაოცა და ვფიქრობ რომ კულტურულად და საზოგადოებრივად ბევრად უფრო მეტს ნიშნავს და უფრო მიყვარს, ვიდრე იგივე ტიპის ღონისძიება ლონდონში. 

ჩემი სოლო პროექტისთვის ახალი სიმღერები მაქვს, რაც ჯერ არ არის გამოქვეყნებული და საქართველოშიც მინდა მეტ მუსიკოსთან მუშაობა. მირჩევნია უფრო კრეატიული გზით წავიდე და მსხვილ ბიუჯეტიანი კლიპი არ დავგეგმო. ჩემით ვიღებ და ვამონტაჟებ მათ შორის 360 ვიდეოებს და ანიმაციას. სანამ აქ ვარ მინდა მოვძებნო ფროდაქშენ ჯგუფი მულტიმედია კლიპის გადასაღებად და ერთად ექსპერიმენტების ჩასატარებლად.“

მოისმინეთ ანამარია ბურდულის მუსიკა: Flatline – Sadboi In AnmanLand

Share
Tweet
Share
Share
Share

წინა სტატია

როგორ შეიქმნა Dear Mama – ერთ-ერთ საუკეთესო ფილმი თუფაქის შესახებ

შემდეგი სტატია

სემ რაიდერი, დიდი ბრიტანეთის წარმომადგენელი „ევროვიზია 2022-ზე“

დიდი ბრიტანეთი „ევროვიზია 2023-ს”  მასპინძლობს

შეიძლება დაგაინტერესოთ

მაკ მილერის გარდაცვალების შემდგომი ალბომის, Balloonerism-ის გამოცემის თარიღი ცნობილია

პროექტი რეპერის გარდაცვალების შემდგომ გამოსული პირველი ალბომის, Circles-ის ხუთი წლის თავზე გამოვა.
მეტი

2025 წლის კოაჩელას ფესტივალზე ტრევის სკოტი თავისი მუსიკალური შემოქმედების ახალ თავს წარადგენს

2017 წლის შემდეგ ეს იქნება პირველი შემთხვევა, როცა რეპერი ამ ფესტივალში მიიღებს მონაწილეობას.
მეტი