1965-დან 1975 წლამდე სან-ფრანცისკომ წარმოუდგენლად ნაყოფიერი გარემო შექმნა ისეთი მუსიკალური ფენომენების დაბადებისთვის, როგორებიც არიან The Grateful Dead, Jefferson Airplane, Sly and the Family Stone, ჯენის ჯოპლინი, სტივ მილერი, Santana და ბევრი სხვა. ამას დაემატა ახალი ფესტივალები, როგორიც იყო Monterey Pop, ალტამონტი და ვუდსტოკი, რომლებმაც Bay Area-ს მუსიკოსები მუსიკალური ინდუსტრიის სათავეში მოაქცია.
სწორედ ეს სცენებია აღწერილი ორნაწილიან დოკუმენტურ ფილმში San Francisco Sounds: A Place in Time, რომლის პრემიერაც 20 და 27 აგვისტოს შედგება.
ფილმზე იმავე გუნდმა იმუშავა, რომელმაც ემის სამგზის ნომინანტი დოკუმენტური ფილმი Laurel Canyon: A Place in Time შექმნა.
„ისევე როგორც Laurel Canyon-ის შემთხვევაში, მე პირადად გამოვცადე ეს საოცარი მუსიკალური პერიოდი და რეგულარულად ვსტუმრობდი სან-ფრანცისკოს სცენას. ამიტომ ძალიან ბედნიერი ვარ, რომ ამ პროექტზე ისევ ამ საოცარ გუნდთან ერთად ვმუშაობ,” – თქვა ფილმის აღმასრულებელმა პროდიუსერმა ფრენკ მარშალმა.
„ძალიან ემოციურია ის ფაქტი, რომ ამ საოცრად კრეატიული მუსიკალური ადგილის ახალი პერსპექტივა უნდა აღმოვაჩინოთ აქამდე სრულიად უცნობი საარქივო მასალით და ასევე პირადი ისტორიებით იმ ადამიანებისა, ვინც ცხოვრობდა და სუნთქავდა სან-ფრანცისკოს სცენით. ადამიანები ფიქრობენ, რომ იციან, რაზე იყო Summer of Love, მაგრამ ეს ორნაწილიანი ფილმი მოჰფენს სინათლეს და ამავდროულად სიბნელესაც იმას, თუ რა ხდებოდა სინამდვილეში ამ ფსიქოდელიური რენესანსის ეპოქაში,” – აღნიშნა ფილმის რეჟისორებმა Billboard-თან საუბარში.
ფილმის ტრეილერში ახალგაზრდა ბობ დილანი ამბობს: „Jefferson Airplane უკრავს Fillmore Auditorium-ში და ვისურვებდი წასვლას, რომ შემეძლოს.” ასევე ჩანს The Grateful Dead-ის ჯერი გარსია, რომელიც სან-ფრანცისკოს სცენას მშვიდობიანს უწოდებს, ვიეტნამის ომის მიუხედავად: „ჩვენ არ ვფიქრობთ არანაირი სახის ძალაუფლებაზე, რევოლუციაზე ან ომზე.”