Rolling Stones ახალი მუსიკის გამოსაცემად ემზადება. ლეგენდარულმა როკბენდმა ალბომი Hackney Diamonds დააანონსა, რომელიც პირველი საავტორო ალბომია 2005 წელს გამოცემული A Bigger Bang-ის შემდეგ.
მეტი დეტალი 6 სექტემბერს სპეციალურ ღონისძიებაზე გახდება ცნობილი, სადაც ჯგუფის წევრები ინტერვიუს ჯიმი ფელონს მისცემენ. ღონისძიება Rolling Stones-ის youtube არხზე პირდაპირი ეთერით გადაიცემა.
ღონისძიება ჯგუფმა სოციალურ ქსელში დადებული ვიდეოთი დააანონსა. ვიდეოში ჩანს ჯიმი ფელონი, რომელიც Rolling Stones-ის ვინილს უსმენს. ამ დროს კი ძველი ტელეფონიდან, რომელზეც ჯგუფის ლოგოა გამოსახული, ზარი გაისმის. ტელეფონში ფელონს Rolling Stones-ის წევრები ესაუბრებიან და დაგეგმილი ღონისძიების შესახებ ატყობინებენ.
ცოტა ხნის წინ Rolling Stones-მა ახალი სიმღერის (სავარაუდო სახელწოდებით Don’t Get Angry With Me ან Angry) თიზერი გაავრცელა ვებსაიტზე dontgetangrywithme.com, რომელიც განზრახ აგდებს error-ს, როცა მომხმარებელი სიმღერის მოსმენას ცდილობს. ჯგუფმა იმედგაცრუებულ ფანებს სოციალურ მედიაში უპასუხა ტექსტით: Sorry, don’t be angry with me.
Hackney Diamonds Rolling Stones-ის პირველი საავტორო ალბომია 2005 წელს გამოცემული A Bigger Bang-ის შემდეგ, რომელიც ბილბორდის 200 ალბომის ჩარტში მესამე ადგილზე გავიდა. მას შემდეგ ჯგუფმა 2016 წელს ჩაწერა ალბომი Blue & Lonesome, რომელიც მხოლოდ ქავერებისგან შედგებოდა.
Hackney Diamonds იქნება ასევე პირველი ალბომი ჯგუფის დამფუძნებელი წევრის, ჩარლი უოტსის გარდაცვალების შემდეგ, რომელიც 1962 წლიდან თითქმის ყველა სიმღერაში უკრავდა. მისი გარდაცვალების შემდეგ ჯგუფის ახალი დრამერი სტივ ჯორდანია.
ნახეთ The Rolling Stones-ის Hackney Diamonds-ის ანონსი.