Process – ახალი თაობის ბენდი ქართულ მუსიკალურ სცენაზე

„ჩვენი აუდიტორია შედგება იმ ადამიანებისაგან, ვინც ცდილობს გაიგოს, რა უნდა ცხოვრებაში და საკუთარი თავი იპოვოს.“
ფოტო: ნინუცა კაკაბაძე

ქართულ მუსიკალურ სცენაზე დროსთან ერთად ჩნდებიან ახალი შემსრულებლები, ბენდები, მუსიკალური პროექტები. თითოეული მათგანი ცდილობს ადგილობრივ ინდუსტრიაში გამოკვეთილი ნიშა დაიმკვიდროს და მსმენელს საკუთარი მუსიკალური იდენტობა გააცნოს. ერთ-ერთ ასეთ ახალბედა ბენდად შეგვიძლია Process  დავასახელოთ, რომელმაც მოკლე დროში ერთგული აუდიტორია გაიჩინა. ბენდი 2022 წელს რუსთავში ჩამოყალიბდა და ამავე წელს Newcomers-ის გამარჯვებული გახდა. მას შემდეგ Process არაერთი ფესტივალის და მუსიკალური სივრცის სცენაზე წარდგა, მათ შორის იყო ROKVA და Tbilisi Open Air. 2023 წელს კი ბენდმა პირველი ალბომი სახელწოდებით CONFUSION გამოუშვა. 

Process-ის წევრები Gen Z თაობის წარმომადგენლები არიან. ჯგუფის მუსიკალური ჟღერადობა როკის და ზოგადად, მუსიკის მოყვარული ყველა თაობისათვის საინტერესოა. ბენდის ამჟამინდელ შემადგენლობაში არიან: ცოტნე იოსებაშვილი (ფრონტმენი), ლუკა ჰეილი (გიტარა), ნიკა ლომიძე (ბასი), ლუკა ქიმერიძე (ლიდ გიტარა) და საბა ზაქარეიშვილი (დრამი). 

ფოტო: ნინუცა კაკაბაძე

Process-ის ზუსტი ჟანრობრივი მიმართულების განსაზღვრა რთულია, ის სხვადასხვა ელემენტს მოიცავს, თუმცა ზოგადი შეფასებით, შესაძლოა არტ-როკის შემსრულებელ ბენდად მოვიხსენიოთ. 

ლუკა ჰეილი:

„აქამდე რა სიმღერებიც გამოვუშვით, მათში უფრო მეტად როკ-ენ-როლის ჟღერადობაა. თუმცა, დროსთან ერთად, მუსიკალური გავლენები შეიცვალა და ახალი ტრეკები მეტად არტ-როკის ჟანრისაკენ წავიდა.“

ცოტნე იოსებაშვილი:

„დღესდღეობით უფრო მეტად კომპლექსური მუსიკა მოგვწონს. ჩვენთვისაც რთულია დავასახელოთ ჟანრი, რომელსაც ვუკრავთ, რადგან ჩვენი მუსიკა უფრო მეტად ემოციებიდან გამომდინარეობს და ამიტომ ჟანრობრივადაც მრავალფეროვანია. შესაძლოა მძიმე მუსიკაც დავწეროთ, შესაძლოა პირიქით, მსუბუქი და მელოდიური. ჟანრობრივი ბარიერები არ გვაქვს. ალბათ, ამ ყველაფრის გათვალისწინებით, ყველაზე ახლოს არტ-როკთან ვართ.“

ფოტო: ნინუცა კაკაბაძე

როგორც Process-ის წევრები ამბობენ, მუსიკალური ექსპერიმენტების მოყვარულები არიან. საკუთარ შემოქმედებას უფრო მეტად ინდივიდუალურ კომპოზიციებად აღიქვამენ, ვიდრე ჟანრობრივ მიმართულებად, რომელსაც მიჰყვებიან. გარდა იმისა, რომ ეს მიდგომა არტისტებს მეტ თავისუფლებას აძლევს, უშუალოდ შემოქმედებაც უფრო დიდი აუდიტორიისათვის არის მიმზიდველი და საინტერესო. რაც შეეხება იდეურ ინსპირაციას,  Process-ის ტექსტები ემოციებზე, ადამიანის თვითგამორკვევასა და საკუთარი თავის ძიებაზეა. ხშირად სწორედ ეს განაპირობებს ტრეკების მელანქოლიურ ხასიათს.

ბუნებრივია, რომ Process-ის ერთგული მსმენელის აუდიტორიას ძირითადად ახალგაზრდები შეადგენენ. როგორც ჯგუფის წევრები ამბობენ, კონცერტიდან კონცერტამდე მსმენელის რიცხვი იზრდება და ეს სცენიდანაც შესამჩნევია. 

ლუკა ჰეილი:

„2022 წლის შემდეგ აქტიურად გამოვდივართ სცენაზე და რაც ყველაზე მეტად გვახარებს, ერთი და იმავე ადამიანების დანახვაა. უკვე გვყავს მსმენელი, რომელიც ყველა ლაივზე დაგვყვება. ვფიქრობ, ჩვენს მსმენელთან ბენდის თითოეულ წევრს ბევრი საერთო გვაქვს. გარდა იმისა, რომ ერთი თაობა ვართ, ინტერესებიც მსგავსია. ჩვენი აუდიტორია შედგება იმ ადამიანებისაგან, ვინც ცდილობს გაიგოს, რა უნდა ცხოვრებაში და საკუთარი თავი იპოვოს.“

ფოტო: ნინუცა კაკაბაძე

სოციალური მედიის ეპოქის თავისებურებების გათვალისწინებით, ხელოვნების ნებისმიერ მიმართულებაში განსაკუთრებული მნიშვნელობა შემოქმედებითი იდენტობისაგან ბრენდის შექმნამ შეიძინა. ეს განსაკუთრებით კარგად აქვთ გაცნობიერებული ახალი თაობის ხელოვანებს და ამ მხრივ არც Process არის გამონაკლისი. სასცენო ვიზუალსა თუ ფოტოსესიების ესთეტიკაში გამორჩეული სტილი იკვეთება, რაც ბენდის წევრების თქმით, ბუნებრივი და ავთენტურია. 

როგორც Process-ის წევრები „Billboard საქართველოსთან“ ინტერვიუში ამბობენ, მუსიკა მათთვის არა გართობა, არამედ ძირითადი საქმეა და მომავალსაც სწორედ ამ ინდუსტრიასთან აკავშირებენ.  

ფოტო: ნინუცა კაკაბაძე

ცოტნე იოსებაშვილი:

„მუდმივად ვრეპეტიციობთ. გარდა იმისა, რომ საბოლოოდ კარგი კომპოზიციით გვირგვინდება, ეს ჩვენთვის ერთმანეთთან დროის გატარების საშუალებაა. ჩვენ ახლო მეგობრები ვართ და ეს სიახლოვე მუსიკალურ შემოქმედებაშიც იგრძნობა და სცენაზეც.“

18 ნოემბერს, Process მსმენელს ახალ რელიზს წარუდგენს. Junk Keeper – ასე ჰქვია სინგლს, რომელსაც ბენდი ასევე 18 ნოემბერს, კლუბში APRILI გამართულ ლაივზე  შეასრულებს. 

მანამდე კი, მოუსმინეთ Process-ის სადებიუტო ალბომს – CONFUSION:

Share
Tweet
Share
Share
Share

წინა სტატია

„თავშეკავება“ – Eko & Vinda Folio ოთხი წლის შემდეგ ახალი ალბომით დაბრუნდნენ

შემდეგი სტატია

On The Road

On The Road-ის ახალი ალბომი Heal Yourself 27 ნოემბერს გამოვა

შეიძლება დაგაინტერესოთ

„მშვიდობით, თემურ” რუსთაველის ეროვნული თეატრის ექსპერიმენტულ სცენაზე

რუსთაველის ეროვნული თეატრის ექსპერიმენტულ სცენაზე სპექტაკლის „მშვიდობით, თემურ” პრემიერა შედგა

მიუხედავად იმისა, რომ დრამატურგ ბასა ჯანიკაშვილის პიესა „მშვიდობით, თემურ” 20 წლის წინ არის დაწერილი, აბსურდის თემატიკით, გროტესკითა და შავი იუმორით სავსე ნაწარმოები აქტუალობას დღესაც არ კარგავს.
მეტი

ბიონსე და კელი როულენდი Death Becomes Her-ის ბროდვეის პრემიერას  Destiny’s Child-ის მესამე წევრის, მიშელ უილიამსის მხარდასაჭერად დაესწრნენ

„My Belle“, - წერს ბიონსე პოსტის აღწერაში, რომლებიც ასახავს Death Becomes Her-ში უილიამსის თამაშის ხილვით მიღებულ შთაბეჭდილებებს.
მეტი

მაკ მილერის გარდაცვალების შემდგომი ალბომის, Balloonerism-ის გამოცემის თარიღი ცნობილია

პროექტი რეპერის გარდაცვალების შემდგომ გამოსული პირველი ალბომის, Circles-ის ხუთი წლის თავზე გამოვა.
მეტი