ნატალია ნაყოფია ახალ სიმღერას აზიარებს

„გაბრძანდი” მუსიკოსმა 16 წლის ასაკში დაწერა.

ნატალია ნაყოფიამ მსმენელს ახალი სიმღერა წარუდგინა. თუმცა რეალურად ეს მისი შემოქმედების ერთ-ერთი ყველაზე ძველი კომპოზიცია აღმოჩნდა. სიმღერა, სახელწოდებით “გაბრძანდი”, მუსიკოსმა 16 წლის ასაკში დაწერა.

ნატალია ნაყოფია:

„ეს სიმღერა ძალიან ადრე დავწერე და რასაც ახლა ვუშვებ, ჩემი სიმღერებიდან ყველაზე ძველი ალბათ ეგ არის. მაგრამ ამდენი წლის შემდეგაც მაინც იმდენად რელევანტური იყო და იმდენად მომწონდა, რომ გადავწყვიტე, ჩამეწერა და გამომექვეყნებინა. თუმცა, რა თქმა უნდა, რაღაცები შევცვალე, დავხვეწე. Მთლად ისეთი აღარ არის, როგორიც 10 წლის წინ იყო, მაგრამ შევინარჩუნე ის ბავშვური ნაწილი სიმღერის და ის ემოციაც, რომელიც იმ მომენტში ვიგრძენი. სიტყვებიდან გამომდინარე, ძალიან პირდაპირი სიმღერაა. ზოგადად, არ მიყვარს ხოლმე ლაპარაკი, თუ რაზეა ჩემი სიმღერა. ზოგჯერ, ტექსტს რომ მოუსმენ, იქიდან უნდა გამოიტანო აზრი და ზოგჯერ ძალიან პირდაპირია ეს აზრი. 

მართალია, „გაბრძანდი” ძალიან ადრე დავწერე, მაგრამ, თითქოს, პრობლემა არ შეცვლილა. იგივე გამოწვევები გვაქვს დიდ ასაკშიც და იგივე გრძნობები. იგივე გამოცდილებებია, უბრალოდ ცოტა სხვანაირად გადიხარ და სხვა თვალითა და პერსპექტივით უყურებ. ძალიან საინტერესოა, იმდენი ინსპირაცია ჩნდება და იმდენი სიახლე ხდება და როგორც არტისტი, იმდენ მუსიკას წერ – ყოველ შემთხვევაში, მე სულ ვწერ ახალ მუსიკას – და თითქოს გინდა, რომ ეს ახალი გამოაქვეყნო. მაგრამ ზოგიერთი სიმღერა, რაც მაგ ასაკში მაქვს დაწერილი, ისე რჩება, რომ იცი, რომ რაღაც პირველადი ან პატარა მონახაზიც თუ გაქვს, იქიდან დღეს შეიძლება რაღაც ძალიან განსაკუთრებული შეიქმნას. „გაბრძანდის” შემთხვევაშიც ასე იყო: მქონდა მონახაზი, რომელიც ძალიან მომწონდა და ამ ასაკში, უფრო რომ გავიგე რაზე ვწერდი, როცა პატარა ვიყავი, დავხვეწე ის აზრი და ძალიან საინტერესო გამოვიდა. თან სტუდიური ვერსია ძალიან განსხვავებულია იმისგან, როგორც დაიწერა სულ თავიდან და ეგ მომწონს ზუსტად – პროგრესი იგრძნობა და რომ გავიზარდე, იმასაც ვგრძნობ ამ სიმღერაში. დიდი სიამოვნებით გადავიღებდი ვიდეოკლიპსაც, მაგრამ ვნახოთ, თუ ხალხმა აიტაცა და მხარდაჭერა ექნება სიმღერას, შემდეგ უკვე კლიპის გაკეთებაც შეიძლება.”

ნატალია ამჟამადაც აქტიურად მუშაობს ახალ სიმღერებზე, რომლებსაც, მისი თქმით, მსმენელი უახლოეს მომავალში მოისმენს. თებერვალში კი მუსიკოსი კიდევ ერთი კონცერტის ჩატარებასაც გეგმავს. 

Share
Tweet
Share
Share
Share

წინა სტატია

Self Sufficient – Killages ახალ კლიპს აზიარებს

შემდეგი სტატია

ჯონ ბატისტი მის შესახებ გადაღებულ დოკუმენტურ ფილმზე, ინტერვიუ ამერიკულ Billboard-თან

შეიძლება დაგაინტერესოთ

მაკ მილერის გარდაცვალების შემდგომი ალბომის, Balloonerism-ის გამოცემის თარიღი ცნობილია

პროექტი რეპერის გარდაცვალების შემდგომ გამოსული პირველი ალბომის, Circles-ის ხუთი წლის თავზე გამოვა.
მეტი

2025 წლის კოაჩელას ფესტივალზე ტრევის სკოტი თავისი მუსიკალური შემოქმედების ახალ თავს წარადგენს

2017 წლის შემდეგ ეს იქნება პირველი შემთხვევა, როცა რეპერი ამ ფესტივალში მიიღებს მონაწილეობას.
მეტი