ჯიმი ჰენდრიქსის მუსიკაზე საავტორო უფლებების საქმე სასამართლო პროცესზე განიხილება 

ჰენდრიქსის ბენდის წევრების მემკვიდრეები Sony Music-ს უჩივიან.
ჯიმი ჰენდრიქსი
Bob Baker/Redferns

ჯიმი ჰენდრიქსის მუსიკაზე საავტორო უფლებების სადავო საქმე სასამართლო პროცესზე განიხილება. ეს გადაწყვეტილება დიდი ბრიტანეთის მოსამართლემ მიიღო, რომელმაც განაცხადა, რომ ჰენდრიქსის ბენდის წევრების მემკვიდრეებს აქვთ შესაძლებლობა, Sony Music-ის წინააღმდეგ დავა განაგრძონ.

ბასტისტ ნოელ რედინგისა და დრამერ მიტჩ მიტჩელის მემკვიდრეები ამტკიცებენ, რომ ეკუთვნით წილი Jimi Hendrix Experience-ის ქვეშ გამოცემული სამი ალბომიდან და ისინი უკვე ორი წელია, რაც ამის დასამტკიცებლად იბრძვიან.

Sony Music საქმის შეწყვეტას ითხოვდა, რადგან მისი მტკიცებით, რედინგმა და მიტჩელმა თავიანთი საავტორო უფლებები მას ადრეულ 1970-იან წლებში, ჰენდრიქსის გარდაცვალებიდან მალევე გადასცეს. მაგრამ ლონდონის უზენაესმა სასამართლომ გადაწყვიტა, რომ საქმეზე სასამართლო პროცესი უნდა შედგეს. 

„ჩემი დასკვნაა, რომ სარჩელი საავტორო უფლებებისა და გამომსვლელთა ქონებრივი უფლებების შესახებ სასამართლო პროცესზე უნდა იყოს განხილული,” – აღნიშნულია მოსამართლე მაიკლ გრინის განაჩენში, რომელიც Billboard-მა მოიპოვა. მოსამართლე წერს, რომ რედინგისა და მიტჩელის შთამომავლებს საქმეზე წარმატების მიღწევის რეალური პერსპექტივა აქვთ.

უცნობია, როდის გაიმართება სასამართლო პროცესი. არც Sony Music-ის და არც ჯიმი ჰენდრიქსის მემკვიდრეობის წარმომადგენლებს მოსამართლის გადაწყვეტილებაზე კომენტარი არ გაუკეთებიათ. 

Billboard-თან საუბრისას რედინგისა და მიტჩელის ადვოკატებმა კი აღნიშნეს: „ეს გადაწყვეტილება ნიშნავს, რომ ჩვენ შეგვიძლია მოვიპოვოთ სამართლიანობა ამ ორი მუსიკოსის ოჯახებისთვის. არავინ უარყოფს, რომ ჯიმი ჰენდრიქსი იყო ყველა დროის ერთ-ერთი, თუ არა ერთადერთი, ყველაზე დიდი გიტარისტი. მაგრამ ის არ წერდა მუსიკას მარტო და ეს ალბომები წარმატებას ვერ მიაღწევდა ნოელისა და მიტჩის წვლილის გარეშე.”

ჰენდრიქსმა რედინგთან და მიტჩელთან თანამშროლობა 1966 წელს დაიწყო Experience-ის ტრიოს ჩამოსაყალიბებლად. ტრიომ არაერთი, ახლა უკვე საკულტო მუსიკად ქცეული სიმღერა გამოსცა. მათ შორის All Along The Watchtower, რომელმაც 1968 წელს 9 კვირა გაატარა Billboard-ის Hot 100-ში.

მხარეებს შორის დავა 2021 წელს დაიწყო, როცა რედინგისა და მიტჩელის მემკვიდრეებმა დიდ ბრიტანეთში გაგზავნეს წერილი, სადაც ამტკიცებდნენ, რომ მათ ჰქონდათ საავტორო უფლებები ჰენდრიქსის მუსიკაზე და მილიონები ეკუთვნოდათ როიალტის სახით. ჰენდრიქსის მემკვიდრე კომპანია და Sony Music მათ ერთი თვის შემდეგ გამოეხმაურნენ და ნიუ-იორკის ფედერალურ სასამართლოში სარჩელის შეტანა დაასწრეს. ისინი ამტკიცებდნენ, რომ ჰენდრიქსის მუსიკის ერთადერთი სამართალმემკვიდრეები იყვნენ. რედინგისა და მიტჩელის მემკვიდრეებმა კი Sony-ს წინააღმდეგ ბრიტანულ სასამართლოში შემხვედრი სარჩელი შეიტანეს. 

ტრანსატლანტიკური დავა აქცენტს აკეთებს შეთანხმებაზე, რომელზეც რედინგმა და მიტჩელმა ხელი მოაწერეს ნიუ-იორკში 1973 წელს მას შემდეგ, რაც ჰენდრიქსი მოულოდნელად 27 წლის ასაკში გარდაიცვალა. დოკუმენტის მიხედვით, ორივე მუსიკოსი თანახმაა, რომ არ უჩივლებდნენ ჯიმის სამართალმემკვიდრეებს. სანაცვლოდ კი ნებისმიერ ხმის ჩამწერ კომპანიას, რომელიც გაავრცელებდა მათ მუსიკას, ერთჯერადად უნდა გადაეხადა 100 000 დოლარი რედინგისთვის და 247 500 დოლარი მიტჩელისთვის.

Sony და ჰენდრიქსის მემკვიდრეობის წარმომადგენლები ამტკიცებენ, რომ აღნიშნული შეთანხმება უკრძალავს რედინგისა და მიტჩელის მემკვიდრეებს, რაიმე ლეგალური უფლება მოითხოვონ ბენდის მუსიკაზე. მემკვიდრეები კი, თავის მხრივ, ამტკიცებენ, რომ რედინგი და მიტჩელი სიღარიბეში გარდაიცვალნენ და დიდი ბრიტანეთის კანონით მათ სრული უფლება აქვთ, წილი მოითხოვონ საკმაოდ შემოსავლიანი Hendrix Experience-ის მუსიკიდან, რომლის შექმნაშიც თავად მიუძღვით წვლილი.

მოსამართლე გრინს მთავარ საქმეზე გადაწყვეტილება არ გამოუტანია. მან მხოლოდ დაადგინა, რომ არსებობს სათანადო არგუმენტები იმისთვის, რომ ეს საქმე სასამართლო პროცესზე გადაწყდეს. 

რედინგისა და მიტჩელის წარმომადგენლის განცხადებით, ისინი სასამართლო პროცესს ელოდებიან: „ნოელი და მიტჩი სიღარიბეში გარდაიცვალნენ, მიუხედავად იმისა, რომ რეალურად ისინი Jimi Hendrix Experience-ის ორ მესამედს წარმოადგენდნენ და ჯიმისთან ერთად მათაც ეკუთვნოდათ საავტორო უფლებები ალბომებზე. ჩვენ ამ საქმეს ვუყურებთ, როგორც ჩირაღდანს, განსაკუთრებით ნოელისთვის, რომელმაც 30 წელზე მეტი შეალია სამართლის ძიებას.”

წლების განმავლობაში ასევე მიმდინარეობდა დავა, თუ სად უნდა შემდგარიყო საქმის მოსმენა – ამერიკულ თუ ბრიტანულ სასამართლოში. მაისში ამერიკის ფედერალურმა მოსამართლემ დაადგინა, რომ უპირატესობა ბრიტანულ სასამართლოს აქვს, რადგან იქ ერთი თვით ადრე დაიწყო საქმის განხილვა. ბრიტანულმა სასამართლომ, თავის მხრივ, განაცხადა, რომ მზადაა საქმის გასაგრძელებლად. ამ ეტაპზე აშშ-ში, მანჰეტენის ფედერალურ სასამართლოში საქმე დაპაუზებულია.

Share
Tweet
Share
Share
Share

წინა სტატია

The Smile ახალი ალბომით დიდი ბრიტანეთის მუსიკალურ ჩარტებში ლიდერობს

შემდეგი სტატია

No Doubt - ფოტო: ტიმ რონი

გვენ სტეფანის თქმით 2024 წელს No Doubt ბრუნდება

შეიძლება დაგაინტერესოთ

Tape Visitors ფესტივალ Mad Cool-ის სცენაზე

ჯგუფმა შესარჩევ ტურში – Mad Cool Talent-ში გაიმარჯვა, რომელიც მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან მუსიკოსებს საშუალებას აძლევს, კონკურსში მიიღონ მონაწილეობა და საბოლოოდ ფესტივალის პროგრამაში მოხვდნენ.
მეტი
Snoop Dogg - 2026 წლის მაიამის რბოლის კვირეულის ფარგლებში, 2 მაისი, მაიამი, E11EVEN Miami Alexander Tamargo/Getty Images for E11EVEN

Snoop Dogg-ის ბიოგრაფიული ფილმის გამოსვლის თარიღი ცნობილია

Universal Pictures-ის ფილმი, რომლის რეჟისორიც კრეიგ ბრიუერი იქნება, ეკრანებზე 2027 წლის 6 აგვისტოს გამოვა. რეპის ლეგენდას კი Outer Banks-ის ვარსკვლავი ჯონათან დევისი განასახიერებს.
მეტი
ესპანეთის ნაკრების ფეხბურთელი ლამინ იამალი (N19) FIFA-ს მსოფლიო ჩემპიონატის გამარჯვებულთა თასით. ესპანეთმა 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატის ფინალში არგენტინა დაამარცხა. მატჩი 19 ივლისს, ნიუ ჯერსის შტატში, ისტ რეზერფორდის MetLife Stadium-ზე გაიმართა. ALEX PANTLING /FIFA VIA GETTY IM

75 სიმღერა ესპანეთის მსოფლიო ჩემპიონატზე გამარჯვების აღსანიშნად: ROSALÍA, QUEVEDO, ENRIQUE IGLESIAS და სხვები

Manolo Escobar-ის კლასიკური ჰიტით - Y Viva España დაწყებული Aitana-ს Superestrella-მდე, გაეცანით საზეიმო ფლეილისტს სრულად.
მეტი

ლიამ გალაგერის თქმით, ფეხბურთის მსოფლიო ჩემპიონატის Halftime Show ცუდ მოგზაურობას ჰგავდა

ვარსკვლავებით დატვირთული კონცერტი ჩემპიონატის იტორიაში ფინალური მატჩის ტაიმებს შორის გამართული პირველი მუსიკალური შოუ იყო.
მეტი