„სუპერ ბოულის” სახელით ცნობილი სპორტული მოვლენა, ერთ-ერთი ყველაზე სანახაობრივი სატელევიზიო შოუც არის. თამაშის მიმდინარეობისას სხვადასხვა კომპანიები, კინოსტუდიები, თუ მომღერლები სიახლეებს პრომო ვიდეოების საშუალებით აანონსებენ, რაც „სუპერ ბოულის” მიმართ არამხოლოდ სპორტულ, არამედ საყოველთაო ინტერესს იწვევს.
11 თებერვალს, 2024 წლის „სუპერ ბოულზე”, ბიონსემ მოულოდნელად ქანთრის სტილის ახალი ალბომი დააანონსა. ამავე დროს, მომღერალმა ორი ახალი სინგლი გამოსცა – Texas Hold ’Em და 16 Carriages. ბიონსეს დაანონსებულ ალბომს მუსიკოსის ქანთრი ეპოქის დასაწყისად მოიხსენიებენ, თუმცა, ასევე აღსანიშნავია, რომ ეს პირველი შემთხვევა არ არის, როცა არტისტმა ამ ჟანრის სიმღერა გამოუშვა. 2016 წელს გამოცემული სინგლი Daddy Lessons, რომელიც სწორედ ქანთრის ჟანრობრივი გავლენით გამოირჩევა, შესულია მომღერლის მეექვსე სტუდიურ ალბომში Lemonade.
Texas Hold ’Em და 16 Carriages მუსიკალურ სტრიმინგ სერვისებზე დიდი პოპულარობით სარგებლობს. გამოცემის პირველივე დღეს სიმღერებს 4.32 მილიონი მოსმენა ჰქონდა, კონკრეტულად შეერთებული შტატების მასშტაბით კი – 2.66 მილიონი. თუმცა ბიონსეს შემოქმედებაში ქანთრის აქტუალობას მხოლოდ ახალი სიმღერების პოპულარობაზე არ უმოქმედია: ასევე საგრძნობლად გაიზარდა Daddy Lessons-ის რეიტინგი. 12 თებერვლის მონაცემებით სიმღერის სტრიმების მაჩვენებელი 370%-ით იყო მომატებული.
მოუსმინეთ სიმღერას Daddy Lessons: