გიორგი რამიშვილი: „მჯერა, „ევროპაკონცერტის” შემდეგ საქართველო უფრო ახლოს იქნება ევროპასთან და ევროპა – საქართველოსთან”

„ევროპაკონცერტის” იდეა უკავშირდება ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის დაარსების თარიღს – 1882 წლის 1-ელ მაისს.

2024 წელს წინანდლის მამულის ამფითეატრში ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის ტრადიციული ღონისძიება, „ევროპაკონცერტი” გაიმართება. 

ლეგენდარული მაესტრო დანიელ ბარენბოიმის დირიჟორობით გამართულ კონცერტში მონაწილეობას ცნობილი  ქართველი მევიოლინე ლიზა ბათიაშვილი მიიღებს. 26 თებერვალს ღონისძიების მასპინძლებმა ბერლინში პრესკონფერენცია გამართეს, სადაც დაგეგმილ კონცერტზე ისაუბრეს. 

როგორც „სილქ როუდ ჯგუფის” დამფუძნებელმა გიორგი რამიშვილმა განაცხადა, 1-ელ  მაისს გერმანიის და საქართველოს ურთიერთობაში ისტორიული მნიშვნელობის მოვლენის მოწმენი გავხდებით. 

„პირველად ჩვენს ქვეყანაში, ბერლინის ფილარმონიული ორკესტრი ლეგენდარული მაესტრო ბარენბოიმის ხელმძღვანელობით, საქართველოს კაშკაშა ვარსკვლავთან, მევიოლინე ლიზა ბათიაშვილთან ერთად წინანდლის მამულში ბრამსისა და ბეთჰოვენის მუსიკას გააჟღერებს. წინანდალი ამისთვის საუკეთესო ადგილია და ახლა საუკეთესო მომენტია ამ ისტორიული მოვლენის აღსანიშნავად. როგორც ყველა ქართველი, მეც ვამაყობ, რომ ამ ისტორიული მომენტის მონაწილე ვარ და, ამას გარდა, წილად მხვდა პატივი, ვუმასპინძლო მუსიკის ამ ზეიმს მშვიდობისთვის და ერთიანობისთვის, რაც დღევანდელ დღეს ასე აუცილებელია,” – აღნიშნა გიორგი რამიშვილმა.

„ევროპაკონცერტი” მსოფლიოს კულტურული სივრცისათვის მნიშვნელოვანი მოვლენაა. მისი იდეა უკავშირდება ორკესტრის დაარსების თარიღს – 1882 წლის 1-ელ მაისს. კონცერტი ყოველწლიურად განსხვავებულ ქვეყანასა თუ ქალაქში იმართება, რომელსაც ორკესტრი თავად ირჩევს. 2024 წლის ევროპაკონცერტი ეძღვნება ევროპაში მშვიდობიან თანაარსებობას.  ევროპაკონცერტის მასპინძლობას წელს ჩვენი ქვეყნისათვის სიმბოლური მნიშვნელობა აქვს, რადგანაც საქართველომ გასული წლის ბოლოს ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მიღება იზეიმა.

პრესკონფერენციას ლიზა ბათიაშვილიც ესწრებოდა. მუსიკოსმა პრესასთან საუბრისა აღნიშნა, რომ ამ „ევროპაკონცერტის” წინანდლის მამულში ჩატარება საქართველოსათვის განუზომელი მნიშვნელობის მატარებელი კულტურული მოვლენაა.

„ჩვენს ქვეყანაში არასდროს ყოფილა ასეთი პრესტიჟული და გლობალური მასშტაბის ღონისძიება. 1960-იან წლებში კლივლენდის ორკესტრმა თბილისის ოპერაში დაუკრა, რაც ჩვენი მშობლების თაობას დღემდე ახსოვს. 2017 წელს სილქ როუდ ჯგუფის ორგანიზებით ისრაელის ფილარმონიულმა ორკესტრმა სწორედ წინანდალში გამართა კონცერტი და ახლა წინანდალი ევროპაკონცერტს უმასპინძლებს. პირადად ჩემთვის, ჩემი ორი სამშობლოს ჰარმონიული ერთიანობა ასეთ მაღალ მუსიკალურ დონეზე, ცხოვრების ერთ-ერთი ყველაზე განსაკუთრებული მომენტია“ – ლიზა ბათიაშვილი.

პრესკონფერენციაზე კომენტარი გააკეთა ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის გენერალურმა დირექტორმა, ანდრეა ზიცმანმა:

„ჩვენ გადავწყვიტეთ, რომ „ევროკონცერტი” 2024 გაგვემართა საქართველოში – ქვეყანაში, რომელიც ევროპული კულტურის ნაწილად მიგვაჩნია და რომელიც ბევრი შესანიშნავი ხელოვანის სამშობლოა, ვინც საერთაშორისო კულტურულ ლანდშაფტს ამდიდრებს. მოუთმენლად ველით ბევრ ახალ შეხვედრას წინანდალსა და თბილისში და ორმხრივი დიალოგის გაძლიერებას.“

„ევროპაკონცერტი” მსმენელს მუსიკალურად გამორჩეულ პროგრამას სთავაზობს. შესრულდება იოჰანეს ბრამსის კონცერტი ვიოლინოსა და ორკესტრისთვის , რე მაჟორი, თხზ. 77, ასევე  ლუდვიგ ვან ბეთჰოვენი: სიმფონია N.5, დო მინორი, თხზ.67. 

ევროპაკონცერტის გენერალური სპონსორია „სილქ ჰოსფითალითი”. ღონისძიების წარმდგენია TBC Concept, მხარდამჭერები არიან Visa და Mercedes-Benz Georgia.

ბილეთების შეძენა შესაძლებელია 26 თებერვლიდან Tkt.ge -ზე.

Share
Tweet
Share
Share
Share

წინა სტატია

თამადა მსოფლიოში ცნობილ Colors Show-ში გამოჩნდება

შემდეგი სტატია

ნატალია ნაყოფია

„მთავარია შთაგონება და ემოცია იყოს და ემოცია სადაც არის, იქ სიმღერა აუცილებლად იწერება.“ – ნატალია ნაყოფია

შეიძლება დაგაინტერესოთ

Tape Visitors ფესტივალ Mad Cool-ის სცენაზე

ჯგუფმა შესარჩევ ტურში – Mad Cool Talent-ში გაიმარჯვა, რომელიც მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან მუსიკოსებს საშუალებას აძლევს, კონკურსში მიიღონ მონაწილეობა და საბოლოოდ ფესტივალის პროგრამაში მოხვდნენ.
მეტი
Snoop Dogg - 2026 წლის მაიამის რბოლის კვირეულის ფარგლებში, 2 მაისი, მაიამი, E11EVEN Miami Alexander Tamargo/Getty Images for E11EVEN

Snoop Dogg-ის ბიოგრაფიული ფილმის გამოსვლის თარიღი ცნობილია

Universal Pictures-ის ფილმი, რომლის რეჟისორიც კრეიგ ბრიუერი იქნება, ეკრანებზე 2027 წლის 6 აგვისტოს გამოვა. რეპის ლეგენდას კი Outer Banks-ის ვარსკვლავი ჯონათან დევისი განასახიერებს.
მეტი
ესპანეთის ნაკრების ფეხბურთელი ლამინ იამალი (N19) FIFA-ს მსოფლიო ჩემპიონატის გამარჯვებულთა თასით. ესპანეთმა 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატის ფინალში არგენტინა დაამარცხა. მატჩი 19 ივლისს, ნიუ ჯერსის შტატში, ისტ რეზერფორდის MetLife Stadium-ზე გაიმართა. ALEX PANTLING /FIFA VIA GETTY IM

75 სიმღერა ესპანეთის მსოფლიო ჩემპიონატზე გამარჯვების აღსანიშნად: ROSALÍA, QUEVEDO, ENRIQUE IGLESIAS და სხვები

Manolo Escobar-ის კლასიკური ჰიტით - Y Viva España დაწყებული Aitana-ს Superestrella-მდე, გაეცანით საზეიმო ფლეილისტს სრულად.
მეტი

ლიამ გალაგერის თქმით, ფეხბურთის მსოფლიო ჩემპიონატის Halftime Show ცუდ მოგზაურობას ჰგავდა

ვარსკვლავებით დატვირთული კონცერტი ჩემპიონატის იტორიაში ფინალური მატჩის ტაიმებს შორის გამართული პირველი მუსიკალური შოუ იყო.
მეტი