საერთაშორისო სცენაზე მოღვაწე მულტიმედია არტისტმა, მატაია უალდენბერგმა ქართველ მუსიკოს Creams-თან ითანამშრომლა. მატაიამ Creams-ის ტრეკის, PIE-ს გარემიქსებული ვერსია გამოსცა.
კოლაბორაციის შესახებ Creams-მა Billboard Georgia-სთან ისაუბრა. არტისტებმა ერთმანეთი ხუთი წლის წინ გაიცნეს, როცა მატაია უალდენბერგი კლუბ Gallery-ში უკრავდა.
Creams:
„ამის შემდეგ ერთმანეთთან მეგობრული კომუნიკაცია გვქონდა. როდესაც მომწერა, რომ ჩემი რომელიმე კრემის რემიქსს გააკეთება სურდა, Pie გავუგზავნე. როცა საბოლოო შედეგი მოვისმინე, ძალიან მომეწონა. აქამდე თუ ვინმესთან კოლაბორაცია მქონია, სამუშაო პროცესიც ერთობლივი იყო. PIE-ს რემიქსი სრულიად დისტანციურად გაკეთდა და მატაიამ საკუთარი ესთეტიკიდან გამომდინარე ტრეკის საინტერესო ინტერპრეტაცია შექმნა.”
მატაია უალდენბერგის ნამუშევრები დამახასიათებელი ვიზუალური და მუსიკალური ხელწერით გამოირჩევა. არტისტის შესახებ ოფიციალურ ვებ გვერდზე ვკითხულობთ: „მატაია უალდენბერგი არის უცხოპლანეტელი ელფი კიბორგი, რომელიც ადამიანებმა გაზარდეს და მუსიკის საშუალებით ის თავის ნამდვილ სახეს იბრუნებს”
ბოლო თვეების განმავლობაში Creams-ის მსმენელმა არტისტის რამდენიმე მუსიკალური კოლაბორაცია მოისმინა. Creams-მა ითანამშრომლა Kordz-თან და ასევე ფრანგ არტისტთან, სასცენო სახელით Moodoid.
Creams:
„სხვა არტისტებთან თანამშრომლობა საინტერესო გამოცდილებაა. ეს ის პროცესია, როცა სხვისი სამყარო შენსას ხვდება და რაღაც სრულიად ახალი იქმნება. ახლაც ვმუშაობ რამდენიმე არტისტთან და ტრეკებს აუდიტორია მალე მოისმენს.”
2024 წლის სექტემბერში სადებიუტო LP გამოვა, რომლის სახელწოდება ჯერჯერობით უცნობია.
„LP 14 ტრეკს აერთიანებს, თუმცა, ამ რიცხვის 12-მდე შემცირებას ვფიქრობ. პირველი სინგლის გამოცემას აპრილის ბოლოს ან მაისის დასაწყისში ვგეგმავ. ბევრი ვიფიქრე, თუ რომელი ნამუშევარი უნდა გამოქვეყნებულიყო პირველი და საბოლოოდ ავარჩიე სინგლი, რომელიც, ვფიქრობ, ალბომისათვის კარგი გამხსნელი იქნება. ეს არის ორწუთიანი ტრეკი, რომელიც მუსიკალურად მთლიანი ალბომის კონცეფციას კარგად ასახავს.”- ამბობს არტისტი.