25 მაისს კანის საერთაშორისო კინოფესტივალზე ჟაკ აუდიარის კრიმინალურმა მიუზიკლმა სახელწოდებით Emilia Pérez საუკეთესო მსახიობი ქალის ჯილდო მიიღო.
ფილმის პრემიერა 2024 წლის 18 მაისს, კანის 77-ე კინოფესტივალზე შედგა. ჯილდო კი ჟიურიმ 25 მაისს საუკეთესო მსახიობი ქალის ნომინაციაში ფილმში მონაწილე ქალთა ჯგუფს გადასცა.
„ქალები ერთად, ეს არის რისთვისაც გვინდოდა პატივი მიგვეგო, როდესაც ეს ჯილდო დავაწესეთ. თითოეული მათგანი გამორჩეულია, მაგრამ ერთად ყოველივე ეს ტრანსცენდენტალურია“ – განაცხადა კანის ჟიურის პრეზიდენტმა და ფილმ Barbie-ს რეჟისორმა გრეტა გერვიგმა.
ტრანს-საზოგადოებისთვის მნიშვნელოვან მომენტში ფილმ Emilia Pérez-ის ქალ მსახიობთა ჯგუფის სახელით ჯილდო ტრანსგენდერმა მსახიობმა კარლა სოფია გასკონმა მიიღო. იგი არის პირველი ტრანსგენდერი მსახიობი, რომელმაც კანის საერთაშორისო კინოფესტივალზე გაიმარჯვა.
ფილმში მონაწილე მსახიობი და მომღერალი სელენა გომესი კანში ფილმის პრემიერის დროს იმყოფებოდა, თუმცა გალა დაჯილდოებას არ დასწრებია. გამარჯვების შემდეგ კი მან ინსტაგრამ სთორი გააზიარა, სადაც ემოციებს ვერ მალავს.
ოქროს პალმის რტო, ფესტივალის მთავარი ჯილდო, შონ ბეიკერის ფილმ Anora-ს გადაეცა. გრანპრი პაილ კაპარდის ფილმმა All We Imagine As Light-მა მიიღო. მოჰამედ რასულოფის ფილმმა The Seed of the Sacred Fig ჟიურის სპეციალური ჯილდო დაიმსახურა, ხოლო ჯესი პლემონსმა საუკეთესო მსახიობი მამაკაცის ჯილდო იორგოს ლანთიმოსის ფილმში Kinds of Kindness-ში შესრულებული როლისთვის მიიღო.
ჯორჯ ლუკას კინოში შეტანილი წვლილისთვის საპატიო ოქროს პალმის რტო გადაეცა.
2024 წლის კანის საერთაშორისო კინოფესტივალის გამარჯვებულთა სია კი ასე გამოიყურება:
ოქროს პალმის რტო – შონ ბეიკერი (Anora)
გრან-პრი – All We Imagine As Light
ჟიურის პრიზი – Emilia Pérez
საუკეთესო რეჟისორი – მიგელ გომესი (Grand Tour)
საუკეთესო სცენარი – კორალი ფარგიტი (The Substance)
საუკეთესო მსახიობი ქალი – ადრიანა პაზი, ზოი სალდანა, კარლა სოფია გასკონი, სელენა გომესი (Emilia Pérez)
საუკეთესო მსახიობი მამაკაცი – ჯესი პლემონსი (Kinds of Kindness)
საპატიო ოქროს პალმის რტო – ჯორჯ ლუკასი
სპეციალური ჯილდო – მოჰამად რასულოფი (The Seed of the Sacred Fig)
ოქროს კამერა საუკეთესო პირველი ფილმისთვის – ჰალფდან ულმან ტონდელი (Armand)
ოქროს პალმის რტო საუკეთესო მოკლემეტრაჟიანი ფილმისთვის – ნებოიშა სლიჯეპჩევიჩი ( The Man Who Could Not Remain Silent)