13 სექტემბერს თბილისმა მეორედ უმასპინძლა Red Bull Soapbox Race-ს. ღვინის აღმართი ერთი დღით უჩვეულო სარბოლო ტრასად იქცა, სადაც საკუთარი ხელით შექმნილი, არამოტორიზებული ავტომობილების სანახაობრივი და ემოციური რბოლა გაიმართა. ქალაქის ერთ-ერთ ყველაზე ავთენტურ უბანში, ღვინის აღმართზე მოწყობილ 300-მეტრიან ქვაფენილის ტრასაზე ერთმანეთს 19 გუნდი შეეჯიბრა.

ფოტო: ნინუცა კაკაბაძე
მონაწილეებს ევროპის მოედნამდე მისასვლელად თვითნაკეთი ბოლიდების მართვასთან ერთად მათი დიზაინითა და სტარტამდე წარმოდგენილი პერფორმანსით ჟიურის ქულები უნდა დაემსახურებინათ. გუნდების შეფასება 10-ქულიანი სისტემით განხორციელდა. კომპეტენტურმა ჟიურიმ – დათა ქაჯაიამ, ირაკლი ვახტანგიშვილმა, ნიკო მაისურაძემ, ნინო გოგუაძემ და გიორგი დანელიამ, ტრასის დაფარვის დროსთან ერთად ავტომობილების კრეატიული დიზაინი და სტარტამდე წარდგენილი შთამბეჭდავი პერფორმანსებიც შეაფასეს.
ყველა ამ კრიტერიუმის გათვალისწინებით, ყველაზე წარმატებული გუნდი „სიზმარა“ გახდა. გამარჯვებული ეკიპაჟის წევრები არიან თამარ ჯინჭარაძე, სანდრო ხოსიტაშვილი, კონსტანტინე ჩუბინიძე, ცოტნე გიორგაძე და ამირან ქართველიშვილი.

ფოტო: ნინუცა კაკაბაძე
თამარ ჯინჭარაძე, გამარჯვებული გუნდის წევრი:
„მადლობა ყველა იმ ადამიანს, ვინც ამ ხნის განმავლობაში გვერდში მედგა, რათა ფინიშის ხაზი გადაგვეკვეთა და პირველი ადგილი მოგვეპოვებინა. მადლობა დედას, მამას და ყველას, ვინც ამ პროცესში ჩვენს გვერდით იყო.
ძალიან დიდი გამოცდილება მივიღე, ბევრი რამ ვისწავლე. ბევრი რამ შეგვეშალა, თუმცა შეცდომებიც აუცილებელია იმისთვის, რომ ვისწავლოთ. ძალიან კარგია, რომ ასეთი ღონისძიებები ტარდება და ახალგაზრდებს შესაძლებლობა გვაქვს, ახალი გამოცდილება მივიღოთ. იმედი მაქვს, მომავალ წელსაც ჩატარდება და ჩვენ აუცილებლად დავბრუნდებით.“
თბილისური რბოლის შემდეგ „სიზმარას“ ახალი გამოწვევა ელოდება. გუნდი ბაქოში და 24-26 სექტემბერს ფორმულა 1-ის აზერბაიჯანის გრან პრის ფარგლებში Red Bull Soapbox Race-ის გამარჯვებულის სტატუსით გაემგზავრება.