ბრიტანული ბენდის, ARCHIVE-ის ხმოვანი ნარატივი – Tbilisi Open Air-ზე

ARCHIVE მუსიკალური ფესტივალის ფარგლებში თბილისს მესამედ ეწვევა, ბენდი TOA-ს მთავარ სცენას 21 ივნისს დაიკავებს.
ARCHIVE (c) TBILISI OPEN AIR / Shalika Studio
ARCHIVE (c) TBILISI OPEN AIR / Shalika Studio

საქართველოში გამორჩეული მუსიკალური ფესტივალის, Tbilisi Open Air-ის წლევანდელ ლაინაფში არაერთ ცნობილ შემსრულებელთა სახელებს ამოიკითხავთ, თუმცა ცალკე აღნიშვნა სჭირდება გამორჩეულ ბრიტანულ ბენდს  ARCHIVE

ბენდი Tbilisi Open Air-ის ფარგლებში  ორჯერ, 2015 და 2017 წლებში უკვე იყო მოწვეული, სადაც მსმენელს დაუვიწყარი და საოცრად შთამბეჭდავი პერფორმანსი შესთავაზა. წელს კი Lisi Wonderland-ის სივრცეში, ფესტივალის გახსნის დღეს,  ARCHIVE თბილისს მესამედ ესტუმრება. 

ARCHIVE 2017 წლის Tbilisi Open Air-ზე (C) Ninuca Kakabadze

ARCHIVE – ეს არის ბენდი ეკლექტური ჟღერადობით, რომელიც ტრიპ-ჰოპით, ინტეგრირებული პროგრესული როკით, ელექტრონული მუსიკითა და გრძელი ინსტრუმენტული პასაჟებით არის გამორჩეული. მათი მელოდიები როგორც აგრესიულ, ასევე მინორულ ბითებსაც  აერთიანებს, სადაც მთავარი ნარატივი ინსტრუმენული თხრობა და მუსიკალური დინამიკური ცვლილებაა. 

ჯგუფის თითქმის 28-წლიან მუსიკალურ ისტორიას თუ გადავხედავთ, მათი წევრები საკმაოდ ხშირად იცვლებოდნენ, თუმცა ბენდის სულის ჩამდგმელი დარიუს კილერსი და დენი გრიფიტსი დღემდე ARCHIVE-ის მამოძრავებელ ძალად რჩებიან. ბენდის ისტორია 1994 წლიდან იწყება, 1996 წელს  კი ARCHIVE-მა სადებიუტო ალბომი Londinium გამოსცა, რასაც სამი წლის თავზე მეორე სტუდიური ალბომი, Take My Head (1999) მოჰყვა. ამ ალბომში სიმფონიური ტრიპ-ჰოპის, როკისა და ელექტრონული მუსიკის ნაზავი ნათელი, მელოდიური ჟღერადობით არის წარმოდგენილი. 

ARCHIVE 2017 წლის Tbilisi Open Air-ზე (C) Ninuca Kakabadze

2000 წელს ARCHIVE-ს ახალი ვოკალისტი, კრეიგ უოკერი შეუერთდა და ჯგუფმა სიმღერა Again ჩაწერა. ეს 16-წუთიანი სიმღერა ბენდის გამორჩეულ კომპოზიციად იქცა – მას ძლიერი ინსტრუმენტული სექციები, დინამიკური სტრუქტურა და ემოციური ვოკალი ახასიათებს.

2002-2005 წლებში ბენდმა კრეგ უოკერთან ერთად ჯამში სამი სტუდიური ალბომი გამოსცა: You All Look The Same To Me (2002), Michel Vaillant (2003) და Noise (2004). ბენდის ეს ნამუშევრები ARCHIVE-ის მუსიკალური ჟღერადობის იდენტობის აღმნიშვნელი აღმოჩნდა. ამ პერიოდში ბენდი ნელ-ნელა ელექტრონული, ტრიპ-ჰოპის ელემენტებს ჩამოშორდა და უფრო ფსიქოდელიური, პროგრესული ჟღერადობის მიმართულებისკენ გადაიხარა.  

ARCHIVE 2017 წლის Tbilisi Open Air-ზე (C) Ninuca Kakabadze

2004 წელს  კრეგ უოკერი, დავიდ პენმა (BirdPen) ჩაანაცვლა, რომელიც დღემდე ბენდის წევრია. ამავე წელს მათ მუსიკოსი პოლარდ ბერიერი შემოუერთდათ და სწორედ აქედან,  ARCHIVE-სთვის ახალი ერა დაიწყო. 2004  წელს ბენდმა ალბომი Noise გამოსცა, სადაც ცნობილი სიმღერა Fuck U შედის. აღსანიშნავია, რომ სიმღერის ქავერი შემდგომ თვით Placebo-მ შეასრულა. ამ დროისთვის ბენდმა სახე იცვალა და ის უფრო კოლექტიურ შემსრულებელთა ჯგუფად გარდაიქმნა, სადაც  მუსიკალური ჟღერადობის სრულყოფილ ჩამოყალიბებაზე ბენდის თითოეულმა წევრმა შეიტანა წვლილი.  2006 წელს გამოვიდა ალბომი Lights, რომელმაც კრიტიკოსების უდიდესი მოწონება დაიმსახურა. 

2009 წელს ARCHIVE თავისი ყველაზე ცნობილი ალბომით, Controlling Crowds I-III-ით დაბრუნდა. საფრანგეთის და საბერძნეთის მუსიკალურ ჩარტებში ალბომმა პირველი ადგილი დაიკავა, შვეიცარიაში – მეორე, ხოლო ლუქსემბურგში მეხუთე ადგილზე გავიდა. სინგლი სახელწოდებით Bullets კი დღემდე მათი ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი სიმღერაა. 

ARCHIVE-ს ჯამში 16 სტუდიური ალბომი აქვს გამოცემული, 2019 წელს მათი მუსიკალური კარიერის 25 წლის იუბილესთან დაკავშირებით ბენდმა  რეტროსპექტიული კოლექცია, სახელწოდებით 25 გამოუშვა, რომელიც 26 ტრეკს აერთიანებს.

ARCHIVE-ის მუსიკა ხშირად იკვლევს ეგზისტენციალურ საკითხებს, გვიყვება ადამიანის მდგომარეობის, ცხოვრების არსისა და პიროვნების შესახებ. მათი ალბომები სოციალურ-პოლიტიკურ საკითხებსაც მოიცავს, სადაც ძალაუფლების სტრუქტურას და სოციალურ ნორმებს ბენდი ხშირად აკრიტიკებს. ARCHIVE-ის სიმღერები რეალურ ამბებს კონცეპტუალურად მოგვითხრობს და მსმენელს მუსიკის ღრმა შრეებში ამოგზაურებს:

მაგალითად – 1996 წელს გამოსული სადებიუტო ალბომი Londinium ბრისტოლური ჟღერადობის და ალტერნატიული როკის ელემენტებს მოიცავს, რომელიც ურბანულ იზოლაციას და ეგზისტენციალურ ფიქრებს ეხება. 2002 წელს გამოცემული მესამე სტუდიური ალბომი  You All Look the Same to Me უფრო პროგრესული როკია, სადაც იდენტობაზე არის აქცენტი გაკეთებული.

ARCHIVE (C) Ninuca Kakabadze
ARCHIVE 2017 წლის Tbilisi Open Air-ზე (C) Ninuca Kakabadze

2009 წლის ალბომი სახელწოდებით Controlling Crowds რამდენიმე ნაწილად არის დაყოფილი, სადაც ფოკუსირება კონტროლის სხვადასხვა მექანიზმებზე და  ტექნოლოგიებზე დამოკიდებულ საზოგადოებაზე ხდება. 

ARCHIVE-ის 2014 წელს გამოსული აუდიოვიზუალური პროექტი Axiom კი მუსიკასა და ფილმს აერთიანებს, რომლის ყველა კომპოზიცია საუნდტრეკად დაჰყვება ამავე სახელწოდების მოკლემეტრაჟიან ფილმს, ალბომი კი ძირითადად დისტოპიურ მომავალზე მოგვითხრობს.

მუსიკალური ფესტივალი Tbilisi Open Air უკვე მრავალი წელია მსმენელს ხარისხიანი მუსიკით ანებივრებს, რითაც წლევანდელი წელიც გამორჩეულია. ARCHIVE მთავარ სცენაზე ფესტივალის პირველ დღეს, 21 ივნისს წარდგება. დამსწრე აუდიტორიას კი წინ დიდი სიამოვნება ელის, რადგან ამავე დღეს Lisi Wonderland-ზე ARCHIVE-ის გამოსვლამდე სცენას ცნობილი ნორვეგიელი არტისტი AURORA დაიკავებს, ბრიტანული ბენდის შემდეგ კი მთავარი სცენა ქართულ ბენდებს, MOKUMOKU-ს,  MECHANICAL RAINBOW-ს და  NEWCOMER 2024-ის გამარჯვებულ  Tape Visitors დაეთმობა.

Tbilisi Open Air 2024-ის ბილეთების შესაძენად ეწვიეთ ბმულს.

Share
Tweet
Share
Share
Share

წინა სტატია

ნიჭიერთა ათწლედის 90 წლის იუბილე • კახიძის მუსიკალური ცენტრი

ნიჭიერთა ათწლედის 90 წლის იუბილე

შემდეგი სტატია

ემინემის ახალი ტრეკი, Houdini, მსმენელმა კვირის რჩეულ ახალ ნამუშევრად დაასახელა

შეიძლება დაგაინტერესოთ

Anana Kaye Photo by Duende Vision

Anana Kaye-ს ახალი მუსიკალური ვიდეო სიმღერაზე Cordelia

„Cordelia, ახალი ალბომის პირველი სიმღერის კლიპი, შექსპირის „მეფე ლირის" პერსონაჟის ვიზუალური ინტერპრეტაციაა. კორდელიას პერსონაჟი ყოველთვის განსაკუთრებულად გვიზიდავდა - პიესაში ის სიმართლეს ამბობს და ამ სიმართლისთვის ისჯება. ეს უკვდავი თემებია, მუდამ აქტუალური.“
მეტი
Drake- Till Death Do Us Part რეპ-ბათლის დროს, 2021 წლის 30 ოქტომბერი, ლონგ-ბიჩში, კალიფორნია. Amy Sussman/Getty Images

დრეიკი სამი ახალი ალბომით ბრუნდება – არტისტმა ICEMAN, MAID OF HONOUR და HABIBTI გამოუშვა

თუ Iceman ან დანარჩენი ორი ალბომიდან რომელიმე Billboard 200-ის სათავეში მოექცევა, ეს დრეიკს ჩარტში რეკორდულ, მე-15 პირველ ადგილს მოუტანს, რითაც ის Jay-Z-ის გადაუსწრებს.
მეტი

GEORGIAN ON MY MIND – გიორგი გიგაშვილი და ნინი ნუცუბიძე თბილისში ერთობლივ კონცერტს გამართავენ

პროგრამის კონცეფცია დასავლური კლასიკური მუსიკისა და ქართული ფოლკლორული ტრადიციების სინთეზს ეფუძნება.
მეტი

U2 მეხიკოს მთავარ მოედანზე უფასო კონცერტის ჩასატარებლად მიიწვიეს

ჯგუფსა და მეხიკოს ადგილობრივი თვითმმართველობის ხელმძღვანელს შორის გამართული შეხვედრისას, ბონომ გამოთქვა სურვილი, რომ U2-ს შემდეგი ტურნე სწორედ ქვეყნის დედაქალაქში დაიწყოს.
მეტი

2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატის ფინალზე მადონა, შაკირა და BTS იმღერებენ

19 ივლისის მატჩი ფიფას მსოფლიო ჩემპიონატის ისტორიაში პირველი შემთხვევა იქნება, როცა ტაიმებს შორის მუსიკალური შოუ გაიმართება.
მეტი

ანანო სიხარულიძემ ახალი მუსიკალური ვიდეო –  Sweetraw წარადგინა

კლიპის ვიზუალური ესთეტიკა ტრეკის შინაარსობრივ ხაზს მიჰყვება. პერსონაჟები სხვადასხვა ტიპაჟებს განასახიერებენ, თუმცა რეალურად ისინი ერთი ადამიანის შინაგანი სამყაროს სხვადასხვა ასპექტს წარმოადგენენ.
მეტი